გასწრება "ლოტუსისა" და "ფერარის" საქმეა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპის წინ, რომელიც ბრიტანეთის სილვერსტოუნში გაიმართება, იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი გაანდო ჟურნალისტებს. ამით შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენის შექმნა ჩემპიონატის განვლილ ნაწილზე.

კერძოდ, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ 2013 წელს დამყარდა რეკორდი გასწრებების რაოდენობით - სულ დაფიქსირებულია 308 ასეთი მანევრი. აქამდე არასოდეს არ ყოფილა ჩემპიონატის პირველი შვიდი რბოლის შემდეგ ამდენი გასწრება.

რას უკავშირდება ეს? "პირელის" საბურავებს? DRS-ისა და KERS-ის სისტემებს? როგორიც არ უნდა იყოს ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, უნდა ვილაპარაკოთ ამ სამი ფაქტორის შეხამებაზე, მაგრამ მოყვანილი
სტატისტიკა კომენტარებსაც საჭიროებს.

"ფერარი", ამჟამად, მეორე ადგილს იკავებს გასწრებების რაოდენობით: იტალიური საჯინიბოს პილოტებმა 45 წარმატებული მანევრი შეასრულეს, რაც ერთით ნაკლებია ლიდერის - "ლოტუსის" მაჩვენებელზე. მაგრამ, "ფერარი" ლიდერობს რბოლის დროს მოპოვებული პოზიციების რაოდენობით: ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ ერთად მოიგეს 34 პოზიცია, კიმი რაიკონენისა და რომენ გროსჟანის დუეტმა - 33 პოზიცია.

ეს მაჩვენებელი ლაპარაკობს რბოლებისადმი აგრესიულ მიდგომაზე, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს გუნდები კვალიფიკაციაში არც ისე წარმატებით გამოდიან და რბოლების დროს უწევთ სიტუაციის გამოსწორება. რბოლების უმეტეს ნაწილში, ფელიპემ და ფერნანდომ შეძლეს წინსვლა. გამონაკლისი იყო მხოლოდ მონაკო და მალაიზია, რადგან სეპანგზე ესპანელი უკვე მეორე წრეზე გამოეთიშა ბრძოლას.

მასა მეორე ადგილს იკავებს იმ პილოტთა რეიტინგში, რომლებმაც განვლილ შვიდ რბოლაში ყველაზე მეტი გასწრება შეასრულეს - ბრაზილიელის მაჩვენებელი 25-ს უდრის. ეს ერთით ნაკლებია კიმი რაიკონენის შედეგზე. ფელიპეს მოჰყვება ალონსო - 20 გასწრებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა გასწრება არ შესრულებულა DRS-ის სისტემის დახმარებით: სტარტიდან პირველი ორი წრის განმავლობაში ეს სისტემა გააქტიურებული არ არის. "ფერარი" ლიდერობს პირველ წრეზე გასწრებების რაოდენობით: ამ დროს, "სკუდერიამ" ჯამში 12 პოზიცია მოიგო, რაც ორით მეტია "მაკლარენისა" და "კატერჰემის" მაჩვენებლებზე.

ნახევარი მილიონი შუმახერისგან
მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში, მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, მათ შორის, გერმანია, წყალდიდობის გამო დაზარალდა, რომელიც სარეკორდო იყო ბოლო წლებში.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა თავისი წვლილი შეიტანა დაზარალებულთა დასახმარებლად - გერმანელმა შესაბამის ფონდში საკმაოდ სოლიდური თანხა გადარიცხა: ნახევარი მილიონი ევრო.

შუმახერს პირველად არ გაუკეთებია მსგავსი ჟესტი. 2002 წელს, როცა გერმანიას "საუკუნის წყალდიდობა" დაატყდა თავს, მან ერთი მილიონი ევრო გაიღო, ხოლო, როცა 2004 წელს, აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებს გამანადგურებელმა ცუნამიმ გადაუარა, მისი წვლილი კიდევ უფრო დიდი იყო - 10 მილიონი.

ამჯერად, შუმახერმა აუქციონზე გამოიტანა თავისი ერთ-ერთი სარბოლო კომბინეზონი, რომლითაც ის "მერსედესში" გამოდიოდა. ეს რარიტეტი ყოფილი პილოტის სპონსორმა DVAG-მა შეიძინა. მიხაელმა აუქციონიდან მიღებული თანხა, დაპირებისამებრ, საკუთარი ფულით გააათმაგა და აქედან მიიღო ნახევარი მილიონი ევრო.

"როგორც ვპირდებოდით, მე და კორინამ 500 ათასი ევრო გავიღეთ, - განაცხადა გერმანულ გაზეთ "ბილდისთვის" მიცემულ კომენტარში მიხაელმა. - რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მცირე წვლილი შემოწირულობათა საერთო მასიდან, მაგრამ უბრალოდ გვსურდა, სოლიდარობა გამოგვეხატა და ასევე მიგვეღო მონაწილეობა დახმარებაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი "რედ ბულში": ალბათობა დიდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული