F1-ის გვერდის მორიგი სტუმარი "მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსოა...
- როგორ ემზადებით სტარტისთვის?
- სავარაუდოდ, იმედს გავუცრუებ ზოგიერთებს იმ აღიარებით, რომ სტარტის წინ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ტრასაზე ადრე მივდივარ - დაახლოებით სამი-ოთხი საათით ადრე. ვატარებთ ბრიფინგს ინჟინრებთან, განვიხილავთ სტრატეგიას, პიტსტოპების რაოდენობას და მსგავს მომენტებს. შემდეგ პილოტების აღლუმზე მივდივარ და გულშემატივრებს
- რა არის კარგი საღამოს წარმატების საფუძველი?
- მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მომდევნო დილას გვიან ადგომა. ხმაურიანი საღამოს შემდეგ ბევრი ძალა არ გრჩება.
- რა უნდა ჰქონდეს პილოტის აუცილებლად საკუთარ ოთახში ან მოტორჰოუმში?
- განსაკუთრებული არაფერი. მოდით, ასე ვთქვათ: პუნქტუალური ადამიანი ვარ, ამიტომაც ძალიან ბევრი ქაღალდი უნდა იყოს უქმეების წუთებში გაწერილი განრიგით. და გავლილ პუნქტებს გადავხაზავ ხოლმე.
- რა პროდუქტები უნდა გქონდეთ შინ მაცივარში?
- მუდმივ მოგზაურობას თუ გავითვალისწინებთ, უნდა იყოს პროდუქტები, რომლებიც სამი-ოთხი კვირა ინახება. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩემი მაცივარი პრაქტიკულად ცარიელია. დაბრუნების შემდეგ მაღაზიაში მივდივარ.
- რა მთავარი თვისებები უნდა გამოარჩევდეს გუნდში კარგ პარტნიორს?
- სწრაფი, გუნდის მიმართ ლოიალური, იუმორის კარგი გრძნობით. დიდ დროს ვატარებთ ერთად, ამიტომაც, გარდაუვალია სტრესული სიტუაციები, მაგალითად, გუნდის შიგნით. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია მომხდარზე იუმორით რეაგირება. ეს ძალიან გვეხმარება.
- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ სტრესს აეროპორტში?
- ამის შესახებ რჩევა არ მაქვს. აეროპორტებში ბევრ დროს ვატარებ, რადგან არ მიყვარს ბოლო წუთს მისვლა. ვცდილობ სულელური განცდები ავიცილო თავიდან, რაც დაგვიანებებს უკავშირდება. ამიტომაც, თუ ჩემი მძღოლი ამბობს, რომ დილის ცხრა საათზე მოვა აეროპორტში წასაყვანად, ვთხოვ მას ნახევარი საათით ადრე მოვიდეს. ეს დამატებითი ნახევარი საათი საშუალებას მაძლევს არ ვინერვიულო.
- რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ფორმულა 1-ის მრბოლელი გახდე?
- ხანდახან ოდნავ მსახიობი უნდა იყო. ეს გეხმარება იმ სიტუაციებში, როცა არ გჭირდებათ სრული სიმართლის ლაპარაკი. ასეთ მომენტებში საჭიროა მსახიობის ოსტატობის გამოვლენა. გარდა ამისა, გარკვეულ წილად ეგოისტი უნდა იყო, უნდა მოიპოვო გარშემო მყოფთა პატივისცემა.
- რა არის საჭირო რბოლის შემდეგ სტრესიდან გამოსასვლელად?
- როგორც წესი, რბოლის ვიდეოჩანაწერს ვუყურებ. ეს დამშვიდებასა და საკუთარი მოქმედების შეფასებაში მეხმარება. როცა გამეორებას ვუყურებ, რბოლა ჩემთვის ისტორია ხდება და ეს წინსვლის საშუალებას მაძლევს.
- რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს პირველი ხარისხის სარბოლო ტრასას?
- სწრაფი მოსახვევები. ეს საკმარისია. უნდა იყოს მოსახვევები, რომლებშიც შეგიძლიათ ზღვარზე შეტევა და მაქსიმალური ადრენალინის მიღება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის სუზუკაზე.
- რომელია მთავარი აპლიკაცია თქვენს ტელეფონში?
- სავარაუდოდ, Twitter. მომწონს გულშემატკივრებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ამ ქსელში ახალ ამბებს ვეცნობი. რა თქმა უნდა, ეს არ შეედრება გაზეთების კითხვას, მაგრამ თუ დილით ახალი ამბებს დაუვლით, მეტ-ნაკლებად ყველაფრის საქმის კურსში იქნებით.
- რა მთავარი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული გუნდის ხელმძღვანელი?
- მომწონს ისეთი ხელმძღვანელები, რომლებსაც შენგან რეალური მოლოდინი აქვთ. გუნდის რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაცილებით უკეთესია, როცა ისინი სიმართლეს გეუბნებიან. თუ ხელმძღვანელი ბევრს გპირდება, რეალობა კი იმედს გიცრუებს, ეს ხელს გიშლის. არსებობენ ბოსები, რომლებიც ასეთ ილეთებს იყენებენ. მე ეს არ მომწონს - მირჩევნია სიმართლე გავიგონო.
- რომელ გრანპრის უნდა დაესწროს გულშემატკივარი ერთხელ მაინც ცხოვრებაში?
- თუ მძაფრი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები გსურთ, მონაკოში გაემგზავრეთ, თუ ნამდვილი გულშემატკივარი ხართ - მონცაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"