ფორმულა 1. ექსპერტის აზრი: როსბერგმა იცის, რომ ლუისზე ნელია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა BBC-ზე საკუთარ ბლოგში შეაჯამა იტალიის გრან-პრის შედეგები...

"ლუის ჰემილტონი დომინირებდა მონცაზე. ამისთვის ყოველთვის საჭიროა გყავდეს შესაბამისი მანქანა. აგრეთვე უნდა იცოდე საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილების მიღება.

2012 წლის ბოლოს, ბევრი აკრიტიკებდა ჰემილტონს იმის გამო, რომ "მაკლარენი" დატოვა და "მერსედესში" გადავიდა. ეს მისი პირველი სერიოზული ტრანსფერი იყო ცხოვრებაში, რადგან 11 წლის ასაკიდან მხარს უჭერდნენ ბრიტანულ საჯინიბოში, მისი კარიერით დაკავებული იყო მშობელი მამა, მაგრამ რაღაც მომენტში, ლუისი ორივეს დაშორდა.

მან დაუჯერა ნიკი ლაუდასა და როს ბრაუნს, რომლებმაც
დაარწმუნეს პილოტი, რომ "მერსედესთან" კონტრაქტი - მომავლისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. როგორც დღეს ჩანს, ისინი მართლები იყვნენ.

ჰემილტონი ამბობს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს, როცა გარშემო მყოფნი მის პირად ცხოვრებას აკრიტიკებენ. ხანდახან, კრიტიკა ჩემი მისამართითაც ისმის, როცა ვამბობ, რომ ლუისი ტრასაზე აირტონ სენას სტილში მოქმედებს. ეს სიტყვები ბევრს მკრეხელობად მიაჩნია, მაგრამ ეს მართლაც ასეა.

ჩვენ არ შეგვიძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ მისი თანაგუნდელის ნიკო როსბერგის კარიერა ადრე უფრო უკეთ ვითარდებოდა. ნიკომ სერიოზულად გაურთულა ცხოვრება ლუისს 2013 და 2014 წლებში. ჰემილტონს, როგორც ყველა დიად სპორტსმენს, განსაკუთრებული სიჩქარე აქვს. და 2014 წელს, ხანდახან ჩანდა, რომ როსბერგმა მოახერხა ჰემილტონის ამ უპირატესობის ნეიტრალიზება, მაგრამ წელს ასე არ არის.

ამ დღეებში, ერთი ბიჭი დასცინოდა ლუისის სვირინგებს. მე ტატუებში ვერ ვერკველი, მაგრამ თუ ლუისს ეს მოსწონს, თუ მას სურს თმების ყვითლად შეღებვა - დაე, მოიქცეს ისე, როგორც თავად უნდა. რა უფლება გვაქვს მისი განსჯის? სანამ ეს ყველაფერი მის პილოტირებას ხელს არ უშლის, და ცხადია, რომ უარყოფითი გავლენა არ არსებობს - ლუისს შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება.

ჰემილტონი ახალგაზრდაა, მდიდარი, ფორმის პიკზე იმყოფება, ჰყავს შესანიშნავი მანქანა. ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, გრძნობს დამაჯერებლობას საკუთარ ძალებში, რაც ჩანს კიდეც მის მოქმედებებში ტრასაზე.

მონცაზე გამარჯვებამ და როსბერგის გავარდნამ, ლუისს საშუალება მისცა უპირატესობა 53 ქულამდე გაეზარდა. და ნიკომაც აბსოლუტურად პატიოსნად აღიარა, რომ ახლა, ტიტულისთვის ბრძოლაში ჰემილტონის გასწრება ძალიან რთული იქნება.

დიახ, ის ბოლომდე იბრძოლებს, ჰემილტონს შეიძლება შეექმნას პრობლემები საიმედოობასთან დაკავშირებით ან წარუმატებლობა შეხვდეს, მაგრამ თუ გულახდილად ვილაპარაკებთ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, ნიკო იშვიათად შეესაბამებოდა ლუისის დონეს.

მე ექვსი წელი ვიყავი მიკა ჰაკინენის თანაგუნდელი და ვიცი, რას ნიშნავს - გამოდიოდე ერთ გუნდში პილოტთან, რომელიც შენზე ოდნავ სწრაფია. ხანდახან, მხოლოდ წამის მეათედს აგებთ, მაგრამ ეს უკვე დამარცხებაა. არ ნებდებით, საკუთარ თავს ეუბნებდით, რომ მასზე უარესი არ ხართ, მომატებისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებთ... სწორედ ეს განასხვავებთ სპორტსმენებს.

როსბერგი წელს აგებს ჰემილტონთან და ეს მან იცის. აქ საწყენი არაფერია. ნიკო - შესანიშნავი პილოტია და "მერსედესის" ბრწყინვალე აქტივიც, უბრალოდ, ჰემილტონი უფრო სწრაფია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული