ფორმულა 1: "მაკლარენი" თუ ერთწლიანი პაუზა

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს შესაძლებლობა ექნება, ვადაზე ადრე გაწყვიტოს კონტრაქტი ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენთან".

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ესპანელი ვერ მიიღებს კონკურენტუნარიან მანქანას, რომლითაც რბოლებში გამარჯვების საშუალება ექნება. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი "მარკა", იტალიურ გამოცემა "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით. როგორც იცით, "მაკლარენის" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია შემადგენლობა 2015 წლის სეზონისთვის, იმ დროს, როცა "ფერარიმ" 20 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადა ალონსოს "სკუდერიადან" წასვლის შესახებ.

იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ ალონსომ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს ბრიტანულ საჯინიბოსთან კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების
პერსპექტივით. თუმცა წყარო იუწყება, რომ მოლაპარაკებების დროს ალონსომ მოითხოვა, ხელშეკრულებაში ჩაედოთ პუნქტი, რომლის ძალითაც კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა ექნება იმ შემთხვევაში, თუ "მაკლარენი" და გუნდისთვის ძრავების ახალი მიმწოდებელი "ჰონდა" კონკურენტუნარიანები არ იქნებიან.

ალონსოს ორჭოფობა გასაგებია. ესპანელი ძალიან შეაშფოთა აბუ დაბიში გამართულმა ტესტებმა, როცა "ჰონდას" ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთი სწრაფი წრის გავლაც ვერ მოახერხა.

ამასობაში, გერმანული Auto Motor und Sport-ი ამტკიცებს, რომ ამგვარი სირთულეების გამო ალონსომ, შესაძლოა, სრულად გამოტოვოს 2015 წლის სეზონი. ესპანელს იმედი აქვს, რომ 2016 წელს "მერსედესს" შეუერთდება, თუმცა საჩემპიონო გუნდში უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ სურთ ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნება.

თუ ალონსო მაინც გამოტოვებს 2015 წლის სეზონს, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელ ნიკო ჰიულკენბერგთან ერთად "პორშეს" მანქანით "ლე მანის 24-საათიან რბოლაში" მიიღოს მონაწილეობა. ჭორების თანახმად, ფერნანდოს უკვე აქვს მიღწეული წინასწარი შეთანხმება გერმანულ გუნდთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული