ბელგიის გრანპრის წინ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობა იყო...
- სასიამოვნოა თქვენი ხილვა ზაფხულის პაუზის შემდეგ. რა მოხდა თქვენსა და "ფერარის" პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს შორის? რა განწყობაა ამჟამად "სკუდერიაში"?
- განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ გადავხედეთ ყველა პრესკონფერენციის ჩანაწერს და მომეჩვენა, რომ ლუკა დი მონტეძემოლომდე მცდარი ინფორმაცია
არაფერი შეცვლილა, ძველებურად მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა პროგრესს მიაღწიოს. "ფერარი" - ეს არის ოჯახი, ლუკა დი მონტეძემოლო - ამ ოჯახის ნამდვილი მამა. ის ჩვენ დიდ მოტივაციას გვაძლევს.
ზაფხულის შესვენებამ კარგად ჩაიარა. დავისვენე და მოვემზადე სეზონის მეორე ნაწილისთვის. ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა გუნდთან და "ფერარის" პრეზიდენტთან, თან საუბრის თემა არ ყოფილა მხოლოდ ფორმულა 1.
ვლაპარაკობდით არდადეგებზე, "რეალისა" და "იუვენტუსის" საფეხბურთო კლუბებზე. მოკლედ, კარგი დასვენება გამოვიდა და ახლა, ისევ მზად ვართ ტიტულისთვის საბრძოლველად.
ჩემპიონობის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას. 2010 წელს, სებასტიან ფეტელს 41 ქულით ჩამოვრჩებოდი, მაგრამ სეზონის ბოლო რბოლას აბუ-დაბიში ლიდერის რანგში შევხვდი, შარშან კი ის აგებდა ჩემთან მონცას ეტაპამდე 41 ქულას, მაგრამ უკვე კორეის გრანპრისთვის ჩაუდგა სათავეში გენერალურ კლასიფიკაციას.
ბოლო ორი-სამი სეზონი გვიჩვენებს რა შეგვიძლია იმ დროს, როცა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. აუცილებელია პროგრესის მიღწევა და იმის გარანტიის მიღება, რომ ყველა დეტალს სწორი ფუნქციონირება ექნება. ამ პროგრამის რეალიზაციის პირველი ეტაპი უკვე ბელგიაში განხორციელდება. უნდა მივიღოთ სიჩქარის გაუმჯობესება და მივაღწიოთ შედეგებს, რომელსაც ჩვენგან ელიან.
- ლუკა დი მონტეძემოლოს თქვენთვის რომ დაესვა ასეთი შეკითხვა - გსურთ თუ არა მომავალ წელს "ფერარიში" დარჩენა თუ გუნდის დატოვებას აპირებთ - რას უპასუხებდით?
- ჩემი აზრით, "ფერარის" პრეზიდენტი საკმარისად ჭკვიანი ადამიანია იმისთვის, რომ ჭორი სიმართლისგან გაარჩიოს. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ფორმულა 1-ში და ვიცით, რამდენად დატვირთულია საზაფხულო პაუზა ჭორებით, ამიტომაც არასოდეს წამოჭრილა მსგავსი საკითხი. როგორც მე ვთქვი, ლუკა ყველას გვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში და საღად აფასებს სიტუაციას.
- გამოდის, რომ "ფერარიში" მომავალ წელსაც დარჩებით?
- დიახ.
- 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ "ფერარის" პრეზიდენტს საჯაროდ გაეკრიტიკებინოს ლიდერი პილოტი გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეიძლება თქვენ ამას გაუგებრობა დაარქვათ. რა დასკვნები გამოიტანეთ ამ ისტორიიდან?
- რაც არ უნდა მოიმოქმედონ "ფერარიში", ამას უფრო ფართო რეზონანსი მოჰყვება, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის შემთხვევაში, რადგან "სკუდერია" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.
ეს ცხადი გახდა ახალგაზრდულ ტესტებზე. მე ვთქვი, რომ ამ ტესტებზე არ წავიდოდი, რადგან სავარჯიშო არაფერი იყო. შეზღუდული ვიყავით საბურავების კომპლექტების რაოდენობით, არ შეგვეძლო ექსპერიმენტების ჩატარება სარბოლო მახასიათებლების მხრივ. შედეგად, გაჩნდა სტატია იმის შესახებ, რომ ალონსო სერიოზულ პოლემიკაში შევიდა "ფერარისთან", ის "პირელის" წინააღმდეგ გამოდის, ის მთელს მსოფლიოს უპირისპირდება!
როცა კიმი რაიკონენმა თქვა უარი ტესტებში მონაწილეობაზე, ეს სახალისო ეპიზოდად მიიჩნიეს. "მაკლარენის" ძირითადი პილოტები არ ჩავიდნენ ტესტებზე, მათ ნაცვლად ტრასაზე მუშაობდა გერი პაფეტი, მაგრამ არც ამას მიაქციეს ყურადღება. "ფერარი" უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს და მე და პრეზიდენტმა ესეც აღვნიშნეთ.
გარდა ამისა, სარბოლო უქმეების დროს იმართება ოთხი პრესკონფერენცია სამ სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ორი - ესპანურად. მე ჩრდილოეთ ესპანეთიდან ვარ და ჩემი ესპანური შორს არის ლიტერატურულისგან. შედეგად, შეიძლება წარმოიშვას შეცდომები და გაუგებრობები.
უნდა ვიყოთ კონცენტრირებული რბოლებზე და ვიმუშაოთ ურთიერთგაგებით, რათა ჩემპიონები გავხდეთ. აუცილებელია, რომ მთელი გუნდი ერთი მიმართულებით მოძრაობდეს და ყურადღება მიაქციოს მანქანის მოდერნიზებას, რათა შეცდომა არ გამოგვეპაროს.
- რა ფაქტორები თამაშობენ წელს გადამწყვეტ როლს ტიტულისთვის ბრძოლაში? "მერსედესის" გამარჯვებამ უნგრეთის გრანპრიზე ეს გუნდი ჩემპიონობისთვის ერთ-ერთ პრეტენდენტად აქცია. რა მოხდა?
- ჩემი აზრით, ტიტულის ბედი დამოკიდებული იქნება მომდევნო ოთხ რბოლაში ბოლიდების სიჩქარეზე. წინ სრულიად განსხვავებული ტრასები გველის, რომლებზეც მანქანის კონფიგურაციის სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენება. ამის შემდეგ გახდება გასაგები, ვინ იქნება ფეტელის მთავარი მეტოქე.
სებასტიანი - აშკარა ფავორიტია. ვნახოთ ვინ შეძლებს მის დაწევას და გერმანელისთვის ბრძოლის გამართვას.
ლუის ჰემილტონმა უნგრეთში შესანიშნავი ფორმა აჩვენა და ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისიც პრეტენზიას აცხადებს ტიტულზე. რაიკონენი ყოველთვის მიიჩნეოდა ჩემპიონობის პრეტენდენტად და იმის გათვალისწინებით, როგორ იცის "ლოტუსმა" საბურავებთან მუშაობა, ეს გუნდიც ერთ-ერთი ფავორიტია მომავალ საჩემპიონო რბოლაში.
იმედია, რომ "ფერარიც" აღმოჩნდება ამ ჯგუფში და ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი მთავარი ტექნიკური სიახლეები მონცასა და სინგაპურში გამოჩნდება. მომავალ სამ რბოლაში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"