ეტაპის ფავორიტი აშკარაა, რადგან წინა წლებში "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა აქ ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ მეორე ადგილი დაიკავა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ "მერსედესის" პილოტები, რომლებიც ამ სეზონში შესანიშნავად გამოდიან ნელ ტრასებზე.
სინგაპურის გრანპრი
ჩატარების ადგილი: სინგაპური
წრის სიგრძე: 5 065 მ
წრის რეკორდი: 1:45,599 (კიმი რაიკონენი, 2008)
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი
2. ალონსო (Ferrari) - 169
3. ჰემილტონი (Mercedes) - 141
4. რაიკონენი (Lotus) - 134
5. უებერი (Red Bull) - 130
6. როსბერგი (Mercedes) - 104
7. მასა (Ferrari) - 69
8. გროსჟანი (Lotus) - 57
უქმეების განრიგი
20 სექტემბერი, 14:00 - I პრაქტიკა
20 სექტემბერი, 17:30 - II პრაქტიკა
21 სექტემბერი, 14:00 - III პრაქტიკა
21 სექტემბერი, 17:00 - კვალიფიკაცია
22 სექტემბერი, 16:00 - რბოლა
"ფერარი" ნებდება?
"ფერარის" ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ აღიარა, რომ მისი გუნდი ახლოსაა იმასთან, რომ თავისი რესურსი მთლიანად მიმართოს 2014 წლის ბოლიდის შესაქმნელად და აღარ გააგრძელოს ბრძოლა ამ სეზონის ტიტულისთვის.
"სინგაპურის რბოლის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას და გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ. უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაანალიზოთ - რაში შეიძლება ვიყოთ საუკეთესონი მომავალ რბოლებში.
ასე რომ, თუ სინგაპურში ლიდერთან ჩამორჩენა გაიზრდება, უაზრობა გახდება იმაზე ფიქრი, რომ დროის 0.1 წამით გაუმჯობესება საკმარისი იქნება "რედ ბულთან" მიახლოებისთვის.
მოკლედ, გადაწყვეტილებას მივიღებთ სინგაპურის გრანპრის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე არ შევაჩერებთ მუშაობას, რადგან გვინდა, კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ", - ამბობს დომენიკალი.
რაიკონენი: წავედი ფულის გამო
"ლოტუსის" პილოტმა კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ ფინანსური ფაქტორი გახდა მისი "ფერარიში" გადაბარგების მთავარი მიზეზი.
როგორც იცით, ფინელი პილოტი, რომელიც ორი წელია "ლოტუსში" გამოდის, 2014 წელს "ფერარიში" გადავა და ფერნანდო ალონსოს პარტნიორი გახდება. პრესის ინფორმაციით, "ლოტუსმა" პრემიალური თანხების გადახდა დაუგვიანა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს.
"მე მიყვარს რბოლა - ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდში გამოვალ. მიზეზები, რის გამოც ფულს არ მიხდიდნენ, თქვენ შეიძლება გუნდში დააზუსტოთ, მაგრამ მე "ლოტუსიდან" მხოლოდ ფულის გამო მივდივარ - ვერ ვიღებდი აქ კუთვნილ ხელფასს. სამწუხარო მომენტია, მაგრამ დარჩენილ ბრძოლებში მაქსიმალურად მოვინდომებ, რათა გუნდს დავეხმარო", - განაცხადა რაიკონენმა.
"მაკლარენი" მომავალზე ფიქრობს
ბრიტანული საჯინიბოს, "მაკლარენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან ნილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გუნდი აპირებს, შანსი მისცეს ორ ახალგაზრდა პილოტს - კევინ მაგნუსენსა და სტოფელ ვანდორნს. მისი სიტყვებით, ამ პილოტებთან დაკავშირებით გუნდს შორსმიმავალი დიდი გეგმები აქვს.
"დეტალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს "რენოს" მსოფლიოს სერიის საუკეთესო პილოტებთან - კევინ მაგნუსენთან და სტოფელ ვანდორნთან დაკავშირებით, მომავალში დიდი გეგმები გვაქვს, - მოჰყავს Autosport-ს ნილის სიტყვები. – ვფიქრობ, პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ ამ ორმა შესანიშნავმა პილოტმა გაიკვლიოს გზა ფორმულა 1-ში. ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ეს ბიჭები მოხვდებიან "დიდ ცირკში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ფერარის" პრეზიდენტი: სისულელეა! მასა ალონსოს დაეხმარება