- სერ ჯეკი, გამოვიდა რონ ჰოვარდის ფილმი Rush-ი, რომელშიც ასახულია ჯეიმს ჰანტისა და ნიკი ლაუდას ბრძოლა 1976 წელს...
- მათი ბრძოლა არ ყოფილა კლასიკური! ლაუდა გაცილებით კარგი იყო. ის ბრწყინვალე პილოტი გახლდათ. ჯეიმს ჰანტი კი კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ არა დიადი. იაპონიაში ფინალური რბოლა, რომელშიც ტიტულის ბედი წყდებოდა, საშინელი წვიმის თანხლებით მიდიოდა. დღეს ასეთ პირობებში
ლაუდას გადაწყვეტილება - ორი წრის შემდეგ შეეწყვიტა ბრძოლა, იმას ეფუძნებოდა, რომ მან რამდენიმე თვით ადრე საშინელი ავარია განიცადა და ვერ ხედავდა დიდ რისკზე წასვლის აუცილებლობას. რატომ უნდა წასულიყო ის სიკვდილზე, როცა ძალიან ახლოს იყო ამასთან "ნიურბურგრინგზე"?
- რატომ გააგრძელა ბრძოლა ჰანტმა?
- ჰანტს ძალიან სერიოზული განწყობა ჰქონდა და ამის წყალობიით მოიგო კიდეც ჩემპიონატი. სავარაუდოდ, მას არ უნდოდა ასე გამხდარიყო ჩემპიონი. რომ არა ლაუდას ავარია, ნიკი აუცილებლად მოიგებდა ტიტულს.
- როგორ აფასებთ დღევანდელობის საუკეთესო პილოტებს - ალონსოსა და ფეტელს?
- ალონსო და ფეტელი ძალიან სწრაფები არიან, მაგრამ ფერნანდო უკეთ იყენებს გონებას, ფეტელი კი ყველაზე განვითარებული 25 წლის პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ის განვითარების მხრივ ჯერ კიდევ ჩამორჩება ალონსოს – სხვა შემთხვევაში, არ გაუსწრებდა მალაიზიაში თანაგუნდელ უებერს. როცა გუნდის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ არ შეიძლება რაღაცის გაკეთება, არ უნდა გააკეთო.
- თქვენ გიწოდებენ ყველა დროის ხუთ საუკეთესო პილოტს შორის ერთ-ერთს. ვინ არის უდიადეს პილოტებს შორის თქვენი პირადი ფავორიტი?
- იმ პილოტებს შორის, რომლებთან ერთადაც ტრასაზე გავსულვარ, საუკეთესო იყო ჯიმ კლარკი. ჩემი გმირი კი ხუან-მანუელ ფანხიო იყო. მე მქონდა მასთან დამეგობრების ბედნიერება, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მესმოდა ესპანური, მან კი თითქმის არ იცოდა ინგლისური.
ჩემთვის ფანხიო იყო ყველაზე მრავალმხრივი პილოტი, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი. როცა სპორტიდან წავიდა, მას ჰქონდა საკმარისი ღირსება და სტილი იმისთვის, რომ სპორტის სიმბოლოდ დარჩენილიყო. ის გახდა “მერსედესის” პრეზიდენტი არგენტინაში და აწყობდა თავის ურთიერთობებს გლობალურ დონეზე.
- თქვენ მეგობრობდით ჯიმ კლარკთან...
- კლარკი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ერთ ბინაში ვცხოვრობდით ლონდონში, ორივენი შოტლანდიელები ვიყავით. საკმაოდ მორცხვი და მოკრძალებული იყო, მაგრამ ის გახლდათ ადამიანი, რომელიც მზად იყო, ფორმულა 1-ში ბოლომდე ებრძოლა. იმ პერიოდში, როცა ერთად გამოვდიოდით, ჩვენ “ბეტმენსა და რობინს” გვიწოდებდნენ. მაშინ ხშირად განვმარტავდი - ვინ იყო ჩვენ შორის ბეტმენი და ვინ - რობინი. როცა ის 1968-ში დაიღუპა, მე დავიკავე მისი ადგილი ფორმულა 1-ში ნომერ პირველი პილოტის რანგში.
- როგორ იმოქმედა თქვენზე მისმა სიკვდილმა?
- ეს იყო ჩემს მეხსიერებაში რბოლებში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მომენტი. გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, მინდოდა, მებრძოლა იმისთვის, რომ რბოლები მაქსიმალურად უსაფრთხო გამხდარიყო, გვეიძულებინა ტრასების ხელმძღვანელები, გადაედგათ საჭირო ნაბიჯები პილოტების დასაცავად. ძალიან რთული აღმოჩნდა მათი დარწმუნება იმაში, რომ ფული დაეხარჯათ უსაფრთხოების ბარიერებისა და სამედიცინო ცენტრების ასაგებად.
ეს არის იმ წლების რბოლების შავი მხარე. იმ დღეებში ეტაპების მეპატრონეები ძალიან ჯიუტები იყვნენ. მათი განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი იყო - თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ შინ წახვიდეთ.
- რომელი ტრასა იყო იმ დროს ყველაზე სახიფათო?
- "ნიურბურგრინგი". იქ არ იყო არანაირი ბარიერი, არადა, პილოტები საათში 300 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებდნენ. რბოლის დროს მხედველობის არეალი მხოლოდ 50 მეტრი იყო. ერთ წრეზე 178 მოსახვევის გავლა გიწევდა, კარგ ამინდში მანქანა 13-ჯერ ადიოდა ჰაერში.
"ნიურბურგრინგზე" გამოსვლისას იცოდი, რომ ტრასის მიღმა ვერ გადახვიდოდი ხეების გამო. ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და 1970 წელს დავხურე ეს ტრასა, რადგან მათ არაფრის გაკეთება არ უნდოდათ უსაფრთხოების მიმართულებით.
- დღეს რატომ არ მეგობრობენ პილოტები ერთმანეთში? თქვენს დროს პილოტებს ხშირად ხედავდნენ ერთად სადილზე რბოლის წინ.
- ამბობენ, რომ ამის მიზეზია სასპონსორო ვალდებულებები და პილოტები ვეღარ იცლიან მეგობრობისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. თავის დროზე, მე უფრო მეტი საკონტრაქტო ვალდებულება მქონდა, ვიდრე თანამედროვე პილოტებს. 1971 წელს 86-ჯერ გადავლახე ატლანტის ოკეანე, პარალელურად, ფორმულა 1-ში გამოვდიოდი.
დღეს ყოველ პილოტს აქვს საკუთარი მოტორჰოუმი, ჰყავთ მასაჟისტები, გააჩნიათ საკუთარი თვითმფრინავები, მათ გარშემო მუდმივად არიან მრჩევლები. ჩვენს დროში ასეთი კომფორტი არავის ჰქონდა. ჯიმ კლარკი, იოხენ რინდტი, ფრანსუა სევერი, პირს კარიჯი - ერთმანეთთან შინ ვჩერდებოდით და შვებულებაშიც ერთად მივდიოდით. ჩვენ ერთგვარი საძმო გვქონდა და ვგრძნობდით კავშირს, რომელიც, ნაწილობრივ, იქიდანაც მოდის, რომ ბევრი ჩვენგანი ყოველ წელს იღუპებოდა. ამიტომაც ის დრო, რომელსაც ერთად ვატარებდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
60-70-იან წლებში ვსაუზმობდით, ვსადილობდით და ვვახშმობდით ერთად. დღეს კი ერთი გუნდის პილოტებს მხოლოდ ბრიფინგებზე აქვთ ურთიერთობა.
- როგორ ებრძოდით "სიკვდილის მოჩვენებას", რომელიც ყოველი რბოლის დროს თქვენ გვერდით იყო?
- ჩვენ ვისწავლეთ ამით ცხოვრება... დავითვალე, რომ ზოგიერთ სეზონში ყოველ რბოლაში ჩემი დაღუპვის შანსი ორი მესამედი იყო. სხვანაირად თქმაც შემიძლია: მე დავსწრებივარ უფრო მეტ დაკრძალვას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ. საშინელი სანახავი იყო, როგორ იწვებოდნენ სხვა პილოტები საკუთარ ბოლიდებში, რადგან ხშირად, ავარიის დროს საწვავი იწვოდა და პილოტი იქამდე იღუპებოდა, სანამ რაიმეს გაკეთებას მოასწრებდა. უილიამსონი, ბანდინი - ისინი თავიანთ მანქანებში დაიწვნენ.
19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ში ბოლო ადამიანი დაიღუპა. ეს იყო აირტონ სენა. ჩემს დროს სხვანაირად იყო: 1968 წელს, 7 აპრილს დაიღუპა ჯიმ კლარკი, 7 მაისს - მაიკ სპენსი, 7 ივნისს - სკაფარიო, 7 ივლისს - ჯო შლესერი... მახსოვს, იმ წელს, როცა "ნიურბურგრინგზე" გავიმარჯვე, ბოლიდიდან ამოსვლისთანავე, პირველ რიგში, ვიკითხე - ვინმე ხომ არ დაღუპულა? ჩვენს დროს სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"