ბრიტანეთის გრანპრი: სებასტიან ფეტელი გაჩერდა, ინტრიგა აღდგა

AutoSharing Option
სანახაობრივმა ბრიტანეთის გრანპრიმ, სადაც უამრავი საბურავი დაზიანდა, იყო ბევრი გასწრება და ფავორიტთა პრობლემები, "მერსედესს" მოუტანა ტრიუმფი. ნიკო როსბერგი პირველ ადგილზე გავიდა, ლუის ჰემილტონი - მეოთხეზე და გერმანულმა საჯინიბომ კონსტრუქტორთა თასზე "ფერარის" გაუსწრო.

საკვალიფიკაციო რბოლაში კვლავ გამოიჩინეს თავი "მერსედესის" პილოტებმა - ჰემილტონმა სეზონში მეორე და კარიერაში 28-ე პოული მოიგო, მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა როსბერგმა დაიკავა. მეორე რიგში იდგნენ "რედ ბულის" პილოტები, ათეულის ბოლო ორი პოზიცია კი კიმი რაიკონენსა და ფერნანდო ალონსოს ერგოთ.

მარკ უებერმა ტრადიციას არ უღალატა და ისევ ჩააგდო
სტარტი - ძალიან ბევრი პოზიცია დაკარგა და თან ოდნავ დააზიანა წინა ანტიფრთა რომენ გროსჟანთან შეჯახებისას. უებერის თანაგუნდელს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა: ფეტელმა თავიდანვე გაუსწრო როსბერგს და კვალში ჩაუდგა ჰემილტონს. ადრიან სუტილი მეოთხეზე გადავიდა, ფელიპე მასა კი ბრწყინვალე გარღვევით მეხუთეზე აღმოჩნდა.

სიტუაცია თანდათან სტაბილური გახდა და ასე გამოიყურებოდა: ჰემილტონი, ფეტელი და როსბერგი გარკვეული მანძილით დაშორდნენ მჭიდრო ჯგუფს. ყველაფერი თავდაყირა დადგა მერვე წრეზე, როცა ჰემილტონის ბოლიდზე უკანა მარცხენა საბურავი "აფეთქდა". პოულის მფლობელმა, რა თქმა უნდა, გამარჯვების ყველა შანსი დაკარგა.

როგორც რამდენიმე წუთის შემდეგ გაირკვა, ლუისის საბურავი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ პრობლემებისა, რომელიც რამდენიმე პილოტს შეექმნა. მეათე წრეზე მასას ბოლიდზე გამოვიდა მწყობრიდან საბურავი, მე-15 წრეზე იგივე დაემართა ჟან-ერიკ ვერნს და სწორედ ამის შემდეგ, ტრასის გასაწმენდად, რბოლის დირექციამ უსაფრთხოების მანქანა აამოქმედა.

მომსახურე პერსონალი მონდომებით მუშაობდა და თან იმას არკვევდა, რატომ გამოდიოდა მწყობრიდან მაინცდამაინც უკანა მარცხენა საბურავი. საკუთარ გამოძიებას გუნდებიც აწარმოებდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დაზიანებას იწვევდა საბურავის გადახურება და მისი აქტიური კონტაქტი ბორდიურებზე. შესაბამისად, პილოტებმა მიიღეს ინსტრუქცია, მაქსიმალურად ფრთხილად ემოძრავათ ტრასის სახიფათო მონაკვეთებზე. ამის შემდეგ იგივე პრობლემით კიდევ ორი პილოტი დაზარალდა.

ასე რომ, გერმანიის გრანპრიმდე, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება, "პირელის" საბურავების თემა ერთ-ერთი მთავარი იქნება...

ჰემილტონის გავარდნის შემდეგ ლიდერობა ფეტელმა მოიპოვა, მის უკან კი როსბერგი იმყოფებოდა. ნიკო არ აპირებდა თანამემამულისთვის გამარჯვების იოლად დათმობას და სხვაობის შემცირებას ცდილობდა. პილოტები დაახლოებით თანაბარ ტემპს აჩვენებდნენ და ისე ჩანდა, რომ სება შეინარჩუნებდა პირველობას, რაც კიდევ უფრო დააზარალებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლის ინტრიგას, მაგრამ ფინიშამდე ათი წრით ადრე გერმანელის "რედ ბულმა" სიმძლავრე დაკარგა და ფეტელი იძულებული იყო, მანქანა სტარტის ნიშნულთან, ტრასის კიდეზე გაეჩერებინა.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბოლიდის მდებარეობა სახიფათო იყო, მაგრამ ტრასაზე ისევ გამოვიდა "სეიფტი-კარი". ამით ისარგებლეს როსბერგმა, უებერმა, მასამ, გროსჟანმა და პოლ დი რესტამ და საბურავები შეცვალეს. ყველა ელოდა, რომ რბოლის განახლების შემდეგ უებერი წინ გაიჭრებოდა და ასეც მოხდა: ავსტრალიელმა ძალიან მალე გაუსწრო დანიელ რიკარდოსა და სუტილს და მესამე ადგილზე გადავიდა.

"რედ ბულის" პილოტმა მეორეზე მყოფი რაიკონენის პრესინგი დაიწყო. პილოტებმა ლამაზი ბრძოლა შემოგვთავაზეს, რომელშიც გამარჯვებული ავსტრალიელი გამოვიდა.

"ლოტუსის" გასწრების შემდეგ უებერი როსბერგსა და გამარჯვებას გამოეკიდა, მაგრამ "მერსედესის" პილოტმაც შეძლო ტემპის მომატება. მართალია, მარკი ოდნავ უფრო სწრაფი იყო, მაგრამ მას ორი-სამი წრე არ ეყო გადამწყვეტი შეტევისთვის. როსბერგი წინ დარჩა და ამ სეზონში მეორე რბოლა მოიგო.

რაიკონენმა კი მესამე ადგილიც ვერ შეინარჩუნა. გაცვეთილი საბურავებით (ფინელმა ორი პიტსტოპის ტაქტიკით იმოძრავა) მან ალონსოსა და ჰემილტონს ვერ გაუწია წინააღმდეგობა.

ბრიტანეთის გრანპრი ძალიან საინტერესო გამოვიდა, ერთი კვირის შემდეგ კი გერმანიის ეტაპი გველის. სილვერსტოუნში ფეტელის გავარდნამ პირად ჩათვლას ინტრიგა დაუბრუნა.

ბრიტანეთის გრანპრი. VIII ეტაპი
სილვერსტოუნი (52 წრე, 306.198 კმ)

1(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:32.59,456 (3 პიტსტოპი)
2(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +0,765 (3)
3(9). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +7,124 (3)
4(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +7,756 (2)
5(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +11,257 (2)
6(11). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +14,573 (4)
7(6). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +16,335 (2)
8(5). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +16,543 (2)
9(21). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +17,943 (3)
10(14). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +19,709 (3)
11(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +21,135 (2)
12(16). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +25,094 (2)
13(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +25,969 (2)
14(17). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +26,285 (4)
15(18). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) +31,613 (2)
16(19). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) +36,097 (2)
17(20). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) +1.07,660 (2)
18(22). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) +1.07,759 (3)
19(7). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (4)
20(13). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) 1 წრე (3)
21(3). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 11 წრე (2)
22(12). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 17 წრე (3)

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 219; 2. მერსედესი - 171; 3. ფერარი - 168; 4. ლოტუსი - 124; 5. ფორს ინდია - 59; 6. მაკლარენი - 37; 7. ტორო როსო - 24; 8. ზაუბერი - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული