პირველ წრეზე მოხდა ამ რბოლის ერთადერთი ავარია, რომლის პროვოცირება "ფორს ინდიას" პილოტმა ადრიან სუტილმა გამოიწვია: მას კონტაქტი ჰქონდა "უილიამსის" წევრის, პასტორ მალდონადოს ბოლიდთან, რასაც გერმანელის ტრასიდან გადავარდნა და ბარიერთან შეჯახება
წინ ყველაფერი ტრადიციულად იყო: ფეტელმა პირველივე წრეებზე შექმნა კომფორტული უპირატესობა გროსჟანთან და შეეძლო არ ენერვიულა თავის ლიდერობაზე. ჰემილტონმა კი ვერ შეძლო "ლოტუსისთვის" კონკურენციის გაწევა და მალე უებერის შეტევების მოგერიება მოუწია. ეს ბრძოლა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან მარკმა ძალიან მალე შეძლო ბრიტანელისთვის მესამე ადგილის წართმევა.
აშკარად ჩანდა, რომ რბოლის დარჩენილ ნაწილში მთავარი ინტრიგა გროსჟანსა და უებერს შორის მეორე ადგილისთვის ბრძოლა იქნებოდა. სარბოლო ტაქტიკის მხრივ, მრავალფეროვნება არ ყოფილა: უმეტესობას ერთი პიტსტოპის ტაქტიკა ჰქონდა არჩეული და სწორედ პიტსტოპების შემდეგ ავსტრალიელი მკვეთრად მიუახლოვდა ფრანგს - ჩამორჩენა წამამდე დავიდა.
საბოლოოდ, ეს სხვაობა ერთ-სამ წამში მერყეობდა და ყველა იმის მოლოდინში იყო - როდის შეუტევდა უებერი გროსჟანს. თუმცა ისიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ "რედ ბულის" პილოტს კვლავ უშლიდა ხელს ტექნიკური პრობლემები - ამჯერად წარმოიშვა ძლიერი ვიბრაცია დამუხრუჭების დროს.
სანამ უებერი შეტევისთვის ემზადებოდა, ფერნანდო ალონსომ შესამჩნევად გაზარდა ტემპი და წინ მყოფ ჰიულკენბერგს ყოველ წრეზე ნახევარ წამს უგებდა. მათ შორის ბრძოლა არ შედგა: "ფერარის" პილოტი მკვეთრად გაიჭრა წინ და მეხუთე ადგილი წაართვა გერმანელს. ამის შემდეგ ისეთი სურათი შეიქმნა, რომ ალონსო ჰემილტონსაც დაეწეოდა, მაგრამ ლუისმა არ მისცა ესპანელს მიახლოების საშუალება.
რაც შეეხება უებერს, მან ვერ შეძლო გროსჟანისთვის პრობლემების შექმნა. სამაგიეროდ, პუბლიკა გაახალისა ჰიულკენბერგმა. ფინიშთან ახლოს გერმანელს კვლავ ალონსოზე კარგი ტემპი ჰქონდა და ბოლოსწინა წრეზე ნიკომ ესპანელის გასწრება სცადა, მაგრამ ფერნანდომ კარგად ჩაკეტა ტრაექტორია და წინ დარჩა.
სებასტიან ფეტელმა კი მორიგი ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და ფორმულა 1-ის ახალი რეკორდი დაამყარა - აქამდე არავის მოუგია "დიდ ცირკში" ზედიზედ რვა ეტაპი.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ პუბლიკას! კვირას ტრიბუნებზე 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, არადა, ეს მხოლოდ მეორე რბოლა იყო ამ ტრასაზე. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა სეზონში. მთელი ოსტინი გაგიჟებულია ფორმულა 1-ის გამო.
მანქანა შესანიშნავად მუშაობდა. სტარტზე სიტუაცია საკმაოდ რთული იყო, რადგან რომენ გროსჟანმა ბრწყინვალედ წარმართა პირველი მეტრები და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პოზიციას შევინარჩუნებდი. პირველ მოსახვევში დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ შემდეგ შევძელი საჭირო ჰანდიკაპის შექმნა, რაშიც მანქანა დამეხმარა. ამის წყალობით, ვაკონტროლებდი სხვაობას და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოვიპოვე.
ჩემი დებიუტი ფორმულა 1-ში 2007 წელს, ინდიანაპოლისში შედგა. შარშან აქ პოდიუმზე ავედი, დღეს კი გავიმარჯვე - ეს დაუჯერებელია! ახლა შევეცდები, ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოვიპოვო", - განაცხადა რბოლის შემდეგ ფეტელმა.
ვიცე-ჩემპიონი ალონსოა
აშშ-ის გრანპრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ფერნანდო ალონსომ ოფიციალურად გაიფორმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ესპანელმა პილოტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია შედეგით, მაგრამ დანებებას არ აპირებს და "ფერარისთან" ერთად გააგრძელებს კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლას.
"პირველ ხუთეულში ფინიში შეიძლება კარგ შედეგად მივიჩნიოთ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიდიოდა ჩვენთვის ეს უქმეები. რბოლის პირველ ნახევარში არასაკმარისად სწრაფები ვიყავით, მაგრამ "ჰარდის" საბურავებზე გადასვლის შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდით და შევძლი პერესისა და ჰულკენბერგის გასწრება. ვამაყობ იმით, რომ პირად ჩათვლაში მეორე ადგილი დავიკავე - სასიამოვნოა, რომ საუკეთესო ვარ "რედ ბულის" შემდეგ.
ჩემს ზურგთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია - რბოლის წინ კარგად გავხურდი და ტრავმა არ მაწუხებდა. ფინიშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ბრაზილიის ეტაპამდე რამდენიმე დღე რჩება და მოვასწრებ ძალების აღდგენას. უნდა შევძლოთ პროგრესი, რადგან ჩვენი მიზანი - კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილია", - აღნიშნა ალონსომ.
"რედ ბულის" 1.923 წამი და "ბოტასის" პირველი ქულები
რბოლაში სხვა მნიშვნელოვან მომენტებსაც ჰქონდა ადგილი. გარდა იმისა, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ რვა რბოლა მოიგო, "რედ ბულმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - მარკ უებერის პიტსტოპისას ოთხივე საბურავი 1.923 წამში გამოცვალა, რაც ერთი მეათედით უკეთესია "მერსედესის" სარეკორდო დროზე.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსტინში რბოლა შედეგიანი აღმოჩნდა "უილიამსისთვის". კერძოდ, მერვე ადგილის წყალობით, ვალტერი ბოტასმა ოთხი ქულა მოიპოვა. ეს იყო პირველი ქულები ფინელის კარიერაში.
ფორმულაზე შეყვარებული 250 324 ამერიკელი
ოსტინში შესანიშნავი იყო დასწრება, რაც აქარწყლებს სკეპტიკოსთა აზრს აშშ-ში ფორმულა 1-ის ნაკლები პოპულარობის შესახებ. კვირას, დილით, ავტოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სერიოზული საცობები შეიქმნა და იგივე სიტუაცია განმეორდა გრანპრის შემდეგ.
სამი დღის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებში დაფიქსირდა 250 324 ადამიანის შესვლა: 58 276 პარასკევს, 78 886 - შაბათს და 113 162 - კვირას.
გასულ წელს ოსტინის სადებიუტო გრანპრის დაესწრო 265 499 ადამიანი, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ საფუძვლად უნდა აიღონ მეორე რბოლაზე დასწრების რიცხვი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ტექსასში ფორმულა 1 შეიყვარეს.
"მერსედესში" კმაყოფილები არიან
სეზონის დარჩენილ ნაწილში ერთ-ერთი ინტრიგაა კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ამ მხრივ, ამერიკის გრანპრის შედეგებით კმაყოფილი დარჩა "მერსედესი" - ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი პირველ ათეულში მოხვდნენ, რითაც გაზარდეს უპირატესობა "ფერარისთან".
"მანქანის სიჩქარის გათვალისწინებით, კარგი რბოლა ჩავატარეთ. საჭირო იყო ტემპის შეყოვნება და ამის გამო ჩვენი პილოტები სრული ძალით არ უტევდნენ. ლუისს ფანტასტიკური სტარტი გამოუვიდა - მან შეძლო მარკ უებერის გასწრება, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ თუ უებერის დაყოვნებას გავაგრძელებდით, შეიძლებოდა ვერ გაგვევლო მთელი დისტანცია ერთი პიტსტოპით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ამბობს "მერსედესის" შეფი როს ბრაუნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსოს აშშ-ში ვნახავთ