ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: დამსახურებული ჩემპიონი

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის სეზონი ერთი გუნდის დომინირებით მიმდინარეობდა, ჩემპიონატმა გულშემატკივრებს მშვენიერი ინტრიგა აჩუქა. დიდი ხანია, ფორმულა 1-ის ლიდერ გუნდში თანაგუნდელთა თანაბარი ბრძოლა არ გვინახავს.

ლუის ჰემილტონისა და ნიკო როსბერგის ორთაბრძოლა სეზონის ბოლომდე გრძელდებოდა. ნიკო ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, ჰემილტონმა ორჯერ შეძლო მასთან სერიოზული ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო რბოლის წინ 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. აბუ დაბიში, პირველად ისტორიაში, ორმაგი ქულები თამაშდებოდა. ამიტომაც ეს სხვაობა ასეთი დიდი არ მოჩანდა. შაბათს პოული როსბერგმა მოიპოვა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა რბოლის მოლოდინი.

საინტერესო
ამბავი მოხდა კვალიფიკაციის შემდეგ - "რედ ბულის" პილოტები ოქმიდან ამოშალეს, რადგან მათ ბოლიდებზე წინა ანტიფრთა ტექნიკური რეგლამენტის ერთ-ერთ მუხლს არღვევდა. ამიტომაც რიკარდომ და ფეტელმა პიტ-ლეინიდან აიღეს სტარტი.

ბოლო რბოლას ატარებდა "ფერარიში" ფერნანდო ალონსო, ხოლო სებასტიან ფეტელი ბოლოჯერ იჯდა "რედ ბულის" საჭესთან.

ბრძოლა თითქმის არ ყოფილა
შუქნიშნის სასტარტო სიგნალთან ერთად ჰემილტონი ადგილიდან მოწყდა და გვერდით ჩაუარა პირველ წამებზე ოდნავ შეყოვნებულ როსბერგს. სამი წლის შემდეგ მათ შორის სხვაობა უკვე წამნახევარს უდრიდა. მათგან პირველმა ბოქსებს ჰემილტონმა მიაკითხა, ერთი წრის შემდეგ კი საბურავები როსბერგმა შეცვალა და უკვე სამწამიანი ჩამორჩენით დაბრუნდა ტრასაზე.

პიტსტოპის შემდეგ ნიკო ლუისს გამოეკიდა. გერმანელმა ორჯერ დააფიქსირა წრეზე საუკეთესო დრო და სხვაობა ორწამნახევრამდე შეამცირა. ჰემილტონს ეს არ გამოჰპარვია და ცოტა მოუმატა. ის ხან ერთ და ხან მეორე წრეზე წამის მეათედებს იგებდა და მალე ინგლისელმა ისევ მიიყვანა სხვაობა სამ წამამდე.

რბოლის კულმინაცია აღმოჩნდა 23-ე წრე, როცა როსბერგმა შეცდომა დაუშვა: მას დამუხრუჭება "დაავიწყდა" და ტრასიდან გადავიდა. ძალიან მალე კი გერმანელმა რადიოთი აცნობა გუნდს, რომ მანქანა სიმძლავრეს კარგავდა. ჰემილტონთან ჩამორჩენა ჯერ 7 წამამდე გაიზარდა, 25-ე წრეზე - 11 წამამდე.

27-ე წრეზე ნიკოს ფელიპე მასამ გაუსწრო. გერმანელი ყოველ წრეზე კონკურენტებთან სამ წამს აგებდა და მალე მისი გასწრება ვალტერი ბოტასმაც მოინდომა.

ამასობაში, მეორე პიტსტოპზე გაემართა ლუის ჰემილტონი. ფინაშამდე 24 წრით ადრე ის ტრასაზე როსბერგის უკან აღმოჩნდა, მაგრამ არ გასჭირვებია იმ დღეს თანაგუნდელის მეორედ გასწრება. მალე გერმანელს ბოტასმა გაუსწრო. ბოლო პიტსტოპის შემდეგ ნიკო უკვე მეშვიდე ადგილზე დაბრუნდა ტრასაზე.

ფინიშამდე 12 წრით ადრე ფელიპე მასამ მეორე პიტსტოპი შეასრულა და ლუის ჰემილტონს ლიდერობა დაუბრუნა. ბრაზილიელმა ახალი საბურავებით სცადა 11 წამით წინ მყოფი ლუისის დაწევა და რბოლის მოგება, მაგრამ ვერ მოასწრო.

ნიკო როსბერგის "მერსედესი" რბოლის ბოლოს საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან. ცალკეულ წრეებზე ის 20 წამით ნელი იყო. გერმანელი ბოქსებშიც კი იხმეს რბოლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ნიკომ მაინც ფინიშზე მისვლა ამჯობინა. საბოლოოდ, მას წრეზე გაუსწრო ჰემილტონმა.

ფეხზე წამომდგარი გულშემატკივრების ოვაციების ფონზე ლუისმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ლუისმა სეზონში მე-11 რბოლა მოიგო და მეორედ გახდა ჩემპიონი. ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდა ალბერტო ასკარის, გრემ ჰილს, ჯიმ კლარკს, ემერსონ ფიტიპალდის, მიკა ჰაკინენსა და ფერნანდო ალონსოს.

იას მარინა (55 წრე, 305.355 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:39.02,619 (2 პიტსტოპი)
2(4). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +2,576 (2)
3(3). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +28,880 (2)
4(20). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +37,237 (2)
5(6). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.00,334 (2)
6(12). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.02,148 (2)
7(11). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +1.11,060 (2)
8(19). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +1.12,045 (2)
9(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1.25,813 (2)
10(7). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +1.27,820 (2)

11(9). კევინ მაგნუსენი (მაკლარენი, დანია) +1.30,376 (2)
12(10). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.31,947 (3)
13(18). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
14(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 11 წრე (2)
15(14). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (2)
16(13). ადრიან სუტილი (ზაუბერი, გერმანია) 1 წრე (3)
17(17). უილ სტივენსი (კატერჰემი, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
18(16). კამუი კობაიაში (კატერჰემი, იაპონია) 12 წრე
19(15). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 28 წრე
20(5). დანიილ კვიატი (ტორო როსო, რუსეთი) 40 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 3784 (11 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 317 (5 მოგება); 3. დანიელ რიკარდო - 238 (3 მოგება); 4. ვალტერი ბოტასი - 186; 5. სებასტიან ფეტელი - 167; 6. ფერნანდო ალონსო - 161; 7. ფელიპე მასა - 134; 8. ჯენსონ ბატონი - 126; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 96; 10. სერხიო პერესი - 59; 11. კევინ მაგნუსენი - 55; 11. კიმი რაიკონენი - 55; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 22; 14. რომენ გროსჟანი - 8; 15. დანიილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი - 2; 17. პასტორ მალდონადო - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 701; 2. რედ ბული - 405; 3. უილიამსი - 320; 4. ფერარი - 215; 5. მაკლარენი - 181; 6. ფორს ინდია - 155; 7. ტორო როსო - 30; 8. ლოტუსი - 10; 9. მარუსია - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული