თუმცა იტალიის გრანპრის წინ, გამარჯვებაზე პრეტენდენტთა რიცხვი საკმაოდ დიდია: აქ არის "მერსედესი", რომელიც აუცილებლად მოინდომებს სპაზე განცდილი კრახის გამო რეაბილიტაციას, ან "ფერარი", რომელიც მშობლიურ ტრასაზე მაშინაც კი ასრულებდა დუბლს, როცა რთული დროება ჰქონდა. და კიდევ "ლოტუსი", რომელიც, სავარაუდოდ, ერთი პიტსტოპის ტაქტიკას აირჩევს.
იტალიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: მონცა (იტალია)
წრის სიგრძე: 5 793 მ
წრის რეკორდი: 1:21,046 (რუბენს ბარიკელო, 2004)
საერთო ჩათვლა
2. ალონსო (Ferrari) - 151
3. ჰემილტონი (Mercedes) - 139
4. რაიკონენი (Lotus) - 134
5. უებერი (Red Bull) - 115
6. როსბერგი (Mercedes) - 96
7. მასა (Ferrari) - 67
8. გროსჟანი (Lotus) - 53
უქმეების განრიგი
7 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
7 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
8 სექტემბერი, 16:00 - რბოლა
* * *
იტალიის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა. მონცას ჩქაროსნული ტრასა მანქანის უნიკალურ აეროდინამიკურ კონფიგურაციას ითხოვს და პარასკევს დილით, პირველად ამ სეზონში, გუნდებმა მუშაობა დაიწყეს სარბოლო მახასიათებლებზე მოჭიდების მინიმალური ძალის პირობებში. არ ყოფილა არც წვიმა და არც სერიოზული ინციდენტი, ამიტომაც, ინჟინრებმა დაგეგმილი პროგრამა შეასრულეს, მრბოლელებმა კი დიდი დისტანცია გაიარეს.
სამ გუნდში მუშაობდა სარეზერვო პილოტი: "ფორს ინდიაში" ადრიან სუტილი ჯეიმს კალადომ შეცვალა, "კატერჰემში" ჰეიკი კოვალაინენი გიდო ვან დერ გრადეს ბოლიდში იჯდა, "მარუსიაში" ჟიულ ბიანკის ადგილი როდოლფო გონსალესმა დაიკავა. მეორე სესიაში ძირითადი პილოტები ტრასაზე დაბრუნდნენ.
ბევრმა გუნდმა მოამზადა სიახლე მონცასთვის. მაგალითად, "ლოტუსი" ახალ ძარას ტესტავდა, რომელსაც საბურავების გაზრდილი ბაზა აქვს. ამ მანქანაზე კიმი რაიკონენი მუშაობდა, მისი თანაგუნდელი რომენ გროსჟანი კი ძველ ვერსიას იყენებდა.
პირველი პრაქტიკა მოიგო ლუის ჰემილტონმა, რომელმაც წრე წუთსა და 25.565 წამში გაიარა. ლიდერთან წამზე ნაკლებ დროში ჩაეტია 13 პილოტი.
მეორე სესიის დროს მიმდინარეობდა მუშაობა საბურავების ორ შემადგენლობაზე. ამჯერად იყო ავარიები და შეცდომები, მაგრამ ტექნიკა სერიოზულად არ დაზიანებულა. პილოტები ადაპტაციას ცდილობდნენ მოჭიდების მინიმალურ ძალასთან და შეცდომებიც ამას მოჰყვა.
ამჯერად, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სებასტიან ფეტელმა. ის ერთადერთი იყო იმ დღეს, ვინც წრე წუთსა და 25 წამზე ნაკლებ დროში დაფარა - 1:24.453. "ლოტუსის" პილოტებმა, რომლებიც სხვადასხვა ბოლიდით მოძრაობდნენ, ერთნაირი დრო აჩვენეს.
მეორე პრაქტიკის შემდეგ, კიმი რაიკონენმა აღნიშნა, რომ ახლა "ლოტუსი" რთულ სიტუაციაშია. მისი თქმით, ტიტულისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, არ მოხერხდება.
"ყველაფერი ძალიან რთულადაა, - ამბობს "ავტოსპორტთან" კომენტარში ფინელი. - იმაზე რთულად, ვიდრე ეს წინა რბოლის წინ იყო. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მოვინდომებთ და ვნახავთ, რომელ ადგილს დავიკავებთ. სავარაუდოდ, ტიტულისთვის ვერ ვიბრძოლებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებს ჩამორჩენის შესამცირებლად".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"