ფორმულა 1: "მერსედესი" უპირატესობას კარგავს?

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მომავალი სეზონის ტექნიკურ რეგლამენტში არსებული გარკვეული უზუსტობები აღიარა და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - ის ნებას რთავს გუნდებს, სეზონის მსვლელობისას ძრავების გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო "მერსედესი", მაგრამ ახლა "ფერარისა" და "რენოს" შესაძლებლობა ექნებათ, ბრძოლა გამოუცხადონ შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორს.

ძრავების გაუმჯობესება არ შეეძლება მხოლოდ "ჰონდას", რომელიც შვიდწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ფორმულა 1-ში და ძალისმიერი აგრეგატებით მოამარაგებს "მაკლარენს". თუმცა იაპონური კონცერნი გაუთანაბრდება ძრავების სხვა მიმწოდებლებს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ძალისმიერი აგრეგატის სპეციფიკაციას ამა წლის 28 თებერვლამდე
წარმოადგენს.

ალონსო "მერსედესში" შესაძლებელია

შარშანდელი სეზონის გამარჯვებული საჯინიბოს, "მერსედესის" ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ მომავალში გამორიცხული არ არის გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ფერნანდო ალონსოს გამოჩენა.

ამ წლის ბოლოს იწურება კონტრაქტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰემილტონთან და ჯერჯერობით არ არის ცნობილი - რა გეგმები აქვს ბრიტანელ პილოტს.

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი პრიორიტეტია - ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ პირველი ალტერნატიული ვარიანტი იქნება ფერნანდო ალონსოს მოწვევა, მეორე ვარიანტი - ვალტერი ბოტასი", - ამბობს ვოლფი.

* * *
ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "მერსედესი" თავის ახალ მანქანას - W06-ს იანვარის შუა რიცხვებში გაიყვანს ტრასაზე.

"ჩვენ არ ჩამოვრჩებით გრაფიკს და ზუსტად ვიცით, რისი მიღწევა გვინდა როგორც შასისთან, ასევე ძრავასთან მიმართებაში. პირველადი ამოცანაა - დავასრულოთ შასის მახასიათებლებზე მუშაობა იანვრის შუაში, რის შემდეგაც ჩავატარებთ ტესტებს სილვერსტოუნში. თუმცა მხოლოდ ხერესში მივიღებთ მეტ-ნაკლებად ცხად სურათს ძალთა თანაფარდობის შესახებ", - ესეც ტოტო ვოლფის სიტყვებია.

რაც შეეხება "მერსედესის" ახალი ბოლიდის პრეზენტაციას, სავარაუდოდ, ის პირველი ოფიციალური ტესტების წინ შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული