ფორმულა 1. მექსიკის გრან-პრი: პირველად 23 წლის შემდეგ

AutoSharing Option
1992 წლის შემდეგ, მეხიკოში პირველად გაიმართა მექსიკის გრან-პრი. იქაურმა პუბლიკამ დაძაბული და საინტერესო რბოლა იხილა: ბოლო სამ ეტაპზე კიმი რაიკონენსა და ვალტერი ბოტასს შორის უკვე მეორე შეჯახება, "მერსედესის" მეათე დუბლი სეზონში, ნიკო როსბერგის მწვერვალზე დაბრუნება...

მერსედესი
სარბოლო უქმეების დასაწყისში ისე ჩანდა, რომ "რედ ბული" და "ფერარი" "მერსედესებთან" არც ისე ბევრს აგებდნენ. მაგრამ, სინამდვილეში, გერმანული საჯინიბოს უპირატესობა ძალიან დიდი იყო.

როსბერგი და ლუის ჰემილტონი დიდი ტემპით შორდებოდნენ პელოტონს და უკვე პირველი პიტსტოპისთვის ყველას 16 წამს უგებდნენ. W06-ს სისწრაფე მეორე "სადაზღვევო" პიტსტოპისთვისაც ეყო,
რომლის შემდეგაც "მერსედესებს" კიდევ 15 წამი უპირატესობა რჩებოდათ.

ლუის ჰემილტონმა თავისი სატურნირო ამოცანები ჯერ კიდევ ოსტინში გადაწყვიტა, ნიკო როსბერგისთვის კი ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გერმანელი ოთხი თვეა ვერ იგებდა, რამდენიმე მტკივნეული მარცხი განიცადა და მეორედ წააგო ჩემპიონის ტიტული. იმედია, მეხიკოში გამარჯვება ნიკოს გამარჯვების რელსებზე დააბრუნებს.
ნიკო როსბერგი: "ეს საუკეთესო პოდიუმია ჩემს ცხოვრებაში! ყველაფერი წარსულში დავტოვე".

ფერარი
"სკუდერია" შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს ეს უქმეები - ეს პირველი ორმაგი გავარდნა იყო "ფერარისთვის" 2006 წლის ავსტრალიის გრან-პრის შემდეგ. კვალიფიკაციაში სებასტიან ფეტელმა შეძლო სასტარტო ბილიკის მეორე რიგში მოხვედრა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა.

ტექნიკური პრობლემები, შეცდომები, მეტოქეებთან შეჯახებები - ასეთი რაოდენობის პრობლემები გუნდს დიდი ხანია არ ჰქონია. საბოლოოდ, სებამ დაკარგა მეორე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში და ჩემპიონატის ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე, როსბერგთან 21 ქულას აგებს. რაიკონენი კი ისევ ბოტასის უკან აღმოჩნდა.

სებასტიან ფეტელი: "ჩემს მანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - მე თავად დავუშვი შეცდომა".

რედ ბული
რუსმა დანიილ კვიატმა მოახერხა რეაბილიტაცია აშშ-ის გრან-პრიზე დაშვებული ავარიის შემდეგ. "რედ ბულის" პილოტმა შესანიშნავი სტარტი აიღო, მესამე ადგილზე გადავიდა და ამ პოზიციას თითქმის მთელი დისტანციის განმავლობაში ინარჩუნებდა. თუმცა ბოლოს მაინც ვერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა. ასევე აღვნიშნავთ, რომ კვიატმა კვლავ მოახერხა თანაგუნდელის დანიერ რიკარდოს გასწრება, რომელმაც პირველი პიტსტოპის შემდეგ "უილიამსები" წინ გაუშვა და პოდიუმისთვის ბრძოლებში არ მონაწილეობდა.

"რედ ბულმა" შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმუმი მიიღო. ყოფილი ჩემპიონებისთვის ეს იყო საუკეთესო რბოლა სინგაპურის შემდეგ.

დანიილ კვიატი: "ბევრი ქულა დავაგროვეთ და, მართალია, პოდიუმზე უნდა ვმდგარიყავით, მაგრამ არაფერზე გვაქვს საწუწუნო".

უილიამსი
იტალიის გრან-პრიდან თითქმის ორი თვე გავიდა და "უილიამსი" დაბრუნდა პოდიუმზე. ვალტერი ბოტასი ჯიუტად მიიკვლევდა გზას მეტოქეებს შორის პირველ სამეულში მოსახვედრად. რაიკონენთან შეჯახებამ ფინელისთვის უკვალოდ ჩაიარა, ხოლო დასკვნითი რესტარტის შემდეგ, ვალტერიმ გადამწყვეტი სპურტი შეასრულა და უკან აღარც მოუხედავს - ახალი საბურავებით "უილიამსი" "რედ ბულზე" გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა.

ამ წარმატებით წყალობით, ბოტასმა დაიბრუნა მეოთხე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში - გაუსწრო კიმი რაიკონენს, რომელსაც ექვს ქულამდე მიუახლოვდა მეორე უილიამსელი ფელიპე მასა.
ვალტერი ბოტასი: "დღეს ჩვენ ვიბრძოდით, როგორ ჩემპიონები".

მაკლარენი
"მაკლარენი" აგრძელებს საკუთარი ანტირეკორდების დამხობას - ამჯერად, ჯენსონ ბატონმა მიიღო ჯარიმა სტარტზე 70 პოზიციის დაკარგვის სახით, ფერნანდო ალონსომ კი რბოლა, ფაქტობრივად, სტარტამდე წააგო.

მექანიკოსებმა ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები წინა დღეს აღმოაჩინეს, ასე რომ, ესპანელმა იცოდა - მანქანა ერთზე მეტ წრეს ვერ გაუძლებდა, მაგრამ გულშემატკივრებს პატივი სცა და სტარტზე გავიდა. ბატონმა, მართალია, შეძლო ფინიშამდე მისვლა, მაგრამ მხოლოდ "მანორების" უკან ჩამოტოვება მოახერხა.

ჯენსონ ბატონი: "სტარტზე მხოლოდ ის დამრჩენოდა, რომ სხვა მანქანებისთვის ხელი დამექნია - სიჩქარეში სხვაობა უბრალოდ კოლოსალური იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული