ფორმულა 1: არის სრული შემადგენლობა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პელოტონში ორი დარჩენილი ვაკანსია შეივსო. "კატერჰემმა" 2014 წლის სეზონისთვის ორივე საპრიზო პილოტის ვინაობა დაასახელა: ამ საჯინიბოს ღირსებას დაიცავენ იაპონელი კამუი კობაიაში და შვედი მარკუს ერიქსონი, რომელსაც დებიუტი ექნება "დიდ ცირკში".

კობაიაში ფორმულა 1-ში ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება. 2013 წლის სეზონი მან ამტანობაზე რბოლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე დათმო, ლა "ფერარი" იქ "ფერარის" საქარხნო პროგრამაში მონაწილეობდა. მისი საუკეთესო შედეგი ფორმულა 1-ში 2012 წელს, იაპონიის გრანპრიზე მოპოვებული პოდიუმია. კამუიმ ეს "ზაუბერის" ბოლიდით შეძლო.

რაც შეეხება მარკუს ერიქსონს, ბოლო ოთხი სეზონი ის GP2-ის
სერიაში გამოდიოდა და შარშან, გენერალურ კლასიფიკაციაში მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. 23 წლის პილოტს ფორმულა 1-თან მცირე შეხება ჰქონდა: 2009 წელს, "ბრაუნ გრანპრიში" ახალგაზრდულ ტესტებში მუშაობდა. ერიქსონი იქნება პირველი შვედი პილოტი ფორმულა 1-ში სტეფან იოჰანსონის შემდეგ, რომელმაც "დიდ ცირკში" კარიერა 1991 წელს დაასრულა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ კობაიაში და ერიქსონი "კატერჰემში" გიდო ვან დერ გარდესა და შარლ პიკს შეცვლიან. ჯერჯერობით უცნობია, რა ნომრებით იასპარეზებენ იაპონელი და შვედი ახალ ჩემპიონატში.

ასე რომ, ფორმულა 1-ის პელოტონი 2014 წლისთვის სრულად არის დაკომპლექტებული. 28 იანვარს, ესპანეთის ხერესის ტრასაზე დაიწყება წინასასეზონო ტესტების პირველი სერია.

წლევანდელი ჩემპიონატის ყველა მონაწილე:

რედ ბული
1. სებასტიან ფეტელი
3. დანიელ რიკარდო

მერსედესი
44. ლუის ჰემილტონი
6. ნიკო როსბერგი

ფერარი
14. ფერნანდო ალონსო
7. კიმი რაიკონენი

ლოტუსი
8. რომენ გროსჟანი
13. პასტორ მალდონადო

მაკლარენი
22. ჯენსონ ბატონი
20. კევინ მაგნუსენი

ფორს ინდია
27. ნიკო ჰიულკენბერგი
11. სერხიო პერესი

ზაუბერი
99. ადრიან სუტილი
21. ესტებან გუტიერესი

ტორო როსო
25. ჟან-ერიკ ვერნი
26. დანიილ კვიატი

უილიამსი
19. ფელიპე მასა
77. ვალტერი ბოტასი

მარუსია
17. ჟიულ ბიანკი
4. მაქს ჩილტონი

კატერჰემი
კამუი კობაიაში
მარკუს ერიქსონი

"მაკლარენი" ხერესისთვის მზად არის
როგორც ჩანს, "მაკლარენი" მოახერხებს ხერესის წინასასეზონო ტესტებზე გამოსვლას: ბრიტანული საჯინიბოს ახალმა შასიმ გაიარა ყველა აუცილებელი კრაშ-ტესტი.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ MP4-29 ბოლიდმა ვერ გაუძლო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყველა აუცილებელ გამოცდას და ამის გამო საფრთხე დაემუქრა "მაკლარენის" მონაწილეობას პირველ წინასასეზონო ტესტებში.

ახლა ბრიტანელებს ყველაფერი წესრიგში აქვთ. ისინი პარასკევს მოაწყობენ ახალი ბოლიდის პრეზენტაციას, შემდეგ კი ხერესში დაიწყებენ ტესტებში გამოსვლას MP4-29-ით, რომელიც აღჭურვილი იქება Mercedes V6-ის ძრავით.

* * *
როგორც იცით, ამ დღეებში გამოცხადდა იმის შესახებ, რომ "მაკლარენში" ხელმძღვანელ პოსტზე დაბრუნდა რონ დენისი, რომელიც უკვე აქტიურად შეუდგა მუშაობას. მას სურს, თანაშემწედ მიიწვიოს "მერსედესის" ყოფილი შეფი, ცნობილი სპეციალისტი როს ბრაუნი. მან გასული სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ მუშაობაში პაუზის აღებას აპირებს, მაგრამ ახლა არ გამორიცხავენ 2014 წელს მის ფორმულა 1-ში დაბრუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული