ფორმულა 1: 20 მილიონი ევრო წელიწადში!

AutoSharing Option
იტალიური "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მერსედესმა" მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ლუის ჰემილტონს ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელი ფიქსირებულ 20 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში.

კონტრაქტი ითვალისწინებს ბონუსებს - მილიონი ევრო ყოველი გრანპრის მოგებაზე და ხუთი მილიონი ტიტულის მოპოვების სანაცვლოდ.

ახლა ჯერი ჰემილტონზეა. ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ლუისის ფინანსური მოთხოვნები მთავარი ბარიერი იყო ხელშეკრულების გაგრძელებაზე. კერძოდ, ბრიტანელს სურს, წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი გამოიმუშავოს. ამ თანხაში არ შედის პირადი სპონსორული კონტრაქტებიდან შემოსავალი.

ჰემილტონი ახლაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია ფორმულა 1-ში. 2014 წელს
მისი შემოსავალი 32 მილიონ დოლარად არის შეფასებული - ხელფასი და ბონუსები 29 მილიონი და სპონსორული შემოსავალი - 3 მილიონი.

თუმცა მსოფლიოს ჩემპიონი ძალიან ბევრით ჩამორჩება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, პირველ სამეულში შედის ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი - 105 მილიონი, პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო - 80 მილიონი და ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი - 72.3 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული