მიხაელ შუმახერს ძველი ცოდვები გაუხსენეს

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ გერმანელ მიხაელ შუმახერს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. ასევე, ეჭვი არსებობს ფორმულა 1-ის სხვა პილოტებზე - ფერნანდო ალონსოსა და ჰეიკი კოვალაინენზე.

გასული წლის ნოემბერში ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიტანული ბანკის, HSBC-ის შვეიცარიულ ფილიალს ბრალი წაუყენეს გადასახადებისთვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში. მათი ინფორმაციით, HSBC Private Bank შეგნებულად ეხმარებოდა ზოგიერთ კლიენტს ვირჯინიის კუნძულებსა და პანამაში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით გადასახადების დამალვაში. 2005-07 წლების პერიოდში ოფშორულ კომპანიებში, საერთო ჯამში, 180 მილიარდ ევროზე მეტი გადაირიცხა.

კვირას არაკომერციულმა ორგანიზაცია ICIJ-მა, რომელიც ფრანგულ გაზეთ Le
Monde-თან და ბელგიურ გამოცემა Le Soir-თან ერთად აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას, 100 ათასი ცნობილი ადამიანის სია მიიღო, რომლებსაც საიდუმლო ანგარიშები აქვთ ბანკ HSBC-ში და ეჭვმიტანილნი არიან გადასახადების დამალვაში. მათ შორის არიან "რენოს" ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე და "დიდი ცირკის" სამი პილოტი - ფერნანდო ალონსო, ჰეიკი კოვალაინენი და მიხაელ შუმახერი.

ფლავიო ბრიატორეს კავშირი აქვს ცხრა საბანკო ანგარიშთან. იტალიელის მოგებამ 73 მილიონი დოლარი შეადგინა. ოთხი ანგარიში გააჩნია ალონსოს და ესპანელმა 42 მილიონი დოლარის მოგება ნახა კურსებს შორის სხვაობის ხარჯზე. კოვალაინენს შეხება ჰქონდა ერთ ანგარიშთან და მის შემთხვევაში ლაპარაკია მოკრძალებულ თანხაზე - 130 ათას ევროზე. მიხაელ შუმახერის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.

ალონსო უკვე გამოეხმაურა ამ ბრალდებას. მადრიდული გაზეთი "მარკა" იტყობინება, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ძალიან გაბრაზებულა ევროპულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე და თავის იურისტებს დაავალა სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანა საკუთარი ღირსების დასაცავად.

გაზეთს მოჰყავს ალონსოს ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვები: "ფერნანდო საზღვარგარეთ ცხოვრობდა და იქ იხდიდა გადასახადებს. მას შემდეგ, რაც ალონსო ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, მას ესპანეთში აქტივები აღარ ჰქონია. ესპანურ საგადასახადო სამსახურებს არასოდეს წამოუყენებიათ მის წინააღმდეგ პრეტენზიები, რადგან ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული