მონაკოს გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- დანიელ რიკარდომ კარიერაში პირველი პოული მოიგო. ამისთვის მას ექვსი წელი და 94 გრანპრი დასჭირდა.

- რიკარდო 97-ე პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვისაც საკვალიფიკაციო რბოლა აქვს მოგებული. ის პოულის მფლობელი მეოთხე ავსტრალიელი გახდა ჯეკ ბრებემის, ალან ჯონსისა და მარკ უებერის შემდეგ.

- "მაკლარენმა" ზედიზედ 63-ე გრანპრიზე ვერ შეძლო პოულის მოპოვება - ეს გუნდის ისტორიაში ყველაზე გრძელი წარუმატებელი სერიაა. წინა უპოულო სერია 1994-დან 1997 წლამდე გრძელდებოდა.

რბოლა
- ლუის ჰემილტონი ერთადერთი პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც თუნდაც ერთი ეტაპი მოიგო კარიერის საწყის ათ სეზონში.

- ჰემილტონმა შეწყვიტა რვაეტაპიანი მოუგებელი სერია. ბოლოჯერ მან გრანპრი შარშან, ოსტინში მოიგო, როცა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

- ჰემილტონმა მონაკოს რბოლა სასტარტო მესამე პოზიციიდან მოიგო. ამ ადგილიდან მონაკოს გრანპრის ბოლო გამარჯვებულიც ლუისი იყო - 2008 წელს.

- მონაკოში ტრიუმფი 50-ე იყო "მერსედესის" შასისთვის. ამ მაჩვენებლით გუნდი მეექვსე ადგილზეა საერთო რეიტინგში და ერთი მოგებით ჩამორჩება "რედ ბულს".

- მონაკოს გრანპრი - 87-ე რბოლაა ლუის ჰემილტონის კარიერაში, რომელშიც ის ლიდერის პოზიციაზე იყო. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო აირტონ სენას და მეორე ადგილზე გადავიდა. ბრიტანელი მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება. გერმანელი 142 გრანპრიზე ლიდერობდა.

- დანიელ რიკარდომ კარიერაში მხოლოდ მეორედ დაიკავა მეორე ადგილი. ავსტრალიელს ფორმულა 1-ში სამი რბოლა აქვს მოგებული.

- სერხიო პერესი კარიერაში მეექვსედ ავიდა პოდიუმზე ("ზაუბერისა" და "ფორს ინდიას" მანქანებით). ეს უფრო მეტია, ვიდრე "მაკლარენის" მიერ მოპოვებული პოდიუმები მას შემდეგ, რაც 2013 წელს ამ გუნდმა მექსიკელი საკუთარი რიგებიდან დაითხოვა.

- მეხუთე ადგილზე გასვლით, ფერნანდო ალონსომ საუკეთესო შედეგი მოუტანა "მაკლარენს" 2012 წლიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული