ფორმულა 1: უსპონსორო ვერცხლისფერი "მაკლარენი"

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სრულფასოვნად წარმოგვიდგინა თავისი ახალი მანქანა - MP4-29. 2014 წელს, ჯენსონ ბატონსა და კევინ მაგნუსენს მოუწევთ გარეგნულად მეტად საინტერესო ავტომობილით გამოსვლა.

როგორც იცით, უფრო ადრე "ფორს ინდიამ" და "უილიამსმა" წარმოადგინეს თავიანთი ახალი ბოლიდების ფოტოები, მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელია 2014 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ავტოების კონსტრუქციის შეფასება.

მოლოდინისამებრ, "ცხვირის" დიზაინი უჩვეულო აღმოჩნდა. ეს ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნით არის ნაკარნახევი, აგრეთვე იმით, რომ მეტი ადგილი დარჩეს ჰაერის ჭავლისთვის, რომელიც მანქანის ქვეშ უნდა იყოს მიმართული.

პრეზენტაციაზე MP4-29
ვერცხლისფრად შეღებილი წარმოადგინეს. ჯერჯერობით ბრიტანული საჯინიბო არ ამხელს ახალი სატიტულო სპონსორის სახელს. პრეზენტაციისადმი დიდი ინტერესი კიდევ ერთი ფაქტორით იყო გამოწვეული. შაბათს, დილით გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლოტუსი" დატოვა ერიკ ბულიემ და მან "მაკლარენში" ხელმძღვანელის პოსტზე უნდა შეცვალოს მარტინ უიტმარში. თუმცა ბრიტანელებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ დამდეგი სეზონი უკანასკნელი იქნება "მაკლარენისთვის", როცა ის "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებს. მომავალი წლიდან, ვერცხლისფერი ბოლიდები "ჰონდას" ძალისმიერი აგრეგატებით აღიჭურვებიან.

"ფერარის" ცხვირი სხვანაირია
"მაკლარენის" შემდეგ, საკუთარ ვებგვერდზე ასევე ონლაინ-პრეზენტაცია მოაწყო "ფერარიმ". გულშემატკივრებმა ახალ მანქანას F14 T დაარქვეს და მისი მეშვეობით, "სკუდერია" 2014 წელს ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს.

იტალიური გუნდი თავისებურად მიუდგა ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას - ასეთი "ცხვირი" არც ერთ იმ საჯინიბოს არ წარმოუდგენია, რომელთა პრეზენტაციები წინა დღეებში ვიხილეთ.

F14 T პირველი მანქანაა "ფერარიში", რომელიც გუნდის ახალი ტექნიკური დირექტორის ჯეიმს ელისონის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ეს სპეციალისტი შარშან გადავიდა "სკუდერიაში" "ლოტუსიდან".

გუნდში იმედოვნებენ, რომ ახალი რეგლამენტისა და ტურბოძრავების დაბრუნებით, "ფერარი" შეძლებს 2014 წელს ტიტულისთვის ბრძოლას. გასული სეზონი გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ვერ შეძლო ბოლიდის დახვეწისთვის საჭირო ტემპის შენარჩუნება და ჩამორჩა ლიდერებს.

"ლოტუსი" ორკაპა ცხვირით
ჯერჯერობით, ახალი მანქანის პრეზენტაცია არ მოუწყვია "ლოტუსს", თუმცა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა 2014 წლის ბოლიდის ერთი ფოტო.

საინტერესოა, რომ აქაც ვხედავთ მანქანის "ცხვირის" ახლებურ დიზაინს - ის "ორკაპას" მოგვაგონებს. ასეთი გადაწყვეტისთვის ჯერ არც ერთ გუნდს არ მიუმართავს.

მანქანის სხვა ტექნიკური მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც იცით, გუნდმა გადაწყვიტა გამოტოვოს ხერესში პირველი წინასასეზონო ტესტები და მუშაობა ბაჰრეინში დაიწყოს. ახალი მანქანის პრეზენტაციაც სწორედ იქ შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული