"ფერარი" ალონსოზე არ ნერვიულობს

AutoSharing Option
"ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო არ ნერვიულობს მისი გუნდის ესპანელი წევრის, ფერნანდო ალონსოს კონტრაქტზე და ეს იმის მიუხედავად, რომ ალონსოს გადაბირება "მაკლარენს" სურს.

წლევანდელ ზაფხულს, როცა დი მონტეძემოლომ საჯაროდ გაკიცხა ესპანელი პილოტი გუნდის მისამართით გამოთქმული საყვედურის გამო, ევროპულ პრესაში ხშირად წერდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის იტალიური საჯინიბოდან შესაძლო წასვლის თაობაზე. მოგვიანებით კი გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ალონსოს მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "რედ ბულთან" და "ლოტუსთან" ესპანელის მომავალზე და "მაკლარენშიც" არ მალავდნენ, რომ ფერნანდოს ხილვა კვლავ სურდათ საკუთარ რიგებში.

მაგრამ დი მონტეძემოლო
აცხადებს, რომ დღეისთვის ალონსოს ურთიერთობა გუნდთან შესამჩნევად გაუმჯობესდა და ის არ ღელავს ესპანელის "ფერარიდან" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წასვლის გამო. მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ბოლომდეა ძალაში.

დი მონტეძემოლომ ისიც აღიარა, რომ ალონსო გასული სეზონის განმავლობაში უკმაყოფილო იყო გუნდში პროგრესის დეფიციტით და გაიმეორა, რომ ახლა ესპანელი მთელ საჯინიბოსთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოასწოროს მდგომარეობა.

"ეს ჭორები, ალონსოს წასვლის შესახებ, კარგი მასალაა პრესისთვის
, - ამბობს "ფერარის" პრეზიდენტი. - და ხალხს უყვარს ასეთი ამბების კითხვა. ძალიან კმაყოფილი ვარ ფერნანდოს მუშაობით. მას მოქმედი კონტრაქტი აქვს 2016 წლამდე და დღეს მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ მას საუკეთესო მანქანა შევთავაზოთ. ამჟამად ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ გუნდში პირველი ნომრის საკითხი ამ პრობლემების სიაში არ შედის. ამის შესახებ ორი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ.

მე მესმის ფერნანდოსი და ვიზიარებ მის მოსაზრებას. უკვე ვუთხარი მას, რომ მეორე ადგილი ინდივიდუალურ ჩათვლაში, საერთო ჯამში, მისი დამსახურებაა და არა მანქანის. მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება პილოტი, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. სწორედ ეს ვთხოვე მას სეზონის შუაში. ამასთან, ძალიან გახარებული ვარ, რომ ფერნანდო ჩვენთან დარჩა".


ნიუ ჯერსიმ ექლსტოუნი გაანაწყენა
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორებმა დაარღვიეს რბოლის ჩატარებაზე გაფორმებული კონტრაქტი და არ გადაუხადეს მას მინიმალური თანხაც კი კონტრაქტის გაფორმებიდან (2011 წელს) დღემდე.

"ნიუ ჯერსისთან მიმართებაში გასაკვირია ის, რომ მათ მოაწერეს კონტრაქტს ხელი. დარწმუნებული ვარ, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი არ ასრულებენ ვალდებულებებს. ჩვენ შეიძლება სასამართლოში ვიჩივლოთ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს"
, - ამბობს ექლსტოუნი Autoweek-თან კომენტარში.

ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორია კომპანია Port Imperial Racing Associates-ი (PIRA), რომელსაც სათავეში უდგას ლეო ჰინდერი. ის არის ყოფილი პილოტი, ამჟამად კი კერძო ფონდის - InterMedia Partners-ის მმართველი პარტნიორი. ნიუ ჯერსის რბოლაში ჰინდერიმ 10 მილიონ დოლარზე მეტი საკუთარი თანხა ჩადო, მაგრამ გრანპრის ორგანიზებისთვის საჭირო ყველანაირი სამუშაოს ჩატარებას 100 მილიონი დოლარი სჭირდება. ჰინდერის ჩანაფიქრით, გარკვეული თანხა უნდა წარმოადგინოს საინვესტიციო ბანკმა UBS-მა, ხოლო თანხის ნაწილი, 10 მილიონი დოლარის ოდენობით, PIRA-მ ფორმულა 1-ის მმართველი კომპანიისგან ისესხა.

"ჩვენ მათ ფული მივეცით და შემდეგ მათგან აღარაფერი გაგვიგია. ჩვენ შეგვეძლო, სასამართლოში გვეჩივლა"
, - გაიმეორა ბერნიმ. ამასთან, ინგლისელმა აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ეს არ გააკეთა, ნიუ ჯერსიში რბოლის გამართვის იმედს უკავშირდება. ამასთან, ექლსტოუნმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, გრანპრის ახალი ინვესტორი გამოუჩნდეს.

"ახლა საჭიროა სერიოზული ადამიანი, რომელიც ჩემთან მოვა და მეტყვის: ჩვენ არ ჩამოვრჩებით მზადების გრაფიკს და რბოლას აუცილებლად ჩავატარებთ. ჰინდერის დიდი დრო მივეცი. მჯეროდა, რომ ის გაართმევდა თავს ამოცანას, მაგრამ ვერ შეძლო"
, - განაცხადა ფორმულა 1-ის პრომოუტერმა.

ასევე, ბერნიმ დაამატა, რომ, შესაძლოა, გრანპრის ჩატარების ადგილი ოდნავ შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული