ფერნანდო ალონსო: "მერსედესი" ცალკე ლიგაშია

AutoSharing Option
გამოცემა Cadena Ser-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფერნანდო ალონსო ლაპარაკობს რთულ 2015 წელზე და ახალ სეზონთან დაკავშირებულ იმედებზე...

- რა ხდება თქვენს კარიერაში? იღბალმა ზურგი გაქციათ?
- არ მჯერა, რომ საქმე იღბალშია. "ფერარიში" ძალიან ახლოს ვიყავით წარმატებასთან. "მაკლარენში" კი მხოლოდ პროექტის დასაწყისში ვართ, ჯერ ისევ ჩამოვრჩებით დანარჩენებს. მუდმივად ვცდილობთ მომატებას, მოტივაციის ამაღლებას. წარმატება - ყოველთვის დროებითია, ბედნიერება შენს საქმეში უნდა იპოვო. იმედია, ჩვენი სამუშაო ბედნიერების მომენტებამდე მიგვიყვანს.

- გასული წელი რთული იყო. ასეა?
- ძალიან რთული და იმედგაცრუების მომტანი, რადგან შანსიც კი
არ გვქონდა! მთელი წელი ისე გავატარეთ, რომ რბოლის საშუალება არ მოგვეცა. გავდიოდით ტრასაზე და წინასწარ ვიცოდით, რომ ძრავა მხოლოდ 10 წრე გაძლებდა. ყველაზე რთული მომენტია ის, როცა გავიწყდება, რომ სპორტსმენი ხარ. მაგრამ არ ვბრაზდები. ძალიან ნიჭიერი თანამშრომლები გვყავს გამარჯვების დიდი სურვილით. პროექტი საწყის ფაზაშია, ერთად ვმუშაობთ მის განვითარებაზე.

- ხანდახან არ გიფიქრიათ ამ პროექტის დატოვება?
- არასოდეს. ერთხელაც არ გამიფიქრებია წასვლა ან ერთი წლით პაუზის აღება. არ მიმაჩნია ჩემი თავი პელოტონის ყველაზე ნიჭიერ პილოტად, მაგრამ ვფიქრობ, ამ 16 წლის განმავლობაში ყველაზე ბევრს ვმუშაობდი შედეგის მისაღებად. ჩემს ხასიათში არ არის წასვლა და პაუზა.

- წლევანდელი მანქანა მოგცემთ პოდიუმზე ასვლის საშუალებას?
- ვნახოთ, ჯერ ადრეა. მოლოდინი მაღალია, რადგან ძალიან დაბალი დონიდან ვიწყებდით. იმისთვის, რომ რეალურად მოვუმატოთ, პროგრესი დიდი უნდა იყოს. გასულ ტესტებზე დადებითი განწყობა გაჩნდა, ვიგრძენი მანქანის გაუმჯობესება, მაგრამ გარკვეული პროგრესი ჯერ ისევ აუცილებელია. როცა ყველა საჭირო საკითხი მოგვარდება, წინსვლა ძალიან დიდი იქნება, მაგრამ კონკურენტებიც გაძლიერდნენ, "მერსედესი" კი ცალკე ლიგაშია.

- ამ მომენტისთვის, როგორია თქვენი გზავნილი გულშემატკივრების მისამართით?
- არ ვფიქრობ, რომ შორს ვართ პოდიუმისგან. გამიკვირდება, თუ თავიდანვე მოვხვდებით სამეულში, რადგან პირველი რბოლისთვის ყველაფერი მზად არ იქნება. მაგრამ თუ ისე გავაგრძელებთ, როგორც საჭიროა, მაშინ არ დაივიწყოთ, რომ ჩემპიონატი 21 ნოემბერს სრულდება.

"მერსედესთან" ახლოს ვიყავი
- თანამედროვე ფორმულა 1 ნაკლებად მოგწონთ?
- დიახ, რადგან მანქანები უფრო ნელა მოძრაობენ. გულშემატკივარს სულ უფრო უჭირს თანამედროვე რბოლების აღქმა. აეროდინამიკის წესები ძალიან რთულია, მანქანა 120 კილოგრამით დამძიმდა, რის გამოც ფორმულა 1 უფრო ნელი გახდა.

- ისევ ფიქრობთ, რომ "მაკლარენი" ერთადერთია, რომელსაც 2017 წელს "მერსედესის" დამარცხება შეუძლია?
- რთულია შორსმიმავალი გეგმების დაწყობა, მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. საქმე ისაა, რომ არ ვახდენთ სხვების სამუშაოს კოპირებას. ჩვენ გვყავს ახალი ადამიანები, რომლებსაც ადრე ფორმულა 1-ში არ უმუშავიათ. მათ ბევრი იდეა და პროექტი გააჩნიათ.

- 2014 წელს მართლა გქონდათ ჰემილტონთან გაცვლის შედეგად "მერსედესში" გადასვლის შანსი?
- დიახ, ასეთი წინადადება არსებობდა, მაგრამ "ფერარიმ" არ მოისურვა, რადგან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩემთან კონტრაქტის 2019 წლამდე გაგრძელებაზე. საბოლოოდ, ვერ მოვილაპარაკეთ და "მაკლარენში" წავედი. არ ვიცი, იყო თუ არა ჰემილტონი საქმის კურსში.

- რატომ არ მოგეწონათ "ფერარიში" დარჩენის იდეა?
- გუნდში სერიოზული ცვლილებები იწყებოდა და მივიჩნიე, რომ ეს იქნებოდა შესაფერისი მომენტი ციკლის დასასრულებლად. იმედია, ყველა პილოტს ოდესღაც ექნება "ფერარიში" გამოსვლის შანსი. ეს ბრწყინვალე გამოცდილებაა, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. "ფერარი" უფრო მეტია, ვიდრე გუნდი. მაგრამ იქ მაღალი მოთხოვნებია, მუდმივი ზეწოლა - მორალური და ფიზიკური. მე ასეთ პირობებში მრავალი წელი ვიმუშავე.

- რატომ გადაწყვიტეთ "მაკლარენთან" შეერთება?
- "ფერარიში" ციკლი დავასრულეთ, სამჯერ გავხდით ვიცე-ჩემპიონები, გუნდში ცვლილებები ხდებოდა და ვიფიქრე, რომ ახალი კარის გაღების დრო იყო. მინდოდა ახალი პროექტის პოვნა და "მაკლარენში" დამარწმუნეს ამაში. "ფერარიში" პერსპექტივების არ მჯეროდა: დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მეორე ვიქნებოდი.

- ამბობენ, რომ გასულ წელს, "მერსედესთან" შედარებით, თქვენს ბოლიდზე ძრავის სიმძლავრე 200 ცხენის ძალით ნაკლები იყო...
- არა. 200 - ეს შეუძლებელია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი სიმძლავრე ნაკლები იყო, მაგრამ ლაპარაკია 30-80 ცხენის ძალის დიაპაზონზე.

- ხედავს თუ არა ხალხი რბოლებს მიღმა რეალურ ფერნანდო ალონსოს?
- ისინი ხედავენ მრბოლელ ფერნანდოს. მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს პატივისცემა ადამიანის მიმართ. დიახ, ჩვენ ვმუშაობთ პუბლიკაზე, მაგრამ არ ღირს ადამიანის ხასიათზე ამის მიხედვით მსჯელობა.

- ყვითელი პრესა გაიძულებთ აზრი შეიცვალოთ მთლიანად ჟურნალისტიკის შესახებ?
- არა, რადგან ასეთი რამ ყოველთვის არსებობდა. მაგრამ ახლა იზრდება ციფრული მედიის გავლენა და ეს სახიფათოა. გასულ კვირას მათ დაწერეს, რომ თუ შედეგები არ იქნება, ფორმულა 1-დან წავალ. ეს ინფორმაცია ყველა ვებგვერდზე გავრცელდა და არავის შეუწუხებია თავი მისი გადამოწმებით.

- თქვენი მეგობარი გოგონა ჟურნალისტია. ამის გამო ამ პროფესიას სხვაგვარად უყურებთ?
- არა, ჩვენ ცოტას ვლაპარაკობთ ამის შესახებ.

ჰემილტონი საუკეთესოა, რადგან ჩემპიონია
- გრძნობთ, რომ კიდევ გახდებით მსოფლიოს ჩემპიონი?
- დიახ, ისევ ვფიქრობ. ასე რომ არ იყოს, წასული ვიქნებოდი. გამარჯვებისთვის ვარ სპორტში. თუ მიგაჩნია, რომ ვერ მოიგებ, მაშინ ნუ გაჰყვები ამ საქმეს.

- გამოდის, "რეალმა" უარი უნდა თქვას ბრძოლაზე?
- არა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

- "მაკლარენი" დღეს - ეს არის ფორმულა 1-ის "რეალი"?
- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას.

- როგორ ფიქრობთ, ზიდანი სწორი ადამიანია "რეალის" ახალი პროექტისთვის?
- არ ვიცი, რთულია გვერდიდან მსჯელობა, მაგრამ მას აქვს დამსახურებები და ყოველმხრივი მხარდაჭერა.

- ვინ არის საუკეთესო პილოტი ფორმულა 1-ში?
- საუკეთესოა ის, ვინც იგებს. ასე რომ, დღეს ყველას სჯობს ჰემილტონი - ჩემპიონი და ფავორიტი. თუ მომავალზე ვილაპარაკებთ, მაშინ თვალი უნდა მივადევნოთ ახალგაზრდა პილოტებს, მაგალითად, კარლოს საინსს. დღეს ფორმულა 1-ში ახალგაზრდობა კარგად მომზადებული მოდის. ბიჭი, რომელმაც სიმულატორზე იმუშავა, მზადების იგივე დონეს აღწევს, როგორიც შენ გაქვს. დიახ, მას არ გააჩნია ტრასაზე გამოსვლის გამოცდილება, მაგრამ ეს პრობლემა სწრაფად გვარდება.

- ფორმულა 1 რომ არა, რას გააკეთებდით?
- მომწონს სპორტის ყველა სახეობა. ასევე, მომწონს მათემატიკა. ასე რომ, შემეძლო მათემატიკის მასწავლებელი ვყოფილიყავი.

- რომელი ტრასა მოგწონთ ყველაზე მეტად?
- მონაკოში განსაკუთრებული გრანპრია. დიდ სიამოვნებას ვიღებ იქაური უქმეებით.

- რამდენი მეგობარი გყავთ პილოტებს შორის?
- ყველა ჩემი პარტნიორი, აგრეთვე, კუბიცა. ასევე ვმეგობრობ კარლოს საინსთან და "ფერარის" ბევრ წევრთან.

- ისევ სიამოვნებით ადევნებთ თვალს სპორტს?
- დიახ. დაინტერესებული ვარ სპორტის ყველა სახეობით. ყოველთვის ჩნდება ახალი ამბები, რომელიც გაინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული