ფორმულა 1: ბოსების რჩეული ლუის ჰემილტონია

AutoSharing Option
გამოცემა "ავტოსპორტმა" ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ხელმძღვანელებს შორის და გამოავლინა წლის საუკეთესო პილოტი. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მოიპოვა.

გუნდების ბოსები გასული სეზონის საუკეთესო 10 პილოტს ასახელებენ, რომლებიც შეფასებას იღებენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი სისტემის მიხედვით: 25-18-15-12-10-8-6-4-2-1. ხმის მიცემა ანონიმურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ჰემილტონმა "ავტოსპორტის" პრიზი კომფორტული უპირატესობით მოიგო, მეორე ადგილი კი არა მისმა თანაგუნდელმა და ჩემპიონატში უახლოესმა კონკურენტმა ნიკო როსბერგმა, არამედ "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვა. და ეს იმის მიუხედავად, რომ
ესპანელს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მხოლოდ ორი პოდიუმი ჰქონდა.

სეზონში სამმა გამარჯვებამ დანიელ რიკარდოს მესამე ადგილის დაკავების საშუალება მისცა, მეოთხეზე კი "უილიამსის" წარმომადგენელი ვალტერი ბოტასი გავიდა. ვიცეჩემპიონი როსბერგი კი მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. სიურპრიზი შეიძლება ვუწოდოთ ჟიულ ბიანკის მერვე ადგილს. ეს პილოტი იაპონიის გრანპრის შემდეგ კვლავაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. სხვათა შორის ფრანგმა მონაკოს გრანპრიზე პირველი ქულები მოუტანა "მარუსიას".

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას იღებდნენ: კრისტიან ჰორნერი ("რედ ბული"), ტოტო ვოლფი ("მერსედესი"), ფედერიკო გასტალდი ("ლოტუსი"), მარკო მატიაჩი ("ფერარი"), ერიკ ბულიე ("მაკლარენი"), ვიჯეი მალია ("ფორს ინდია"), მონიშა კალტენბორნი ("ზაუბერი"), ფრანც ტოსტი ("ტორო როსო"), კლერ უილიამსი ("უილიამსი"), გრემ ლოუდონი ("მარუსია").

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ლუის ჰემილტონი 194
2. ფერნანდო ალონსო 155
3. დანიელ რიკარდო 135
4. ვალტერი ბოტასი 119
5. ნიკო როსბერგი 115
6. ფელიპე მასა 55
7. სებასტიან ფეტელი 53
8. ჟიულ ბიანკი 44
9. ჯენსონ ბატონი 40
10. დანიილ კვიატი 28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული