ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: ჰემილტონის ოთხში სამი

AutoSharing Option
კვალიფიკაცია ბაჰრეინში საინტერესო გამოვიდა. ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მეოთხე პოული მოიპოვა, მაგრამ "მერსედესის" დომინირება არ შეიმჩნეოდა - ბრიტანელის გვერდით სასტარტო ბილიკზე სებასტიან ფეტელი აღმოჩნდა. მეორე რიგიდან უნდა აეღოთ სტარტი ნიკო როსბერგსა და კიმი რაიკონენს. "მერსედესში" აშკარად შეშფოთებულნი ჩანდნენ "ფერარის" სარბოლო რითმით.

ჩაუვარდა ეს ეტაპი ჯენსონ ბატონს, რომელმაც კვალიფიკაციაზე ვერც ერთი წრე ვერ გაიარა, რისი მიზეზიც მანქანის პრობლემები იყო. მართალია, ბრიტანელი სტარტზე მაინც დაუშვეს, მაგრამ "მაკლარენმა" გადაწყვიტა მოეხსნა რბოლიდან ბატონი ERS-ის პრობლემების გამო. ინჟინრებმა ჩათვალეს, რომ ასეთი ბოლიდით გამოსვლა სახიფათო იქნებოდა.

სამაგიეროდ,
სიურპრიზი შემოგვთავაზა ბატონის თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ, რომელიც "მაკლარენ ჰონდას" ბოლიდით პირველად გადავიდა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე.

* * *
სტარტზე ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, ყველაზე კარგად კი რაიკონენმა იმოქმედა, რომელიც როსბერგის წინ აღმოჩნდა. კიმი აყოვნებდა ნიკოს იმ მომენტამდე, სანამ გერმანელს DRS-ის გამოყენების საშუალება არ მიეცა - როსბერგმა ღილაკს დააჭირა და მესამე ადგილი დაიბრუნა ფინელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად.

სანამ როსბერგი რაიკონენის უკან იმყოფებოდა, ფეტელმა მოასწრო თანამემამულესთან გარკვეული ჰანდიკაპის შექმნა, მაგრამ როგორც კი ნიკომ კიმის გაუსწრო, მან თანდათან შეამცირა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან ჩამორჩენა და მეცხრე წრეზე, ისევ DRS-ის დახმარებით მეორე "ფერარიც ჩამოიტოვა უკან. ამასთან, როსბერგი ძალიან აგრესიულად უახლოვდებოდა ჰემილტონს, ამცირებდა მასთან სხვაობას და პიტსტოპის ხარჯზე გეგმავდა ლუისისთვის ლიდერობის წართმევას.

ფეტელმა მე-14 წრეზე გახსნა პიტსტოპების პირველი სერია, ორი წრის შემდეგ კი საბურავების ახალი კომპლექტისთვის ბოქსებში შევიდა როსბერგი, თუმცა თანაგუნდელის უკან აღმოჩნდა. და კვლავ, "ფერარი" დიდი ხანი არ დარჩენილა "მერსედესის" წინ.

სწორედ მონაკვეთზე ნიკომ ისევ გაუსწრო სებას და ჰემილტონს გამოეკიდა. ლიდერთა ოთხეულიდან ყველაზე გვიან ბოქსებში რაიკონენი შევიდა და "მედიუმის" საბურავებით დაბრუნდა ტრასაზე, არადა, სხვა ლიდერებმა "სოფტი" აირჩიეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კიმიმ "მედიუმით" "მერსედესების" ტემპით იარა, არადა, თეორიულად უფრო ნელი საბურავები ჰქონდა არჩეული.

თავის მეორე პიტსტოპზე ფეტელი 33-ე წრეზე შევიდა და საბურავების საშუალედო კომპლექტი მიიღო. "მერსედესმა" სასწრაფოდ იხმო ბოქსებში ჰემილტონი და მანაც "მედიუმით" გააგრძელა რბოლა. შემდეგ იგივე გააკეთა როსბერგმა. ამ მანიპულაციების შემდეგ რბოლას სათავეში ჩაუდგა რაიკონენი, მას უკან მიჰყვებოდნენ ჰემილტონი, ფეტელი და როსბერგი. ამ უკანასკნელმა ეტაპზე მესამედ გაუსწრო ფეტელს. ამასობაში, სებასტიანს სამწუხარო ამბავი აცნობეს - "ფერარიზე" "ცხვირი" იყო დაზიანებული, რამაც მას პოდიუმზე ასვლის შანსი მოუსპო.

რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ "ფერარის" ინჟინრებმა დიდხანს გააჩერეს კიმი "მედიუმზე". ფინელს არა მხოლოდ ჰემილტონმა, არამედ ალონსომაც გაუსწრო. რაიკონენმა ფინიშამდე მხოლოდ 17 წრით ადრე მიიღო "სოფტის" კომპლექტი და შეტევაზე გადავიდა. ფინელის ტემპი კონკურენტებისაზე გაცილებით მაღალი იყო.

თავის მხრივ, ფეტელი დაეწია ვალტერი ბოტასს. ფინიშამდე 10 წრით ადრე გერმანელს შესატევი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ სწორ მონაკვეთზე ტემპი არ ჰყოფნიდა და სება მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა. პარალელურად, ალონსო მე-11 ადგილზე იმყოფებდა და, ალბათ, გულში ნატრობდა ტოპ-ათეულის რომელიმე წევრის გამოვარდნას. ამის შანსი მართლაც იყო - ბოლო მეტრებზე ძრავა დაეწვა დანიელ რიკარდოს "რედ ბულს", მაგრამ ავსტრიელმა ინერციით გადაკვეთა საფინიშო ხაზი.

რაიკონენი ყველანაირად ცდილობდა როსბერგის დაწევას. ნიკო შესამჩნევად ნერვიულობდა და აღარც ფიქრობდა ჰემილტონის შევიწროებაზე - გერმანელი მეორე ადგილის შენარჩუნებაზე იყო კონცენტრირებული. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კიმი ყოველ წრეზე წამს იგებდა.

ბოლოსწინა წრეზე ფინელმა აჩვენა - რა არის ნამდვილი რბოლა ჯადოსნური ღილაკების გარეშე. კიმიმ პირველ მოსახვევში შესვლისას შეცდომა დააშვებინა როსბერგს და შემდეგ გამოცდილების ხარჯზე გაუსწროდა მას. "მერსედესის" პილოტის კონტრშეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. ჰემილტონს ძალიან გაუმართლა, რომ კიმის დრო აღარ დარჩა - და ლუისმა შეინარჩუნა პირველობა.

ფინიშის შემდეგ "მერსედესის" შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ მის გუნდს მუხრუჭებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და კიდევ ერთი წრე რომ ყოფილიყო, რაიკონენი გამარჯვებას შეინარჩუნებდა. ასე კი ჰემილტონმა სეზონში მესამე და კარიერაში 36-ე გრანპრი მოიგო, კიმი კი 2013 წლის შემდეგ პირველად ავიდა პოდიუმის მეორე საფეხურზე.

ბრძოლა ჩემპიონატში სამი კვირის შემდეგ ესპანეთში გაგრძელდება.

IV ეტაპი
საჰირი (57 წრე, 308.238 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:35.05,809 (2 პიტსტოპი)
2(4). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +3,380 (2)
3(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +6,033 (2)
4(5). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +42,957 (2)
5(2). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +43,989 (3)
6(7). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +1.01,751 (2)
7(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.24,763 (2)
8(11). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (2)
9(17). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (2)
10(6). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე (2)

11(14). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (2)
12(12). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (3)
13(8). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (3)
14(13). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (3)
15(16). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 1 წრე (3)
16(18). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
17(19). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 3 წრე (2)
18(15). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 21 წრე
19(9). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 26 წრე (2)
20(20). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) სტარტის გარეშე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 93 (3 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 66; 3. სებასტიან ფეტელი - 65 (1); 4. კიმი რაიკონენი - 42; 5. ფელიპე მასა - 31; 6. ვალტერი ბოტასი - 30; 7. დანიელ რიკარდო - 19; 8. ფელიპე ნასრი - 14; 9. რომენ გროსჟანი - 12; 10. მაქს ფერსტაპენი - 6; 10. ნიკო ჰიულკენბერგი - 6; 10. კარლოს საინსი - 6; 13. სერხიო პერესი - 5; 13. მარკუს ერიქსონი - 5; 15. დანიილ კვიატი - 4.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 159; 4. ფერარი - 107; 3. უილიამსი - 61; 4. რედ ბული - 23; 5. ზაუბერი - 19; 6. ლოტუსი - 12; 6. ტორო როსო - 12; 8. ფორს ინდია - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული