ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში

AutoSharing Option
მაქსი ყველაზე გამსწრებია!
"რედ ბულის" პილოტმა მაქს ფერსტაპენმა რეკორდი დაამყარა გასწრებების რაოდენობით. საბურავების მწარმოებელი კომპანია "პირელის" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის სეზონში ჰოლანდიელმა 78-ჯერ გაუსწრო მეტოქეებს ტრასაზე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 1983 წლიდან მოყოლებული, როცა მსგავსი სტატისტიკის წარმოება დაიწყეს.

საერთო ჯამში, 2016 წლის სეზონში პილოტებმა 886 გასწრება განახორციელეს, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია 1983 წლის შემდეგ.

გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება მოიპოვა "რედ ბულმა" - ავსტრიული გუნდის პილოტებმა, ერთად 136 გასწრება შეძლეს.

ამავდროულად, სებასტიან ფეტელი გახდა სეზონის ლიდერი - მისი გასწრება 2016 წელს პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, გერმანელის უკან ჩამოტოვება მხოლოდ ერთხელ შეძლეს - ეს გააკეთა ბრაზილიის გრანპრიზე მაქს ფერსტაპენმა.

ჰემილტონმა ყველაზე მეტი მოიგო, როსბერგი ყველაზე ხშირად იყო პირველ რიგში, რიკარდომ ყველაზე მეტი გაიარა...

კვალიფიკაცია
პოული
ჰემილტონი 12
როსბერგი 8
რიკარდო 1

მხოლოდ სამმა პილოტმა მოიგო კვალიფიკაცია 2016 წელს - ლუის ჰემილტონმა, ნიკო როსბერგმა და დანიელ რიკარდომ. ამასთან, "მერსედესის" პილოტებმა ერთად 20 პოული აიღეს და ავსტრალიელს მხოლოდ ერთი წარმატებული კვალიფიკაცია დაუტოვეს (მონაკოში). ჰემილტონი პირველი პოზიციიდან სტარტს იღებდა 12-ჯერ. ეს ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე თანაგუნდელ როსბერგის მაჩვენებელი. საინტერესოა, რომ ჰემილტონი და როსბერგი დიდი ხანი ერთად მიდიოდნენ, მაგრამ სეზონის ბოლო ოთხ გრანპრიზე ზედიზედ ოთხჯერ კვალიფიკაცია ლუისმა მოიგო.

პირველი რიგი
როსბერგი 20
ჰემილტონი 15
რიკარდო 4
ფერსტაპენი 1
ჰიულკენბერგი 1
ბოტასი 1

სასტარტო ბილიკის პირველ რიგში კი ყველაზე ხშირად როსბერგი იდგა: გერმანელს 20 სტარტი ჰქონდა პირველი ხაზიდან - ჰემილტონის 15-ის წინააღმდეგ. ნიკო ერთადერთხელ არ იდგა პირველ რიგში და ეს გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემით - ავსტრიაში გერმანელი მეორე ადგილზე გავიდა კვალიფიკაციაში, მაგრამ ჯარიმა მიიღო გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო.

რბოლები
მოგება
ჰემილტონი 10
როსბერგი 9
რიკარდო 1
ფერსტაპენი 1

სეზონის ბოლო რბოლაში გამარჯვებით, ჰემილტონმა დაამარცხა პირად დუელში თანაგუნდელი როსბერგი: ლუისს 2016 წელს ათი მოგება ჰქონდა, ნიკოს - ცხრა. "მერსედესის" ორივე პილოტს ჰქონდა სერია, რომელიც ოთხ გამარჯვებას მოიცავდა, თუმცა ბრიტანელს ასეთი სერია ორი ჰქონდა: როსბერგმა სეზონის სტარტზე მოიგო ზედიზედ ოთხი ეტაპი (ავსტრალია - რუსეთი), ჰემილტონმა - შუაში (ავსტრია - გერმანია) და ჩემპიონატის ბოლოს (აშშ - აბუ დაბი).

თითო გამარჯვება ჰქონდათ "რედ ბულის" პილოტებს - რიკარდოსა (მალაიზია) და მაქს ფერსტაპენს (ესპანეთი).

პოდიუმები
ჰემილტონი 17
როსბერგი 16
რიკარდო 8
ფერსტაპენი 7
ფეტელი 7
რაიკონენი 4
პერესი 2
ბოტასი 1
კვიატი 1

ერთშაბად ცხრა პილოტი ავიდა 2016 წელს პოდიუმზე. ყველაზე ხშირად ამას აკეთებდნენ "მერსედესის" პილოტები: ჰემილტონი ტოპ-სამეულში 17-ჯერ მოხვდა, როსბერგი - 16-ჯერ. 16 პოდიუმი იყო "რედ ბულის" ანგარიშზე: რიკარდომ რვა თასი მიიღო, ფერსტაპენმა - შვიდი და დანიილ კვიატმა - ერთი. 11 პოდუიმი ჰქონდათ "ფერარის" პილოტებს: შვიდი სებასტიან ფეტელს და ოთხი - კიმი რაიკონენს.

ლიდერობის წრეები
ჰემილტონი 566
როსბერგი 489
ფეტელი 90
რიკარდო 74
ფერსტაპენი 42
რაიკონენი 7

მხოლოდ ექვსი პილოტი ედგა სათავეში პელოტონს 2016 წლის ჩემპიონატში. 566 წრე გაიარა ლიდერის რანგში ჰემილტონმა, 489 - როსბერგმა. ნიკომ ამ მაჩვენებლით თანაგუნდელთან დაახლოებით ერთი რბოლის დისტანცია წააგო - 77 წრე. ჯამში 90 წრე ლიდერობდა ფეტელი, რომელმაც ვერც ერთი რბოლის მოგება ვერ შეძლო, ხოლო თითო გამარჯვებების მქონე რიკარდო და ფერსტაპენი, შესაბამისად, 74 და 42 წრე იყვნენ ლიდერის რანგში.

იყო კიდევ ერთი ლიდერი, ოღონდ არაოფიციალური - ბერნდ მაილანდერი "მერსედესის" უსაფრთხოების მანქანის საჭესთან. სულ სეიფტი-კარი ტრასაზე 25-ჯერ გამოჩნდა და ჯამში 97 წრე გაიარა. აქედან 34 წრე ბრაზილიაში ჰქონდა, ხოლო ყველაზე ხშირად, უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე მონაკოში გამოჩნდა - ხუთჯერ.

ფინიში ქულათა ზონაში
როსბერგი 20
რიკარდო 20
ჰემილტონი 19
ფერსტაპენი 17
ფეტელი 17
რაიკონენი 17
პერესი 16
ბოტასი 15
ჰიულკენბერგი 14
მასა 13
საინსი 10
ალონსო 9
ბატონი 7
კვიატი 5
გროსჟანი 5
მაგნუსენი 2
ნასრი 1
პალმერი 1
ვერლაინი 1
ვანდორნი 1

20-20-ჯერ ქულათა ზონაში მოხვდნენ როსბერგი და რიკარდო: ნიკო ქულების გარეშე მხოლოდ ესპანეთში დარჩა, დანიელი - რუსეთში. ჰემილტონს ორი ჩავარდნა (ესპანეთი და მალაიზია) და 19 შედეგიანი ფინიში ჰქონდა. 17-17-ჯერ დააგროვეს ქულები - ფერსტაპენმა, ფეტელმა და რაიკონენმა...

სულ ტოპ-ათეულში მოხვდა 20 პილოტი. ქულების გარეშე 2016 წლის სეზონი მხოლოდ ესტებან გუტიერესმა, მარკუს ერიქსონმა, ესტებან ოკონმა და რიო ჰარიანტომ დაასრულეს.

გავლილი წრეები
რიკარდო 1267
პერესი 1260
როსბერგი 1202
ჰემილტონი 1186
ბოტასი 1186
ფერსტაპენი 1176
მასა 1161
ნასრი 1154
საინსი 1154
ალონსო 1125
გუტიერესი 1095
რაიკონენი 1094
მაგნუსენი 1077
ერიქსონი 1061
ფეტელი 1057
ვერლაინი 1048
ჰიულკენბერგი 1042
ბატონი 1032
გროსჟანი 1030
კვიატი 969
პალმერი 961
ჰარიანტო 611
ოკონი 508
ვანდორნი 56

2016 წელს, პილოტებს შეეძლოთ რბოლებში 1268 წრის გავლა. დანიელ რიკარდომ თითქმის შეუძლებელი შეძლო: 21 შესაძლებლიდან 21-ჯერ მივიდა ფინიშთან და მხოლოდ სოჭში ერთი წრით ჩამორჩა გამარჯვებულს - დანიელმა გასულ სეზონში 1267 წრე გაიარა.

ასევე ყველა რბოლაში მოახერხა კლასიფიცირება სერხიო პერესმა, მაგრამ ავსტრიაში ფინიშამდე ორი წრით ადრე შეწყვიტა ბრძოლა მუხრუჭების პრობლემების გამო. გარდა ამისა, ექვს რბოლაში ჩამორჩა გამარჯვებულს ერთი წრით. მექსიკელის შედეგია - 1260. ამ ორი პილოტის გარდა, 1200 წრის ზღვარი გადალახა როსბერგმა, რომელსაც ერთი გამოვარდნა ჰქონდა - 1202.

შარშანდელმა ლიდერმა ფეტელმა მხოლოდ 1057 წრე გაიარა და რეიტინგში მე-15 ადგილი დაიკავა. რაიკონენიც თავისი თანაგუნდელისგან შორს ვერ წავიდა - 1094 წრე. "ფერარის" ორივე წევრს გაუსწრო ფერნანდო ალონსომ, რომელმაც ერთი რბოლა გამოტოვა. აუთსაიდერმა "მანორმაც" კი "ფერარიზე" მეტი გაიარა!

* * *
მექანიკოსების შეჯიბრი მოიგო "უილიამსმა": მან 14 რბოლაში შეასრულა ყველაზე სწრაფი პიტსტოპი და ამ მხრივ, სეზონის რეკორდიც ბრიტანულ საჯინიბოს ეკუთვნის - აზერბაიჯანში ფელიპე მასას 1.92 წამში მოემსახურნენ. სამ-სამჯერ საუკეთესონი იყვნენ - "მერსედესისა" და "რედ ბულის" მექანიკოსები, ერთხელ - "რენოსი". სულ 2016 წელს შესრულდა 906 პიტსტოპი.

* * *
ნიკო როსბერგმა ექვსჯერ გაიარა რბოლაში უსწრაფესი წრე, დანიელ რიკარდომ - ოთხჯერ. სამ-სამი ასეთი წარმატება ჰქონდათ ლუის ჰემილტონსა და სებასტიან ფეტელს, თითო-თითო - ალონსოს, ნიკო ჰიულკენბერგს, კვიატს, რაიკონენსა და ფერსტაპენს.

* * *
ქულათა დარიცხვის ძველი სისტემის (10-6-4-3-2-1) მიხედვით, ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ ლუის ჰემილტონი გახდებოდა. აბუ დაბიში მოგების წყალობით, ბრიტანელი გაუთანაბრდებოდა ქულებით ნიკო როსბერგს და წინ გავიდოდა სეზონში მოგებების მეტი რაოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული