ორშაბათს საჯინიბოები ავსტრალიისკენ დაიძვრებიან, სადაც 20 მარტს, მელბურნის ტრასაზე ახალი სეზონი აიღებს სტარტს. მანამდე კი გთავაზობთ უცხოური პრესის ანალიზს ტესტების მეორე სერიის შესახებ.
საერთო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ "მერსედესის" დომინირება გაგრძელდება - W07 საათივით მუშაობს, ხოლო გერმანული საჯინიბოს ინჟინრებმა ტექნიკური სიახლეებით ისევ გააკვირვეს ყველა.
საუკეთესო სეზონი
"მოხარული ვარ, რომ ის მწყობრიდან გამოვიდა!" - იხუმრა ლუის ჰემილტონმა, როცა ოთხი დღის განმავლობაში გავლილი 2000 კილომეტრის ტესტების მსვლელობისას, "მერსედესში" თითქმის არ მუშაობდნენ რბილი საბურავებით და ისევ დაკავებულნი იყვნენ შემდგომი ანალიზისთვის მონაცემების შეგროვებით, მათ შორის, ახალი ტელემეტრიისთვის, რომელიც რეალურ დროში ადევნებს თვალს საბურავების მდგომარეობას. მეტოქეებმა ასევე აღნიშნეს ახალი ანტიფრთა, რომელიც ქარის მთელ პროფილს ცვლის მანქანის ამ ნაწილში.
"ჩვენ ვიცით, რომ "ფერარი" ძალიან სწრაფია, მაგრამ ისინი თავისებურად მუშაობენ. სხვა მხრივ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - თქვა ნიკო როსბერგმა. - მელბურნისთვის მზად ვარ".
როგორც პირველი ტესტების დროს, ახლაც "ფერარი" ლიდერობდა არაოფიციალურ ოქმებში და რეგულარულად აჩვენებდა წრეზე საუკეთესო დროს. მიუხედავად ამისა, მარანელოში აღიარებენ: "მერსედესი" მაინც წინ არის. გუნდში აშკარად მიაღწიეს პროგრესს და იმედოვნებენ, რომ ეს საკმარისი იქნება "მერსედესთან" რეგულარულად საბრძოლველად.
"უილიამსში" კი გამარჯვებაზე ბრძოლისთვის ჯერ არ ფიქრობენ. ბრიტანელები წინა ფრთის ახალ ვერსიაზე მუშაობენ, რომელსაც დებიუტი ბაჰრეინში ექნება. გარდა ამისა, ფელიპე მასა აღნიშნავს, რომ FW38 რთულად გადის ნელ მოსახვევებს.
"სინამდვილეში, არ გვინახავს საქმეში "ფერარი", "უილიამსი" და "რედ ბული". ასე რომ, თავი არ უნდა დავკარგოთ, - განაცხადა "მერსედესის" შეფმა ტოტო ვოლფმა. - მაგრამ არის შეგრძნება, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ბოლო წლებში".
"ხარების" იმედები
"წელს ჩვენ შევძლებთ რბოლების მოგებას, - ტესტების ბოლოს განაცხადა დანიელ რიკარდომ. - "მერსედესი" ისევ წინ არის, მაგრამ მზად ვართ, გამოვიყენოთ თითოეული შანსი". ტესტებზე "რედ ბული" მეხუთე ადგილზე ზემოთ არ ასულა, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ექს-ჩემპიონს ჯერ არ უჩვენებია რეალური ძალა.ავსტრალიაში "რედ ბული" ამაღლებული განწყობით მიემგზავრება. მანქანის ძარა ზუსტად ისე იქცევა, როგორც ინჟინრები ვარაუდობდნენ, ხოლო "რენოში", როგორც ჩანს, ძრავის სიმძლავრე გაზარდეს - ფრანგები ჰელმუტ მარკომაც კი შეაქო. თუმცა ფრანგები აღიარებენ, რომ მათი ძალისმიერი აგრეგატი ჯერ ისევ ჩამორჩება "მერსედესსა" და "ფერარის" და ვარაუდობენ, რომ მანქანის პოტენციალს სრულად კანადის გრანპრის შემდეგ გამოავლენენ, სადაც დებიუტი ექნება ახალ ძრავას.
კარგ ხასიათზე არიან "ტორო როსოში". იტალიური საჯინიბოს ახალმა მანქანამ წარმატებით გაიარა 600 წრეზე მეტი (ამ მაჩვენებლით მხოლოდ "მერსედესს" ჩამორჩნენ), ბოლო ორ დღეში კი STR11 ოთხ ყველაზე სწრაფ ბოლიდს შორის იყო.
საშუალო კლასი
პელოტონის მეორე ნახევრისთვის ტესტები წარუმატებელი აღმოჩნდა. თითქმის ყველას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რამაც სეზონის დასაწყისში მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს."ფორს ინდიამ" ბოლო დღეს მხოლოდ 60 წრე გაიარა - გაითიშა ძალისმიერი აგრეგატი. გარდა ამისა, გამოჩნდა ფუნდამენტალური პრობლემა - საბურავების ცვეთის მაღალი ხარისხი.
"რენოს" ტესტების დროს რამდენიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც სრულად ვერ გაიარა დაგეგმილი პროგრამა. ფრანგულ გუნდს დიდი იმედები არ აქვს და მხოლოდ ქულებისთვის ბრძოლას იმედოვნებს.
ბარსელონაში ხშირად ჰქონდა პრობლემები "მაკლარენს", რომელიც "ჰონდას" ახალ ძრავას ტესტავდა. ჯენსონ ბატონმა განაცხადა, რომ ძალისმიერი აგრეგატის განახლება - წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ პირველივე დღეს მწყობრიდან გამოვიდა ელექტროობა. "არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მზად ვარ სეზონისთვის. ბევრი რამ არის შესაცვლელი", - ამბობს ჯენსონი.
ვერაფრით დაიკვეხნის "ზაუბერი". შვეიცარიელები ისევ აუტსაიდერებთან ახლოს იქნებიან. ტექნიკური პრობლემების გამო ნასრმა და ერიქსონმა მხოლოდ 406 წრე გაიარეს და ღირებული დროც ვერ აჩვენეს.
მეორე ტესტების საერთო ცხრილი
1. რაიკონენი (ფერარი) 1:22.765 (208 წრე)
2. ფეტელი (ფერარი) +0.087 (293)
3. როსბერგი (მერსედესი) +0.257 (324)
4. საინსი (ტორო როსო) +0.369 (299)
5. მასა (უილიამსი) +0.427 (248)
6. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) +0.486 (258)
7. ბოტასი (უილიამსი) +0.496 (231)
8. ფერსტაპენი (ტორო როსო) +0.617 (303)
9. ჰემილტონი (მერსედესი) +0.857 (295)
10. პერესი (ფორს ინდია) +0.956 (188)
11. მაგნუსენი (რენო) +1.168 (245)
12. რიკარდო (რედ ბული) +1.662 (258)
13. ბატონი (მაკლარენი) +1.949 (242)
14. ნასრი (ზაუბერი) +1.995 (219)
15. პალმერი (რენო) +2.094 (188)
16. ალონსო (მაკლარენი) +2.105 (211)
17. ვერლიაინი (მანორი) +2.148 (127)
18. ერიქსონი (ზაუბერი) +2.266 (187)
19. კვიატი (რედ ბული) +2.284 (190)
20. გროსჟანი (ჰაასი) +2.490 (144)
21. გუტიერესი (ჰაასი) +2.657 (49)
22. ჰარიანტო (მანორი) +3.134 (103)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"