ფორმულა 1. ტესტები: ბოლო ჰემილტონმა მოიგო

AutoSharing Option
ისევე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, ზამთრის ტესტების ბოლო დღეს "ჩემპიონების დღე" უწოდეს. ხუთი პილოტიდან, რომელსაც ჩემპიონის ტიტული გააჩნია, ტრასაზე ოთხი მუშაობდა - არ იყო მხოლოდ კიმი რაიკონენი, რომელმაც წინა დღეს დაასრულა პროგრამა.

მაგრამ, თუ 2013 წლის ტესტების ბოლო დღეს ვარჯიში არც ერთხელ არ შეწყვეტილა წითელი დროშებით, გუშინ რვაჯერ წარმოიშვა პაუზა - ორგანიზატორებს საღამოს სესიის 25 წუთით გაგრძელებაც კი მოუწიათ, ამიტომაც ტესტები ხელოვნური განათების ქვეშ დასრულდა, რომელსაც წელს გამოიყენებენ ბაჰრეინის გრანპრის დროს.

პილოტებმა მართლაც ბევრი დრო დაკარგეს. ჰემილტონმა ფაქტობრივად გამოტოვა დილის
სესია - საჭირო გახდა გადაცემათა კოლოფის შეცვლა. ფეტელი დიდი ხანი იდგა ბოქსებში მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, "მარუსიას" ელექტრობამ უმტყუნა, "კატერჰემს" - გადაცემათა კოლოფმა... წითელი დროშები აფრიალდა ფეტელის, გროსჟანის (ორ-ორჯერ), ბატონის, ჰიულკენბერგის, ალონსოს, ბოტასისა და გუტიერესის ბოლიდებზე პრობლემების გამო.

მთლიანად დაკარგული წინა დღის გამო, გუშინ, "ზაუბერმა" ტრასაზე მუშაობის საშუალება მისცა ადრიან სუტილს. დილით გერმანელმა 65 წრე გაიარა, დღის მეორე ნახევარში კი ბოლიდი დაუთმო ესტებან გუტიერესს.

ბოლო დღეს, გუნდები კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციას გეგმავდნენ, მაგრამ პროგრამის შესრულება ყველამ ვერ შეძლო - ახალი ბოლიდების საიმედოობა არც ისე სახარბიელოა და სეზონის პირველი რბოლები ბევრისთვის ტესტების გაგრძელება იქნება.

სესიის ბოლოს, პილოტები ტრასაზე საწვავის მინიმალური რაოდენობითა და რბილი საბურავით გავიდნენ, მაგრამ წინა დღეს ფელიპე მასას მიერ ნაჩვენები შედეგი (ბაჰრეინის ზამთრის ტესტების აბსოლუტური რეკორდი) ვერავინ გააუმჯობესა. შაბათს, ბრაზილიელმა საუკეთესო წრე წუთსა და 33.258 წამში გაიარა, კვირას კი ოქმს სათავეში ჩაუდგა ლუის ჰემილტონი - წუთი და 33.278 წამი. ყველაზე გრძელი დისტანცია ვალტერი ბოტასმა გაიარა.

ზამთრის ტესტები დასრულებულია. შემდეგ ჯერზე პილოტები ტრასაზე მელბურნში გავლენ. ეს იქნება სეზონის პირველი გრანპრის პარასკევის სესია.

IV დღე
1. ჰემილტონი (Mercedes) 1:33.278 (69 წრე)
2. ბოტასი (Williams) +0.709 (108)
3. ალონსო (Ferrari) +1,002 (74)
4. ჰიულკენბერგი (Force India) +2,299 (74)
5. ვერნი (Toro Rosso) +2,423 (74)
6. სუტილი (Sauber) +3,189 (91)
7. ჩილტონი (Marussia) +3,557 (61)
8. გუტიერესი (Sauber) +4,025 (86)
9. ფეტელი (Red Bull) +4,190 (77)
10. ბატონი (McLaren) +4,833 (22)
11. კობაიაში (Caterham) +5,113 (106)
12. გროსჟანი (Lotus) +6,024 (32)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული