ავსტრალიის გრანპრიმ გაამართლა მოლოდინი და იმედია, ასე გაგრძელდება ჩემპიონატის ბოლომდე. მანამდე კი პირველი ეტაპის შეჯამებას შემოგთავაზებთ.
"მერსედესის" დუბლი იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ უკვე მესამე წელია ეს არავის უკვირს. მაგრამ, ავსტრალიაში ლუის ჰემილტონიც და ნიკო როსბერგიც, შესაძლოა, პოდიუმის უმაღლესი საფეხურის გარეშე დარჩენილიყვნენ.
"ფერარი" არ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ მისი სარბოლო ტემპი გაცილებით მაღალია,
პირველმა ლიდერობა მოიპოვა, კიმი კი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. ჰემილტონს კი კონტრაქტი ჰქონდა თანაგუნდელთან და ამის გამო, საერთოდაც, მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. და ბრიტანელმა ვერ შეძლო წინ წასული კონკურენტების სწრაფად დაწევა, როგორც ამას შარშან აკეთებდა. იგივე ითქმის როსბერგზე.
"მერსედესს" ისევ თავად "ფერარი" დაეხმარა. რაიკონენს ძრავამ უღალატა და იძულებული გახდა დისტანციას ჩამოშორებოდა. ფეტელმა კი გარისკა, SuperSoft-ის საბურავებზე დარჩა მაშინ, როცა ყველა ლიდერი Medium-ზე გადავიდა.
რბილი საბურავებითაც კი "მერსედესის" დიდი მანძილით ჩამოტოვება არ მოხერხდა, ხოლო დამატებითმა პიტსტოპმა ხაზი გადაუსვა გერმანელის იმედებს რბოლის მოგებაზე. მაგრამ, მარანელოში საჭირო დასკვნებს გამოიტანენ!
ასე რომ, მთავარს ვეღირსეთ - ჰემილტონისა და როსბერგის უპირატესობა უკვე აღარ ჩანს ისე დიდი და, შესაძლოა, ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ "მერსედესის" პილოტების საქმე არ იქნება.
ნიკო როსბერგმა კი, გასული სეზონიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. წესით, ჰემილტონს ძალიან გაუჭირდება ტიტულის შენარჩუნება.
ჰაასის ბრწყინვალე დებიუტი
თითქოს, ავსტრალიის წლევანდელ გრანპრიზე დეჟავიუ იყო: დანიილ კვიატმა ისევ ვერ დაიწყო რბოლა, მაგრამ "რედ ბულმა" გაგვახარა სარბოლო ტემპით; "მერსედესმა" დუბლი შეასრულა... მაშინ, რა შეიცვალა ფორმულა 1-ში?რაღაც-რაღაცეები არ შეცვლილა. მაგალითად, "მაკლარენის" სიჩქარე. როგორც ჩანს, "ჰონდამ" ჯერ ისევ ვერ შეძლო ძრავის გაძლიერება და ლეგენდარულ გუნდს კიდევ ერთი რთული სეზონი ელოდება.
ფერნანდო ალონსო კი საერთოდ, კინაღამ საავადმყოფოში მოხვდა ესტებან გუტიერესის გასწრებისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ (მექსიკელმა, როგორც ჩანს, ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო დამუხრუჭება, რაზეც ესპანელმა უბრალოდ ვერ მოასწრო რეაგირება). რამდენიმე ბრუნისა და ბარიერთან შეჯახების შემდეგ, ალონსო დამოუკიდებლად ამოვიდა ბოლიდიდან და ოდნავ კოჭლობით დაადგა ბოქსების გზას.
რაც შეეხება ცვლილებებს. შეიცვალა კვალიფიკაციის ფორმატი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი რბოლით. არავის მოეწონა იმის ქცერა, მესამე სეგმენტის დროს როგორ ამოდიან ბოლიდებიდან პილოტები იმის ნაცვლად, რომ დიდი ბრძოლა გამართონ ერთმანეთში.
ინტრიგისა და სანახაობრივი მხარის ამაღლება არ გამოვიდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ბაჰრეინის გრანპრიდან მოყოლებული, ძველ ფორმატს დაუბრუნდებიან.
შეიცვალა ბოლიდების ხმა და ჩვენ ისევ გავიგონეთ ძველებური ხმაური, რომელიც მაყურებელს ასე ენატრებოდა. ამას უნდა უმადლოდენ რეგლამენტს, რომელიც გამოსაბოლქვ სისტემას უკავშირდება.
და მთავარი - ჩემპიონატში გამოჩნდა არა მხოლოდ ახალი გუნდი, არამედ ახალი ძალა. დებიუტანტმა "ჰაასმა" პირველივე რბოლაში რვა ქულა დააგროვა! გუტიერესმა ალონსოსთან ავარიის შემდეგ რბოლა ვერ გააგრძელა, სამაგიეროდ, რომენ გროსჟანმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
"ბიჭებო, ეს ჩვენთვის მოგებასავითაა", - ბედნიერი ყვიროდა რადიოში ფრანგი პილოტი.
ასე რომ, საერთო ჯამში, ავსტრალიის გრანპრი სავსებით ოპტიმისტური გამოვიდა. როგორც ჩანს, მართლა ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"