ინდოეთის ეტაპი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ინდოეთში უნდა გაიმართოს მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი, თუმცა ეს რბოლა ჩაშლის პირასაა.

ინდურმა სასამართლომ 25 ოქტომბერს უნდა განიხილოს ეტაპის გაუქმების შესახებ სარჩელი. საქმე ისაა, რომ რბოლის ორგანიზატორებს არ გადაუხდიათ გართობის გადასახადი, რომელიც ინდოეთში მოქმედებს.

სარჩელი შეიტანა ინდოეთის გრანპრის გაუქმების აქტივისტმა ამით ქუმარმა. მანვე 2011 წელს დაამტკიცა, რომ ფორმულა 1 - ეს არის გართობა და არა სპორტი და შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე არ უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები. ორი წლის წინ უმაღლესმა სასამართლომ გრანპრის ორგანიზატორები დაავალდებულა, "გაეყინათ" ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის
25 პროცენტი იქამდე, სანამ დარეგულირდება საგადასახადო დავა იმ შტატთან, რომელშიც ეტაპი ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში სამეფო რბოლების გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ ინდოეთის გრანპრი მომავალ სეზონში არ გაიმართება, მაგრამ დაბრუნდება 2015 წელს. ეს უკავშირდება ეტაპის გადატანას სეზონის პირველ ნახევარში.

მასა უკვე "უილიამსშია"?
როგორც ბრაზილიური გამოცემა Diario Motorsport-ი ამტკიცებს, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ საჯინიბო "უილიამსთან". უფრო მეტიც, იტყობინებიან, რომ ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში ან საათებში გამოაცხადებენ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ფელიპე "უილიამსში" შეცვლის ვენესუელელ პასტორ მალდონადოს და თან, ამ გუნდის ბოლიდით გამოსვლისთვის თანხას არ გადაიხდის. სხვათა შორის, ფელიპე უკვე დარეგისტრირდა "უილიამსის" ოფიციალურ "ტვიტერზე" და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ტაკი ინუე მიიჩნევს, რომ ეს კარგი ნიშანია "ფერარის" ამჟამინდელი წევრისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ტორო როსომ" რუსი აირჩია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული