ფორმულა 1: ბაჰრეინის ტესტები: ფეტელის შანსები კლებულობს

AutoSharing Option
სეზონისწინა მეორე სატესტო სერია პირველზე უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა: ოთხი დღის განმავლობაში 24-მა პილოტმა 2 317 წრე ან 12 540 კილომეტრი გაიარა.

საერთო დისტანცია თითქმის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ავტომრბოლელებმა იანვრის ბოლოს, ხერესში გაიარეს. თუმცა ბაჰრეინში ჩატარებულ ტესტებზე 11 გუნდი იყო შეკრებილი და არა ათი: საჯინიბოებს შეუერთდა "ლოტუსი".

საჰირის ტრასაზე მუშაობა მოასწრო ყველა ძირითადმა პილოტმა, აგრეთვე, ორმა რეზერვისტმა: "კატერჰემში" ერთი დღე დაუთმეს რობინ ფრეინსს, "უილიამსის" საჭესთან კი ფელიპე ნასრი ვიხილეთ.

სიჩქარე დღითიდღე იზრდებოდა და საბოლოოდ, ნიკო როსბერგს მხოლოდ წამი არ ეყო
თავისი შარშანდელი პოულის დრომდე (1.32,330). იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დაწყებამდე ტექნიკის დახვეწის რეზერვი არსებობს, შეიძლება იმის თქმა, რომ 2014 წლის მანქანები უფრო სწრაფები იქნებიან, ვიდრე ბოლიდების წინა თაობა და ეს იმის მიუხედავად, რომ ძრავები უფრო ნაკლები სიმძლავრისაა.

ოთხი დღის განმავლობაში როსბერგმა საუკეთესო დრო აჩვენა (1.33,283). ეს ბოლო დღეს მოხდა და "მერსედესის" გერმანელმა პილოტმა დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან მეტოქეები. მხოლოდ ნიკოს თანაგუნდელმა ლუის ჰემილტონმა ერთი დღით ადრე შეძლო, წამზე მეტი არ წაეგო გერმანელისთვის.

საერთო ცხრილის პირველ ხუთეულში ისევ ის პილოტები მოხვდნენ, რომელთა ბოლიდები "მერსედესის" ძრავებით არის აღჭურვილი. "ფერარის" საუკეთესო წარმომადგენელი გახდა ფერნანდო ალონსო - მეექვსე ადგილი (3.2 წამი ჩამორჩენა როსბერგთან). "რენოს" ძრავებით აღჭურვილი ბოლიდებიდან ყველაზე სწრაფი იყო პასტორ მალდონადოს "ლოტუსი" - მე-13 ადგილი (+5.4).

ამჯერად არ ყოფილა აშკარა ლიდერი განვლილი დისტანციის მხრივ, თუმცა აქაც გამარჯვება როსბერგმა მოიპოვა (174 წრე). მას ცოტათი ჩამორჩნენ ვალტერი ბოტასი (171) და ჯენსონ ბატონი (169). გუნდებს შორის, ერთი დაკარგული დღის მიუხედავად, პირველზე გავიდა "უილიამსი" (323). მან აჯობა "მერსედესს" (315) და "მაკლარენს" (296).

განსაკუთრებით თვალშისაცემია სტატისტიკა ძრავების მიხედვით. "ფერარის" ბანაკიდან ყოველი პილოტი საშუალოდ დღეში 91.8 წრეს გადიოდა, "მერსედესი" - 71.6-ს, "რენო" - მხოლოდ 38.6-ს.

მესამე და ფინალური სერია ისევ ბაჰრეინში გაიმართება - 27 თებერვლიდან 2 მარტამდე.

შემაჯამებელი ცხრილი
1. როსბერგი (Mercedes) 1:33.283 (174)
2. ჰემილტონი (Mercedes) +0.980 (141)
3. მაგნუსენი (McLaren) +1.627 (127)
4. ბატონი (McLaren) +1.674 (169)
5. ჰიულკენბერგი (Force India) +3.162 (138)
6. ალონსო (Ferrari) +3.233 (161)
7. რაიკონენი (Ferrari) +3.435 (126)
8. მასა (Williams) +3.783 (65)
9. გუტიერესი (Sauber) +3.897 (151)
10. ბოტასი (Williams) +4.045 (171)
11. პერესი (Force India) +4.084 (76)
12. ნასრი (Williams) +4.286 (87)
13. მალდონადო (Lotus) +5.424 (85)
14. კვიატი (Toro Rosso) +5.691 (62)
15. რიკარდო (Red Bull) +6.554 (43)
16. კობაიაში (Caterham) +6.572 (83)
17. ფეტელი (Red Bull) +6.941 (73)
18. სუტილი (Sauber) +7.160 (89)
19. ვერნი (Toro Rosso) +7.189 (77)
20. გროსჟანი (Lotus) +8.387 (26)
21. ერიქსონი (Caterham) +8.847 (102)
22. ჩილტონი (Marussia) +9.228 (21)
23. ფრეინსი (Caterham) +9.251 (68)
24. ბიანკი (Marussia) - (8)

ფეტელის შანსები კლებულობს
მორიგი სატესტო სერიის დასრულების შემდეგ ბრიტანული კანტორა William Hill-ის ბუკმეკერებმა ისევ შეცვალეს ფსონები მომავალ სეზონში ჩემპიონობაზე.

და ისევე, როგორც ხერესის ტესტების შემდეგ, კვლავ დაეცა ფსონების კურსი სებასტიან ფეტელის საბოლოო გამარჯვებაზე.

ფსონები ჩემპიონობაზე
ფეტელი 3.25
ჰემილტონი 4.33
ალონსო 6.50
როსბერგი 8.00
ბატონი 9.00
რაიკონენი 12.00
მაგნუსენი 13.00
რიკარდო 34.00

კონსტრუქტორთა თასზე ლიდერობს "მერსედესი", რომელმაც მოიგო როგორც ხერესის, ასევე "ბაჰრეინის" ტესტები:
Mercedes 2.20
Red Bull 3.50
Ferrari 4.50
McLaren 7.50
Williams 41.00
Lotus 67.00
Force India 101.00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული