ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა - არ დასაჯოს "ფერარის" პილოტები სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი, აგრეთვე, "რედ ბულის" წევრი მაქს ფერსტაპენი სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი ინციდენტის გამო, რამაც პირველივე წრიდან მათი რბოლიდან გამოვარდნა გამოიწვია.
სტარტზე პოულის მფლობელმა ფეტელმა ვერ შეამჩნია თანაგუნდელის შეტევა და ცენტრისკენ დაიწყო მოძრაობა, რათა ხელი შეეშალა ფერსტაპენისთვის. ამ უკანასკნელმა გერმანელისგან თავის დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ რაიკონენის უკანა საბურავს შეეხო და ამან ფინელის "ფერარი" უმართავი გახადა.
კიმის ავტომობილი ფეტელს შეეჯახა
და ინერციით გააგრძელა სვლა პირველი მოსახვევისკენ, სადაც ფერსტაპენის" რედ ბული" და ფერნანდო ალონსოს "მაკლარენი" დააზიანა. ფეტელმა ცოტა ხანი გააგრძელა მოძრაობა, მაგრამ მალე მეორე დამტვრეული "ფერარიც" გაჩერდა ტრასის მიღმა.
სინგაპურის გრანპრის სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ამ სამიდან არც ერთ პილოტს არ მიუძღვის ბრალი ავარიის გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"