1. მსოფლიო ჩემპიონის სრული სახელი და გვარია - კიმი მატიას რაიკონენი, თუმცა, თუ ფინური ენის ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, მისი გვარის ყველაზე სწორი ტრანსკრიპცია იქნება - რეიკიონენი. პილოტი ჰელსინკის დასავლეთით, პატარა ქალაქ ესპოში 1979 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა.
2. კიმიმ ძალიან გვიან დაიწყო ლაპარაკი. პირველი სიტყვა მან სამი წლის ასაკში წარმოთქვა. მანამდე მისი პირადი თარჯიმანი უფროსი ძმა რამი იყო. თუ ოჯახურ მოგონებებს
3. სისწრაფისადმი კიმის ინტერესი ადრეული ასაკიდან გამოიხატა. ის და მისი ძმა ბაღში მოპედებით უმოწყალოდ ანადგურებდნენ ბალახსა და ყვავილებს, რითაც ძალიან ახარებდნენ ავტოსპორტის მოყვარულ ბაბუა პაავოს.
"ბაღი გადახნულ პოლიგონს ემსგავსებოდა. მოგვიწია კიმისთვის შეძენა კარტის. გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა, ასფალტი დაზარალებულიყო და არა დეკორატიული მცენარეები", - იხსენებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონის მამა მატი. სხვათა შორის, ასეთი შენაძენისთვის ოჯახის უფროსს ბევრი მუშაობა უწევდა: ის ერთდროულად გზის მუშად (ასფალტს აგებდა), მძღოლ-მტვირთავად და ერთ-ერთ ბარში მცველად მუშაობდა.
4. ფინეთის საზღვრებს გარეთ კარტინგით პირველი სტარტი მონაკოში ჰქონდა და რბოლის დროს კიმის საჭემ უმტყუნა. ფინელმა ამ დაზიანების შესახებ მეტად ორიგინალურად შეატყობინა თავის ინჟინრებს: როდესაც ბოქსებს ჩაუარა, რაიკონენმა საჭე ხელში დაიჭირა და თავზემოთ აღმართა.
5. მონაკოში შემდეგი რბოლა იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ფინელი პირველივე წრეზე გრანდიოზულ ავარიაში მოყვა. მექანიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კიმიმ შეწყვიტა რბოლა, მაგრამ პილოტმა მიწოლით გაათრია კარტი ტრასაზე და საბოლოოდ, ფინიშზე მესამე მივიდა.
6. "ფორმულა-რენოში" გამოსვლის დროს ჩვენმა გმირმა 23-დან 13 სტარტი მოიგო და გამარჯვებათა შესანიშნავი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა - 56.
7. როცა 2001 წელს პეტერ ზაუბერმა ფინელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, კიმი ლიცენზიის მიღებისას საერთაშორისო ავტოფედერაციის წინააღმდეგობას წააწყდა. პრეზიდენტი მაქს მოსლი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ელიტარულ კლასში შესვლაზე პრეტენზიას აცხადებდა ისეთი მრბოლელი, რომელსაც ფორმულა 3-ში ან ფორმულა 3000-ში გამოსვლის გამოცდილება არ გააჩნდა.
მაგრამ ზაუბერმა მაინც გაიტანა თავისი და რაიკონენმაც არ დააღალატა ახალი პატრონი: სადებიუტო რბოლაში, ავსტრალიის გრან-პრიზე ფინელი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო, როცა ოლივიე პანისი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა და შესაბამისად, კარიერაში პირველი ქულა მოიპოვა. არადა, კიმიმ კინაღამ გამოტოვა ის რბოლა.
ფინელს ძალიან უყვარს ძილი და ყოველი რბოლის წინ აუცილებლად მიდის დასასვენებლად. მელბურნში ის საინსტალაციო წრემდე 20 წუთით (!) ადრე წავიდა დასაძინებლად და ძლივს მიუსწრო სტარტის პროცედურას.
8. 2001 წელს, უნგრეთის გრან-პრიზე კიმიმ ოჯახსა და ნათესაობაზე ზრუნვის მაგალითი აჩვენა. მან ბუდაპეშტის ავტოდრომზე მიიყვანა თავისი 12 (!) ნათესავი: შვიდი კუზენი, ოთხი დეიდა და საყვარელი ბებია.
9. 2004 წელს, თავის მეგობარ სტივ რობერტსონთან ერთად, რაიკონენმა სარბოლო გუნდი Raikkonen Robertson Racing-ი (უფრო ცნობილი, როგორც Double R) შექმნა, რომელიც 2005 წელს ფორმულა 3-ის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ამ პროექტის ყველაზე დიდი წარმატება მაიკ კონვეის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2006 წელს British F3 International Series-ის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა და აგრეთვე, ძალიან პრესტიჟული მაკაოს გრან-პრი მოიგო.
10. ფორმულა 1-ში მოღვაწეობისას, კიმის უამრავი მეტსახელი მოუგონეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია - აისმენი ("ყინულის კაცი"). მექანიკოსები ფინელს, ტრადიციულად, ასე მიმართავენ - კიმსტერი ან კიმპა. ხოლო კიმის არაკეთილისმსურველებმა ჯერ კიდევ "მაკლარენში" ასპარეზობისას, ახალ მსოფლიო ჩემპიონს რეკე შეარქვეს - ეს არის გვარის ფინური შემოკლება, რომელიც "ცხვირმოუხოცავს" ნიშნავს.
11. 2004 წლის 31 ივლისს, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კიმიმ ჯენი დალმანზე იქორწინა. ეს გოგონა იმით არის გამორჩეული, რომ 1998 წელს "მის ტურკუს" სილამაზის კონკურსზე მთავარი პრიზი მოიპოვა, ხოლო ორი წლის შემდეგ "მის ფინეთზე" მეორე ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, გაიმარჯვა "მის სკანდინავია-2000"-ის ქასტინგზე. ჯენი თავისუფლად ფლობს შვედურ, ფინურ და ინგლისურ ენებს. იტაცებს ცხენოსნობა. ქორწილის შემდეგ წყვილი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად.
12. 2005 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა F1 Racing-მა რაიკონენი წლის პილოტად გამოაცხადა, ხოლო გამოცემა Autosport-მა - სეზონის საუკეთესო ავტომრბოლელად დაასახელა.
13. 2005 წლის სეზონში ნაჩვენები შედეგით, კიმიმ გაიმეორა ალენ პროსტის (1984, 1988) "რეკორდი" - ჩემპიონატში 7 რბოლა მოიგო, მაგრამ მაინც ვერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იმავე წელს რაიკონენი მიხაელ შუმახერსაც გაუტოლდა - ისევე, როგორც გერმანელმა, ფინელმაც სეზონში სარეკორდო რაოდენობის - 10 უსწრაფესი წრე დააფიქსირა. სულ კიმსტერის აქტივში 21 სწრაფი წრეა (მე-10 მაჩვენებელი ფორმულა 1-ის ისტორიაში).
14. "ფერარიში" გადასვლის შემდეგ რაიკონენი ფორმულას ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდა. მისი ყოველწლიური ხელფასი 51 მილიონ დოლარს უდრიდა.
15. რაიკონენი "ფერარის" ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ მან იტალიურ გუნდს თავისი არსებობის ისტორიაში მე-200 გამარჯვება და მე-600 პოდიუმი მოუტანა.
16. ფინელი ემინემის თაყვანისმცემელია და ამ რეპერის მუსიკის გარდა, მისი სვირინგებიც მოსწონს. ამა წლის მარტში კიმიმ, თავისი კუმირის მსგავსად, ტატუირება გაიკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია - ეს დროებითი სვირინგი იყო თუ სამუდამო.
17. აისმენის საყვარელი ტრასაა - "სპა". ფინელმა კარიერაში სამჯერ მოიგო ბელგიის გრან-პრი.
18. რაიკონენი მაინცდამაინც არ სწყალობს პრესასა და გულშემატკივრებს. ავსტრალიის გრან-პრის დროს, პარასკევის ავტოგრაფ-სესიაზე 60 გულშემატკივარი შეიკრიბა, მაგრამ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, პილოტმა ფანებს აუდიენციაზე უარი უთხრა. იმისთვის, რომ განრისხებული ქომაგები დაეშოშმინებინა, კიმი ერთი-ორი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა მისი მისამართით სტვენასა და შეძახილებს: "კიმი, იდიოტი ხარ!"
19. რაიკონენი "ფერარის" მესამე პილოტია, ვინც ჩემპიონის ტიტული იტალიურ გუნდში სადებიუტო სეზონის შემდეგ მოიპოვა. მანამდე იმავეს გაკეთება ხუან-მანუელ ფანხიომ და ჯოდი შექტერმა შეძლეს. გარდა ამისა, ის გახდა მესამე ფინელი მსოფლიო ჩემპიონი კეკე როსბერგისა (1982) და მიკა ჰაკინენის (1998, 1999) შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"