ფორმულა 1: 2017 წლის სეზონი: კონტრაქტები და ჭორები

AutoSharing Option
ზაფხული - ტრადიციული დროა სატრანსფერო ჭორებისთვის, 2017 წელს კი შესაძლებელია სერიოზული ცვლილებები გუნდების შემადგენლობებში. საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის საჯინიბოებში.

მერსედესი
ლუის ჰემილტონის კონტრაქტი 2017 წლისთვის დადასტურებულია. ბრიტანელთან ხელშეკრულება "მერსედესმა" შარშან გააგრძელა და ის 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ნიკო როსბერგის კონტრაქტი კი ამ სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სავარაუდოდ, მოახერხებენ შეთანხმებას. შესაძლებელია ალტერნატივა - "მერსედესის" პროტეჟე პასკალ ვერლიაინი, თუმცა ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს ტოტო ვოლფს ფერნანდო ალონსოს კანდიდატურაზე.

ფერარი
"სკუდერიაში" მხოლოდ სებასტიან ფეტელის კონტრაქტი იყო დადასტურებული -
ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდეა ძალაში. ჭორების მიხედვით, გერმანელმა პილოტმა და "ფერარიმ" დაიწყეს მოლაპარაკება ახალ სამწლიან ხელშეკრულებაზე.
ამ დღეებში კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კიმი რაიკონენი კიდევ ერთი წლით რჩება იტალიურ გუნდში. ამბობდნენ, რომ ფინელი შეიძლება ნიკო როსბერგმა, სერხიო პერესმა ან ვალტერი ბოტასმა შეცვალონ, მაგრამ გუნდის შეფს მაურიციო არივაბენეს არაერთხელ უთქვამს, რომ კმაყოფილია პილოტთა დღევანდელი წყვილით.

რედ ბული
"რედ ბულში" დაადასტურეს, რომ 2018 წლის ბოლომდე შემადგენლობა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ დანიელ რიკარდოსა და მაქს ფერსტაპენს ჯერჯერობით ამ სეზონის ბოლომდე აქვთ კონტრაქტები. შესაძლოა, რიკარდომ სხვა ვარიანტი მონახოს, როგორც ეს თავის დროზე ფეტელმა გააკეთა.

უილიამსი
ბრიტანულ საჯინიბოს აქვს ოპცია ვალტერი ბოტასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, ხოლო ფელიპე მასას კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ იწურება. ჭორების მიხედვით, "უილიამსში" შეიძლება უარი თქვან მასას სამსახურზე და შემდეგ წელს, მის ნაცვლად კიდევ ერთი ვეტერანი ჯენსონ ბატონი მიიწვიონ. ხოლო 2018 წელს, ამ ბრიტანელს შეცვლის ლენს სტროლი - "სწრაფი პილოტი უზრუნველყოფილი ოჯახიდან". სავარაუდო კანდიდატებს შორის ასახელებენ დანიილ კვიატსა და ფელიპე ნასრს.

ფორს ინდია
ინდური გუნდის პილოტებს - ნიკო ჰიულკენბერგსა და სერხიო პერესს 2017 წლის ბოლომდე აქვთ კონტრაქტები, თან მათ ხელშეკრულებებში არის პუნქტი თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ. თუ პერესი ეძებს უფრო ძლიერ გუნდებში გადასვლის ვარიანტებს, ჰიულკენბერგს პრაქტიკულად არ აქვს ფორმულა 1-ში კარიერის გაგრძელების სხვა ალტერნატივა.

ტორო როსო
"ტორო როსოს" ხელმძღვანელი ფრანც ტოსტი ამბობს, რომ სურს 2017 წლისთვის კარლოს საინსთან და დანიილ კვიატთან თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ გადაწყვეტილებას ჰელმუტ მარკო იღებს. თუ საინსთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს და ის, დიდი ალბათობით დარჩება გუნდში, კვიატის მომავალი კითხვის ნიშნებს ტოვებს. რუსის წასვლის შემთხვევაში, მთავარი კანდიდატი გახდება "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე - პიერ გასლი.

მაკლარენი
ბრიტანულ საჯინიბოში დადასტურებულია ფერნანდო ალონსოს კონტრაქტი, რომელიც 2017 წლის ბოლომდეა ძალაში და ესპანელს არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს ხელშეკრულების პირობების ბოლომდე შესრულებას. რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ის, ალბათ, დაასრულებს კარიერას ან "უილიამსში" გადავა. ბევრი დარწმუნებულია, რომ გამოცდილ ბრიტანელს "მაკლარენის" სარეზერვო პილოტი, GP2-ის ჩემპიონი სტოფელ ვანდორნი შეცვლის.

ჰაასი
შარშან, "ლოტუსიდან" "ჰაასში" გადასულ რომენ გროსჟანს ამერიკულ საჯინიბოსთან 2018 წლის ბოლომდე აქვს ხელშეკრულება, თუმცა კონტრაქტში არსებობს პუნქტი თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. კერძოდ, თუ "ფერარიში" მოისურვებენ გროსჟანის გადაბირებას, "ჰაასი" ვალდებული იქნება ფრანგი "სკუდერიაში" გაუშვას. რაც შეეხება გუნდის მეორე პილოტს ესტებან გუტიერესს, მისი კარიერის გაგრძელება დამოკიდებულია მის სპონსორებზე. თუ მექსიკელი მაინც დაკარგავს თავის ადგილს, მის შეცვლაზე ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება გახდეს ვერლიაინი პასკალ.

რენო
ერთის მხრივ, "რენო" აქცენტს მომავალზე აკეთებს, მეორეს მხრივ, პროგრესისთვის გამოცდილი პილოტია საჭირო, ასე რომ, გუნდში ფელიპე მასას გადასვლის შესახებ ჭორებს ყურადღებით აკვირდებიან კომპანიები ბრაზილიური ბაზრიდან.

კევინ მაგნუსენი შეიძლება დარჩეს გუნდში, სამაგიეროდ, ბუნდოვანია ჯოლიონ პალმერის პერსპექტივები. ბევრს მიაჩნია, რომ ერთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, "რენო" გამოეთხოვება ამ პილოტს.

სხვა კანდიდატებს შორის სახელდება სარეზერვო პილოტის ესტებან ოკონისა და "რენოს" ტესტ-პილოტის სერგეი სიროტკინის გვარები.

ზაუბერი
კონტრაქტი ფელიპე ნასრთან 2016 წელს სრულდება. ბრაზილიელს უნდოდა თავის სპონსორებთან ერთად "უილიამსში" გადასვლა, მაგრამ, ჯერჯერობით, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება მარკუს ერიქსონთან ბრძოლაში, "უილიამსს" კი კონკურენტუნარიანი პილოტი სჭირდება. თუ "ზაუბერი" გააგრძელებს არსებობას და ვერ იპოვნის უფრო უზრუნველყოფილ პილოტებს, დიდია ალბათობა, რომ ერიქსონი და ნასრი დარჩებიან გუნდში 2017 წელს.

მანორი
"მანორის" შემთხვევა "ზაუბერისას" ჰგავს - ნებისმიერ პილოტს შეუძლია იყიდოს ადგილი გუნდში. გამორიცხული არ არის, რომ "მანორში" კარიერას გააგრძელებს პასკალ ვერლიაინი - თუ "მერსედესი" მისთვის უფრო ძლიერ გუნდს ვერ იპოვნის. რიო ჰარიანტოს კონტრაქტი წელს სანახევროდ არის გადახდილი, ასე რომ, იაპონელის შეცვლის ალბათობა საკმაოდ დიდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული