ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი

AutoSharing Option
ინდოეთში სებასტიან ფეტელმა და "რედ ბულმა" ვადაზე ადრე მოიპოვეს ტიტული და კონსტრუქტორთა თასი და აბუ დაბიში ოთხგზის ჩემპიონის რანგი ჩავიდნენ. ამ უქმეების მსვლელობისას, ავსტრიული საჯინიბოს პილოტები ასევე დომინირებდნენ - მოიგეს სამიდან ორი თავისუფალი პრაქტიკა, შაბათს კი კვალიფიკაციისას პირველი ორი სასტარტო პოზიცია მოიპოვეს: პირველი იყო მარკ უებერი, მეორე - ფეტელი.

კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ სტიუარდებმა გააუქმეს კიმი რაიკონენის შედეგი, რადგან ფინელის ბოლიდი არ შეესაბამებოდა რეგლამენტს. შემოწმებისას, მანქანის ძირი დატვირთვის შედეგად დაშვებულზე 5 მილიმეტრით უფრო მეტად მოიღუნა. ასე რომ, კიმიმ 22-ე პოზიციიდან აიღო
სტარტი.

რაც შეეხება გუნდების მოსალოდნელ ტაქტიკას, წინა ეტაპისგან განსხვავებით, "სოფტის" საბურავების ცვეთის ხარისხი მაღალი არ იყო და შესაბამისად, ვარაუდობდნენ ერთი პიტსტოპის ტაქტიკას, მაგრამ, საბოლოოდ, ასეთი სტრატეგია მხოლოდ "ფორს ინდიამ" აირჩია.

სტარტი
მარკ უებერის პოული ყოველთვის ინტრიგაა იმ მხრივ, რომ ავსტრალიელს სტარტი იშვიათად გამოსდის. ამიტომაც ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ის სასტარტო პოზიციის შენარჩუნებას. ვეტერანს ეს არ გამოუვიდა და მისი გამარჯვების შანსი პირველივე მეტრებიდან შემცირდა. პირველი მოსახვევის შემდეგ მარკი მხოლოდ მესამე იყო, ლიდერი კი ფეტელი გახდა, რომელსაც ნიკო როსბერგი გამოედევნა.

შესანიშნავი სტარტი აიღო რომენ გროსჟანმა - მან ლუის ჰემილტონსა და ნიკო ჰიულკენბერგს გაუსწრო.

რაც შეეხება "ლოტუსში" გროსჟანის მეწყვილეს, კიმი რაიკონენს, მისთვის რბოლა დაწყებისთანავე დასრულდა: პირველ მოსახვევში კიმიმ წინა დაკიდება დააზიანა, რადგან ერთ-ერთ "კატერჰემთან" ვერ გაიყო ტრასა. ეს სერიოზული დარტყმა იყო "ლოტუსისთვის", რომელიც კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის იბრძვის. პირველი წრე ასევე წარუმატებელი გამოდგა ჯენსონ ბატონისთვის, რომელმაც წინა ანტიფრთა დააზიანა და მაშინვე ბოქსებისკენ გაეშურა.

ფეტელი და დანარჩენები
სტარტის შემდეგ დაწინაურებულმა ფეტელმა მაშინვე დაიწყო ინტრიგის განადგურება - გერმანელი ყოველ წრეზე თითქმის წამს უგებდა როსბერგს. ნიკოს სავსებით აწყობდა მეორე პოზიცია, მის უკან კი უებერი უფრო იმაზე ფიქრობდა, როგორმე კომფორტული მანძილით ჩამოეშორებინა გროსჟანი, რომელიც "რედ ბულთან" ბრძოლას აპირებდა.

გარდა ამისა, ფეტელი შესანიშნავად გრძნობდა თავს "სოფტის" საბურავებით. ამ დროს კი ყველა მისი მდევარი უკვე მეათე წრისთვის გაემართა ბოქსებში ახალი საბურავებისთვის. სება დამაჯერებლად გამოიყურებოდა ტრასაზე, ხოლო მისი გვიანი პირველი პიტსტოპი რბოლის ბოლოს უფრო ახალი საბურავების გარანტია იქნებოდა.

ასევე არ ჩქარობდნენ ბოქსებში შესვლას "ფერარის" წყვილი, ორივე "ფორს ინდია", ჟან-ერიკ ვერნი და ესტებან გუტიერესი. ამან გამოიწვია გასწრებები: ყველაზე აქტიურად ბოქსებში უკვე ნამყოფ პილოტებს ადრიან სუტილი და გუტიერესი ებრძოდნენ: ადრიანი გროსჟანს ეწინააღმდეგებოდა, ესტებანმა კი ბოლომდე დაიცვა თავისი პოზიცია ჰემილტონთან და ჰიულკენბერგთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი ამან დააზარალა, რადგან ფელიპე მასამ გვიანი პირველი პიტსტოპის შემდეგ გაუსწრო გერმანელს.

ლიდერებს შორის ბრძოლაზე გავლენა იქონია პოლ დი რესტამაც, რომელიც "ფერარის" პიტსტოპების შემდეგ ცოტა ხანი მეორე ადგილზე იყო. როსბერგმა სწრაფად ვერ შეძლო მისი გასწრება და თავად გახდა უებერის შეტევის მსხვერპლი. ავსტრალიელი მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა ფეტელთან ძალიან ბევრს - 27 წამს აგებდა.

თავისი პიტსტოპის შემდეგ გამოცოცხლდა ალონსო: მან ერთმანეთის მიყოლებით გაუსწრო სერხიო პერესსა და ვალტერი ბოტასს და მეცხრე ადგილზე გადავიდა. მერვე ადგილზე ამ დროს სუტილი იყო, რომელმაც ძალიან გაწელა ბოქსებში შესვლა და მის უკან მჭიდრო ჯგუფი შეიქმნა ჰემილტონის, მასას, ჰიულკენბერგისა და ალონსოს შემადგენლობით.

საერთოდ, "ფერარი", კვალიფიკაციისგან განსხვავებით, რბოლაში უფრო კარგად გამოიყურებოდა, რაც დაადასტურა მასამ, როცა ჰემილტონს გაუსწრო. ლუისი სუტილს უტევდა, ეს უკანასკნელი ახერხებდა კონტრშეტევას და სწორედ ამ დროს მასამ შიდა რადიუსით აჯობა ბრიტანელს.

ამასობაში ალონსომ ჰიულკენბერგი ჩამოიტოვა უკან, მიუხედავად იმისა, რომ "ზაუბერის" პილოტი ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ამის შემდეგ ნიკომ ბოქსებში შესვლა გადაწყვიტა და სერიოზული უსიამოვნება შეემთხვა: სტიუარდებმა გადაწყვიტეს, რომ მექანიკოსებმა გერმანელი პიტსტოპიდან სახიფათოდ გამოუშვეს და ჰიულკენბერგმა ჯარიმა მიიღო პიტლეინზე შესვლის სახით. ამით გერმანელი გამოემშვიდობა ქულათა ზონაზე ფიქრს.

ამასობაში ლიდერებმა მეორე პიტსტოპზე შესვლა დაიწყეს. ბევრს ეგონა, რომ "ლოტუსი" ტრადიციულ სტრატეგიას აირჩევდა: ერთი პიტსტოპის ტაქტიკაზე წავიდოდა და მეტოქეები მის დაწევას შეეცდებოდნენ, მაგრამ რომენმაც გადაწყვიტა მეორედ საბურავების შეცვლა. ასე რომ, უებერი მეორე დარჩა, როსბერგისა და გროსჟანის წინ.

დანარჩენები ძალიან იყვნენ ჩამორჩენილები: გროსჟანი 25 წამს უგებდა დი რესტას, რომელმაც ერთი პიტსტოპის ტაქტიკის წყალობით მეექვსე პოზიციას მიაღწია. პოლს ეწეოდნენ ჰემილტონი და ალონსო, რომელმაც გარკვეულ მომენტში გაზარდა ტემპი და მეორე პიტსტოპების შემდეგ მასა უკან ჩამოიტოვა.

ამასობაში მცირე პრობლემები შეექმნა დი რესტას. სანამ მასზე შეტევას აპირებდა ჰემილტონი, ლუისს თავად ალონსომ გაუსწრო. ესპანელს კარგი გარღვევა გამოუვიდა: მეათე პოზიციიდან აიღო სტარტი და მეხუთე ადგილზე გავიდა. ლუისი მეშვიდე დარჩა. ქულათა ზონა შეავსეს მასამ, პერესმა და სუტილმა.

წინ არანაირი მოულოდნელობა არ მომხდარა: სებასტიან ფეტელმა ყველა საკითხი ჯერ კიდევ სტარტზე გადაწყვიტა და უკვე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გაიფორმა - ეს არის მიხაელ შუმახერის საუკეთესო შედეგის გამეორება. ალბერტო ასკარის "მუდმივ" რეკორდამდე (9) მას სულ ცოტა სჭირდება - 2013 წლის სეზონის დარჩენილი ორი რბოლის მოგება.

აბუ დაბის გრან-პრი. XVII ეტაპი
იას მარინა (55 წრე, 305.355 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:38.06,106 (2 პიტსტოპი)
2(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +30,829 (2)
3(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +33,650 (2)
4(6). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +34,802 (2)
5(10). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1.07,181 (2)
6(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.18,174 (1)
7(4). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +1.19,267 (2)
8(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.22,886 (2)
9(8). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +1.31,198 (2)
10(17). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.33,257 (1)

11(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.35,989 (2)
12(12). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.43,767 (2)
13(16). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.44,295 (2)
14(5). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) 1 წრე (3)
15(15). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (2)
16(9). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (2)
17(13). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (2)
18(18). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (2)
19(19). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (2)
20(21). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (2)
21(20). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
22(22). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) 55 წრე

საერთო ჩათვლა
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 513; 2. მერსედესი - 334; 3. ფერარი - 323; 4. ლოტუსი - 297; 5. მაკლარენი - 95; 6. ფორს ინდია - 77; 7. ზაუბერი - 45; 8. ტორო როსო - 32; 9. უილიამსი - 1.

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: მეორე ადგილისთვის აბუ დაბიში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული