ფორმულა 1: ასე იბრძოდნენ თანაგუნდელები

AutoSharing Option
მთელი 2014 წლის სეზონის განმავლობაში ნიკო როსბერგსა და ლუის ჰემილტონს უკომპრომისო ბრძოლა აქვთ გაჩაღებული თითოეული რბოლისა და მთლიანად ჩემპიონატის მოგებისთვის. და დუელის კულმინაცია უნდა გახდეს სეზონის ბოლო რბოლა აბუ დაბიში, რომელიც კვირას გაიმართება.

მანამდე კი გავიხსენოთ წინა წლებში თანაგუნდელებს შორის არანაკლებ დაძაბული ბრძოლის სამი შემთხვევა...

ჟილ ვილნევი vs დიდიე პერონი, 1982
მართალია, არც ჟილ ვილნევსა და არც დიდიე პერონის ფორმულა 1-ში ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებიათ, მაგრამ ეს ორი პილოტი დღემდე კარგად ახსოვთ. "სამეფო რბოლებში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია იმ კონფლიქტის
ფონზე მოხდა, რომელიც "ფერარის" პილოტებს შორის წარმოიშვა.

ყველაფერი მეგობრობით იწყებოდა: ვილნევი სავსებით კმაყოფილი იყო, როცა 1981 წელს გუნდში მიიწვიეს აზარტული ფრანგი, რომელსაც შეეძლო ჟილისთვის დიდი კონკურენციის გაწევა. იდილია მეორე სეზონში დასრულდა, როცა თანაგუნდელებმა ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა ჩემპიონობისთვის.

"ფერარისთვის" სეზონი კატასტროფულად დაიწყო: სამი გავარდნა პირველ ორ ეტაპზე და მხოლოდ ერთი მოპოვებული ქულა. გარდამტეხი სან მარინოს გრანპრი გახდა: იმოლაში "ფერარის" პილოტებმა დუბლი შეასრულეს, მაგრამ ამან გუნდში ტრიუმფის ნაცვლად განხეთქილება მოიტანა. რბოლის დროს ორივე პილოტმა ერთნაირი ბრძანება მიიღო - დაეგდოთ ტემპი საწვავის ეკონომიის მიზნით.

იმ მომენტისთვის ვილნევი ლიდერობდა, პირონი უკან მისდევდა. კანადელმა მიიჩნია, რომ გუნდმა პილოტებს რბოლის ბოლომდე პოზიციების შენარჩუნება უბრძანა, მაგრამ პირონი გასწრებაზე წავიდა და თანაგუნდელი უკან ჩამოიტოვა. დიდიე დარწმუნებული იყო, რომ პილოტებისთვის ბრძოლა არ აუკრძალავთ: ასეა თუ ისე, საწვავის დაზოგვა მაინცდამაინც ნახევარი ძალით სვლასა და შეტევებზე უარის თქმას არ ნიშნავს.

რბოლა პირონიმ მოიგო. დაჯილდოების ცერემონიაზე კანადელი გაფითრებული იყო და თითქმის არ რეაგირებდა მილოცვებზე. მან პარტნიორზე წყენა ჩაიდო გულში და სამაგიეროს გადახდა უკვე ბელგიის გრანპრის კვალიფიკაციაზე გადაწყვიტა. ჟილის ბოლო ცდის წინ საუკეთესო დრო მის თანაგუნდელს ჰქონდა: პერონის დროის გაუმჯობესებაზე კონცენტრირებულმა ვილნევმა ვერ შეამჩნია იოხენ მასას ნელა მოძრავი ბოლიდი და მას დიდი სიჩქარით შეეჯახა.

დარტყმისგან "ფერარის" ბოლიდი რამდენჯერმე ამოტრიალდა, პილოტი კი მანქანიდან ამოვარდა: რამდენიმე საათის შემდეგ ექიმებმა ვილნევის სიკვდილი დააფიქსირეს.

გლოვის ნიშნად გუნდმა გამოტოვა ბელგიის გრანპრი, შემდეგ კი პირონიმ გააგრძელა ბრძოლა ჩემპიონობისთვის - "ფერარის" ბოლიდი იძლეოდა ამის საშუალებას. მაგრამ ავარიას ვერც "სკუდერიას" მეორე პილოტი გადაურჩა: გერმანიის გრანპრიზე თავისუფალი ვარჯიშის დროს დიდიე პერონი ალენ პროსტის მანქანას დაეჯახა, რის გამოც "ფერარის" ბოლიდი ნაწილებად დაიშალა. ფეხის მრავალრიცხოვანი მოტეხილობებით ფრანგი ჩემპიონატს გამოეთიშა. მან სეზონი საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულა.

პირონი ხუთი წლის შემდეგ დაიღუპა - წყალსამოტორო სპორტში ტურნირის დროს. რამდენიმე კვირის შემდეგ მისმა შეყვარებულმა პილოტისგან ტყუპები გააჩინა - მათ დიდიე და ჟილი დაარქვეს.

ალენ პროსტი vs აირტონ სენა, 1988, 1989
ფრანგი ალენ პროსტი "მაკლარენის" ულაპარაკო ლიდერად ითვლებოდა იქამდე, სანამ გუნდში არ მივიდა აირტონ სენა. იმ დროისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავდაპირველად ზემოდან უყურებდა ტემპერამენტულ თანაგუნდელს: პირველი ოთხი გრანპრის შედეგების მიხედვით, პროსტი იოლად და მშვიდად ამარცხებდა ბრაზილიელს, მაგრამ ამ მომენტში მათ ბრძოლაში გარდატეხა მოხდა: სენამ მოგება დაიწყო და უკვე შეუჩერებელი ჩანდა. ფრანგი მიხვდა, რომ თანაგუნდელის დაუფასებლობა არ შეიძლებოდა.

პირველივე სეზონში "მაკლარენის" ახალბედა ჩემპიონი გახდა და პროსტს მეორე პოზიცია დაუტოვა. "მე ეს მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა ფინიშის ხაზი გადავკვეთე და ტირილი დავიწყე. ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე შესანიშნავი მომენტი, ყველაზე ლამაზი რბოლა და ყველაზე ლამაზი ჩემპიონატი. ეს იყო ორი პილოტის უდიადესი ბრძოლა", - თქვა სენამ იაპონიის გრანპრის შემდეგ, სადაც გაირკვა კიდეც ჩემპიონის ვინაობა.

ამ რბოლაში ნამდვილი აირტონ სენა ვიხილეთ. სტარტზე ბრაზილიელს ძრავამ უმტყუნა და პილოტი მე-14 ადგილამდე დაქვეითდა. თავის მხრივ, ალენ პროსტი ლიდერი გახდა. სენა ჯერ დაეწია თანაგუნდელს, შემდეგ კი შეუტია და გაუსწრო, რითაც ვადაზე ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

პროსტი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ სენამ გამარჯვება ქულათა დარიცხვის უცნაური სისტემის ხარჯზე მოიპოვა: საერთო ჩათვლაში ითვალისწინებდნენ 16 რბოლიდან მხოლოდ 11-ის შედეგებს. მთელი სეზონის განმავლობაში ფრანგი თანაბრად გამოდიოდა და ქულებით გაუსწრო თანაგუნდელს, მაგრამ ცუდი შედეგების გამორიცხვამ ბრაზილიელს უშველა. ახალ სეზონში პროსტმა მიზნად დაისახა მეტოქისთვის ტიტულის წართმევა და ალენს მეორე ცდიდან ეს გამოუვიდა კიდეც.

პილოტებს შორის ნამდვილი ომი 1989 წლის მონაკოს გრანპრის შემდეგ გაჩაღდა: სენამ ყურადღება არ მიაქცია გუნდის ბრძანებას და პროსტს შეუტია, რის შემდეგაც ფრანგმა საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა თანაგუნდელთან. "ამ მანევრით მან ხაზი გადაუსვა ყველაფერ კარგს, რაც ჩვენ შორის არსებობდა", - თქვა რბოლის შემდეგ პროსტმა.

და კვლავ ყველაფერი იაპონიაში გაირკვა. სენა რისკზე მიდიოდა. მან პროსტის გასწრება სცადა ტრასის ურთულეს მონაკვეთზე, მაგრამ ალენს არ უფიქრია ბრაზილიელის წინ გაშვება: მოხდა შეჯახება. მაგრამ, სანამ ალენი მშვიდად ამოდიოდა ბოლიდიდან, აირტონმა დაარწმუნა რბოლის მომსახურე პერსონალი - მისი ბოლიდი ისევ ტრასაზე დაებრუნებინათ ბრძოლის გასაგრძელებლად. სენამ მოიგო ეტაპი, მაგრამ მსაჯებმა ბრაზილიელს დისკვალიფიკაცია მისცეს გვერდიდან დახმარებისა და ტრაექტორიის მოჭრის გამო - ასეთ სიტუაციაში პროსტი ვადაზე ადრე გამოცხადდა ჩემპიონად. თუმცა ბრაზილიელისთვის გამარჯვება რომც ჩაეთვალათ, ეს მას ვერ დაეხმარებოდა, რადგან ჩემპიონატის ბოლოს თანაგუნდელთან 21 ქულა წააგო.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პროსტი "ფერარიში" წავიდა: ალენისთვის არასასიამოვნო იყო იმის ხილვა, სენა გულშემატკივრებისა და გუნდის წევრებისთვის სიმპათიად რჩებოდა იმის მიუხედავად, რომ სეზონის განმავლობაში ფრანგთან აგებდა.

ფერნანდო ალონსო vs ლუის ჰემილტონი, 2007
ლუისი ცხრა წლის იყო, როცა "მაკლარენის" მფლობელთან, რონ დენისთან მივიდა და მას ავტოგრაფი სთხოვა. "მე მქვია ლუის ჰემილტონი. მოვიგე ბრიტანეთის ჩემპიონატი კარტინგში. ერთხელ მე დავჯდები თქვენი ბოლიდის საჭესთან", - განაცხადა ჰემილტონმა.

სამი წლის შემდეგ დენისმა ლუისი ახალგაზრდა პილოტების მხარდამჭერ პროგრამაში მიიწვია. ქვედა სერიებში ტიტულების მოგების შემდეგ, 2007 წელს ჰემილტონი "მაკლარენში" მიიწვიეს: 22 წლის დებიუტანტს თვით ფერნანდო ალონსოს თანაგუნდელის ადგილი ანდეს. ალონსო ის პილოტი იყო, რომელმაც ერთი წლით ადრე, თანაბარ ბრძოლაში დაამარცხა ლეგენდარული მიხაელ შუმახერი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა. რა თქმა უნდა, ესპანელი პირველი პილოტის სტატუსს იმედოვნებდა, მაგრამ ჰემილტონი ამას არ დაეთანხმა.

პირველი უსიამოვნო ეპიზოდი მონაკოში მოხდა: გუნდმა ლუისს არ მისცა ფერნანდოზე შეტევის უფლება, რამაც დიდი პოლემიკა გამოიწვია ბრიტანულ პრესაში. აშშ-ის გრანპრიზე სიტუაცია განმეორდა, ოღონდ პირიქით: ახლა უკვე ჰემილტონი ლიდერობდა და ალონსომ ვერაფრით მოიპოვა გუნდისგან შეტევაზე წასვლის უფლება.

კულმინაცია უნგრეთში დადგა, როცა ესპანელმა შეგნებულად შეაჩერა პარტნიორი ბოქსებში, რათა მას არ გაეუმჯობესებინა კვალიფიკაციაში ფერნანდოს საუკეთესო დრო. შესაძლოა, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გუნდმა პროტესტი შეიტანა საკუთარი პილოტის წინააღმდეგ: ალონსოს მოქმედებით აღშფოთებული იყო არა მხოლოდ ჰემილტონი, არამედ "მაკლარენის" ხელმძღვანელობა.

ამის შემდეგ სიტუაცია აირია: თუ რბოლას ალონსო იგებდა, გუნდს ეს სულაც არ უხაროდა, ხოლო ჰემილტონის მოგების შემთხვევაში, მექანიკოსები მზად იყვნენ, ცაში აეყვანათ ბრიტანელი. შესაძლოა, ასეთმა აშკარა მიმხრობამ გაუწია ცუდი სამსახური ლუისს: ჩინეთის გრანპრიზე ახალგაზრდა პილოტი მარტივ სიტუაციაში ავარიაში მოხვდა და ჩემპიონობის ვადაზე ადრე მოპოვების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

სეზონის ბოლო რბოლაში ჰემილტონმა რამდენიმე არააუცილებელი შეცდომა დაუშვა და ტიტული წააგო, თუმცა ვერც ალონსო გახდა ჩემპიონი. "მაკლარენის" პილოტების ნაცვლად, ტიტული "ფერარის" წევრმა კიმი რაიკონენმა დაისაკუთრა: ფინელი გაურბოდა ძალიან მწვავე ბრძოლას და მშვიდად გახდა ჩემპიონი.

2014 წელს ამგვარი სცენარი გამორიცხულია: "მერსედესის" პილოტები ძალიან შორს არიან და ჩემპიონი რომელიმე მათგანი გახდება. იმედი ვიქონიოთ, ბრძოლა აბუ დაბიში პატიოსანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული