მარკ უებერის შემცვლელს უნგრეთის შემდეგ იტყვიან

AutoSharing Option
ბრიტანეთის სილვერსტოუნში გამართული ახალგაზრდული ტესტების წინ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარკ უებერის წასვლის შემდეგ წარმოქმნილ ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას ორი პილოტი - კიმი რაიკონენი და დანიელ რიკარდო აცხადებენ.

ბევრს მიაჩნია, რომ ავსტრალიელის ადგილს კიმი რაიკონენი დაიკავებს, მაგრამ დადის ჭორები იმის შესახებ, რომ პირობები, რომელიც ფინელს აწყობს, "რედ ბულისთვის" მიუღებელია. კერძოდ, კიმის სურს, რაც შეიძლება ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა გუნდისა და მისი სპონსორების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. ავსტრიულ საჯინიბოს სებასტიან ფეტელის სახით ისედაც ჰყავს პილოტი, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.
ამიტომაც "რედ ბულმა", შესაძლოა, ზურგი შეაქციოს რაიკონენს.

ეს ყველაფერი სერიოზულად ზრდის დანიელ რიკარდოს შანსებს. ბრიტანული "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გუნდის მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უნგრეთის გრანპრის შემდეგ გამოაცხადებენ.

"გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიმდინარეობს განხილვა გუნდის შიგნით, ოფიციალურ განცხადებას კი უნგრეთის გრანპრის შემდეგ გავაკეთებთ. დანიელ რიკარდომ შესანიშნავად გაართვა თავი ახალგაზრდულ ტესტებზე მუშაობას. აგრეთვე, ჟან-ერიკ ვერნიც კარგად გამოიყურებოდა", - ამბობს მატეშიცი.

ალონსო: ფეტელს უნდა დავეწიოთ
ამ სეზონში ორი გრანპრის მომგებ ფერნანდო ალონსოს 34 ქულის გაბათილება მოუწევს სებასტიან ფეტელისთვის, რათა ისევ ჩაებას ტიტულისთვის ბრძოლაში. უნგრეთის გრანპრის წინ "ფერარის" პილოტმა შექმნილ სიტუაციას იტალიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაუკეთა კომენტარი.

"ჩვენ რამდენჯერმე აღვჭურვეთ მანქანა ტექნიკური სიახლეებით, მაგრამ, საბოლოოდ, ამან არ იმუშავა. ამიტომაც უკეთესია, არაფერი ვთქვათ და მთლიანად ბოლიდზე მუშაობაზე გადავერთოთ - მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ბრძოლაში დაბრუნებას.

ბოლო რამდენიმე წელია, სებასტიან ფეტელს დაუჯერებლად უმართლებდა. "რედ ბულის" მანქანის საჭესთან ნებისმიერი პილოტი ძლიერი კონკურენტი ხდება. ყველა, ვინც კი ახალგაზრდულ ტესტებზე RB9-ის საჭესთან დაჯდა, მაშინვე სათავეში ჩაუდგა ოქმს. ეს მანქანა სხვებზე გაცილებით კონკურენტუნარიანია.

კონკურენციის მხრივ, ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ სებასტიან ფეტელი "ფერარიში" გააგრძელებდა კარიერას. ყველა გუნდი, რომელიც ტოპ-პილოტებთან მუშაობს, უფრო მაღალ შედეგებს აღწევს, რადგან ისინი ვალდებულნი არიან, გაიმარჯვონ. გარდა ამისა, სებასტიანი ძალიან კარგი ორიენტირი იქნებოდა ჩემთვის.

უახლოეს უქმეებზე უნდა გავუსწრო ფეტელს ფინიშზე. მისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში ძალიან დიდია. ამიტომაც მისი სასწრაფოდ შემცირებაა საჭირო"
, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.
* * *
როგორც უკვე ვახსენეთ, მომავალ უქმეებზე მთავარი საავტომობილო მოვლენაა უნგრეთის გრანპრი. ბუდაპეშტში ჩემპიონატის ლიდერ ფეტელს შესანიშნავი მოტივაცია აქვს - მას არასოდეს მოუგია რბოლა "ჰუნგარორინგზე". გერმანელს გამარჯვებათა კოლექციის შევსების შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან ახალ საბურავებზე გადასვლა ძალიან აწყობს "რედ ბულს".

გერმანელის ამოცანას ოდნავ გაართულებს ის, რომ ბოქსებში სიჩქარის ახალი შეზღუდვა აიძულებს გუნდებს, გადავიდნენ უფრო ნაკლებ პიტსტოპებზე. ეს კი ავსტრიულ საჯინიბოს არ აწყობს...

უნგრეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ბუდაპეშტი (უნგრეთი)
წრის სიგრძე: 4381 მ
წრის რეკორდი: 1:19,071 (მიხაელ შუმახერი, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (Red Bull) - 157 ქულა
2. ალონსო (Ferrari) - 123
3. რაიკონენი (Lotus) - 116
4. ჰემილტონი (Mercedes) - 99
5. უებერი (Red Bull) - 93
6. როსბერგი (Mercedes) - 84
7. მასა (Ferrari) - 57
8. გროსჟანი (Lotus) - 41

უქმეების განრიგი
26 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
26 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
27 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
27 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
28 ივლისი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როცა რისკი ჩვეულებრივი ამბავია: 2013 წლის ყველა ავარია ავტოსპორტში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული