“მერსედესი”, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეხვდა საბურავების ცვეთასთან დაკავშირებით, ესპანეთის გრანპრის შემდეგ, საბურავების მწარმოებელ კომპანია “პირელისთან” ერთად ჩაატარა ტესტები, რისთვისაც 2013 წლის ბოლიდი გამოიყენა. ფედერაციის შეტყობინების თანახმად, მსგავსი ტესტების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ანალოგიურ შესაძლებლობას მიიღებდნენ ჩემპიონატის სხვა მონაწილეები. ტესტების შემდეგ, მონაკოს გრანპრი “მერსედესის” პილოტმა ნიკო როსბერგმა მოიგო, რასაც მოჰყვა “რედ ბულისა” და “ფერარის” მხრიდან პროტესტი.
ამასთან, ანალოგიური ტესტები ჩაატარა “ფერარიმ”, მაგრამ ეს 2011
“მერსედესის” საკითხს კი ფედერაციის სპეციალური ტრიბუნალი განიხილავს და სავარაუდოდ, გერმანელები სასჯელს ვერ გადაურჩებიან. ტრიბუნალი უფრო დეტალურად განიხილავს შესაძლო დარღვევებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. სავარაუდო სასჯელად ასახელებენ “მერსედესისთვის” კონსტრუქტორთა თასზე ქულების ნაწილის ჩამორთმევას.
2014-ში ტესტებს აბრუნებენ?
იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 2014 წელს, ფორმულა 1-ში, შესაძლოა, დაუბრუნდნენ სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებას.
შეგახსენებთ, ადრე გერმანულმა Auto Motor und Sport-მა დაწერა, რომ “ფერარის” წინადადება ტესტებზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, მონაკოში გუნდების ხელმძღვანელთა შეხვედრისას უარყვეს.
მაგრამ, “რედ ბულის” ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინამდვილეში, სეზონის მსვლელობისას ტესტების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და ეს სწორედ მონაკოში მოხდა.
ItaliaRacing-ის ცნობით, ლაპარაკია ორდღიანი ტესტების ოთხ სესიაზე, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას ევროპულ ტრასებზე გაიმართება.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე პატარა გუნდი ტესტების დაბრუნების წინააღმდეგი გამოდის, რადგან ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სატესტო ბრიგადის შექმნა, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.
ოჟიე და ფეტელი მანქანებს გაცვლიან
კლასიკურ რალიში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერი, “ფოლკსვაგენის” პილოტი, ფრანგი სებასტიან ოჟიე იმედოვნებს, რომ ფორმულა 1-ის ბოლიდის ტესტირების საშუალება ექნება. ამისთვის ოჟიემ დროებით სარბოლო მანქანების გაცვლა შესთავაზა “რედ ბულის” პილოტს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს.
“სებასტიანსაც უყვარს რალი და მას ძალიან უნდა “ფოლკგსვაგენ-პოლოს” გამოცდა.
ყოველი პილოტი ისურვებდა ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან დაჯდომას და მე გამონაკლისი არ ვარ. როცა ბოლიდში ჩავჯექი, ძალიან ვიწროდ ვიგრძენი თავი – ის ფეტელისთვის არის მომზადებული, სება კი ჩემზე გამხდარია.
მე უკვე მქონდა პატარა “ფორმულის” ბოლიდის პილოტირების საშუალება. ახლა, ვცდილობ ფორმულა 3-ის ტესტების ორგანიზებას და წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას. ამის შემდეგ ვნახავთ რა იქნება”, - განაცხადა ოჟიემ.
ამასთან, ფრანგმა ფეტელს ურჩია გამოსცადოს “ფოლკსვაგენ-პოლო” ღორღის საფარზე.
“არ ვიცი, სად ურჩევნია სებასტიანს მანქანის გამოცდა – ასფალტზე თუ ღორღზე, მაგრამ ღორღზე შეგრძნებები უკეთესია”, – ამბობს რალის ჩემპიონატის ლიდერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"