"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა

AutoSharing Option
ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ღია კონფლიქტში შესვლას აპირებს, - იტყობინება ინგლისური გამოცემა "თაიმსი". გუნდის ხელმძღვანელობა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა იმ მსუბუქი სასჯელის გამო, რომელიც ფედერაციის ტრიბუნალმა "მერსედესს" გამოუტანა "პირელისთან" ერთად ჩატარებული 1000-საათიანი ერთობლივი ტესტების გამო. გერმანულ საჯინიბოს მკაცრი გაფრთხილება და ახალგაზრდული ტესტებიდან მოკვეთა აკმარეს.

"რედ ბულს" მოვლენათა ამგვარი განვითარება არ აწყობს. გუნდი აპირებს დემონსტრაციულად თქვას უარი ახალგაზრდულ ტესტებზე და სეზონის მსვლელობისას კერძო ტესტები ჩაატაროს. ავსტრიელები ამგვარი ხერხით აპირებენ ღია ბოიკოტი გამოუცხადონ ავტოსპორტის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტსა და წესებს.

კუბიცა:
ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ...
როგორც უკვე ვწერდით, გასულ უქმეებზე, იტალიაში რალის ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა და იქ WRC2-ის კლასში შესანიშნავად გამოვიდა პოლონელი რობერტ კუბიცა. მან პირველი ადგილი დაიკავა თავის დივიზიონში და მეცხრე იყო საერთო კლასიფიკაციაში. ეს გახლდათ კუბიცას ზედიზედ მეორე მოგება WRC2-ის ჩათვლაში.

ეტაპის შემდეგ, პოლონელმა პილოტმა განაცხადა, რომ ჯერ მზად არ არის ფორმულა 1-ში დაბრუნებისთვის. მისი აზრით, იდაყვის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩემპიონატის ყველა ტრასაზე გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. თუმცა კუბიცას იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში 2011 წლის ავარიის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

"რთული სათქმელია, ბოლოს როდის ვიჯექი "მერსედესის" სიმულატორზე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ სწრაფი ტემპით ვპროგრესირებ. ფორმულა 1-ში გამოსვლისას სიმულატორზე არასოდეს მიმუშავია, რადგან გუნდს ის ჯერ არ ჰქონდა. სიმულატორს არ შეუძლია იმ გადატვირთვის იმიტირება, რასაც პილოტი ტრასაზე გრძნობს, მაგრამ ის ზუსტად ასახავს იმ ძალისხმევას, რაც სატერფულებისა და საჭის მოქმედებაში მოყვანისთვის არის საჭირო. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის მე დაუხმარებლად შემიძლია სიმულატორზე მუშაობა და საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოყენება.

ჯერჯერობით ჩემს გეგმებში არ შედის ფორმულა 1-ის მანქანით ტესტების გავლა, თანაც ჩვენ შევიტყვეთ, რომ საიდუმლოდ მათი ჩატარება შეუძლებელია. სინამდვილეში, მე არ მაინტერესებს უბრალოდ ტესტებში მონაწილეობა, თუ სტარტზე გასვლის პერსპექტივა არ მექნება. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემპიონატის კალენდარში შემავალი ტრასების 80 პროცენტზე შემიძლია რბოლა, დანარჩენებზე კი პრობლემები შემექმნება. მაგრამ, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში სრულიად გამოვჯანმრთელდები"
, - ამბობს კუბიცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მერსედესი" დასაჯეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული