"ლელომ" გადაწყვიტა გაიხსენოს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მძიმე ავარიები, რომლებსაც ფატალური შედეგები მოჰყვა ან დაზარალებული პილოტი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს.
და ეს სია სულაც არ არის სრულყოფილი - აქ მხოლოდ 10 ყველაზე საშინელი შემთხვევაა მოყვანილი. და კარგია, რომ დღეს, ასეთი ინციდენტები ფორმულა 1-ში ძალიან დიდი იშვიათობა გახდა.
ლორენცო ბანდინი, მონაკოს გრანპრი, 1967 წელი
ეს მოხდა 82-ე წრეზე, როცა ბანდინი მეორე ადგილზე იყო დენი ჰიულმის უკან. მისი "ფერარი" ვერ საწვავის ავზი აფეთქდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა გადარჩენის ოპერაცია. როგორც კი პილოტის ბოლიდიდან ამოყვანა მოხერხდა, ის კიდევ 15 წუთი იწვა ტრასის მიღმა, სანამ იქ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მივიდა. ჰოსპიტალში დასვეს დიაგნოზი - სხეულის 70 პროცენტის პირველი ხარისხის დამწვრობა, ნეკნების მოტეხილობა და მკერდის არეში დაზიანება. ლორენცო ლიონში დამწვრობის სპეციალიზირებულ კლინიკაში ავარიიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ნიკი ლაუდა, გერმანიის გრანპრი, 1976 წელი, ნიურბურგრინგი
რბოლის მეორე წრეზე ავსტრიელის "ფერარი" მოწყდა ტრასას, დაეჯახა ბარიერს და ტრეკზე დაბრუნდა, იქ კი უკან მოძრავ ბრეტ ლუნგერს შეასკდა. ორივე ბოლიდი დაიწვა. ლუნგერმა თავად შეძლო მანქანიდან ამოსვლა, ლაუდა კი გაიჭედა. ლუნგერი და ტრასაზე დარჩენილი არტურო მერცარიო და გაი ედვარდსი ცდილობდნენ კოლეგის აალებული მანქანიდან ამოყვანას, რაც სწრაფად არ გამოუვიდათ. შედეგად, თავისა და სახის ძლიერი დამწვრობისა და მხუთავი აირისგან მოწამვლის გამო ლაუდა კომაში ჩავარდა და ექიმებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ გადარჩებოდა. მაგრამ ლაუდა გადარჩა, ავარიიდან ექვსი კვირის შემდეგ რბოლებში დაბრუნდა და წააგო საჩემპიონო ტიტული ჯეიმს ჰანტთან სულ რაღაც ერთი ქულის სხვაობით.
ტომ პრაისი, სამხრეთ აფრიკის გრანპრი, 1977 წელი. კიალამი
21-ე წრეზე აალდა რენცო ძორძის "შედოუ" და მარშლებმა ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის ფრედრიკ იანსენ ვან ვუურენი საათში 270 კილომეტრი სიჩქარით მოძრავმა პრაისის "შედოუმ"გაიტანა. ვან ვუურინენი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი ხელიდან გავარდნილი ცეცხლმაქრობი პრაისს სახეში მოხვდა და პრაქტიკულად თავი წააცალა პილოტს.ჟილ ვილნევი, ბელგიის გრანპრი, 1982 წელი, ზოლდერი
კვალიფიკაციის დროს ვილნევმა არააქტიურ წრეზე არ დააგდო სიჩქარე და შეეხო ტრასაზე ნელა მოძრავ იოხენ მასას მანქანას. "მარჩის" უკანა საბურავთან კონტაქტით "ფერარი" ჰაერში ავარდა, ამობრუნდა და ცხვირით ჩაესო ასფალტში. დარტყმა ისეთი ძალისა იყო, რომ ვილნევს ჩაფხუტი მოძვრა, თავად პილოტი ბოლიდიდან ამოვარდა და ტრასაზე დაეცა. ქარიზმატული კანადელი რამდენიმე საათის შემდეგ ხერხემლისა და თავის ქალის ტრავმებით გარდაიცვალა.რიკარდო პალეტი, კანადის გრანპრი, 1982 წელი, მონრეალი
სტარტის მომენტში ჩაქვრა ძრავა დიდიე პირონის "ფერარიზე". მისთვის გვერდის ავლა სცადა რაულ ბოეზელმა, მაგრამ უკანა ანტიფრთას მოედო, მისი მანქანა დატრიალდა და დაეჯახა ელესეო სალასარსა და იოხენ მასას. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს გაჩერებული "ფერარისთვის" გვერდის ავლა, მაგრამ ამ ქაოსში პირონის მანქანას უკნიდან საათში 180 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი "ოზელი" შეეჯახა, რომელსაც 23 წლის პალეტი მართავდა. პილოტი უმოძრაოდ იყო ბოლიდში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. პირონი და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მედსამსახურის შეფი სიდ უოტკინსი შეეცადნენ რიკარდოს მანქანიდან ამოყვანას, მაგრამ ძრავა აფეთქდა. ხანძარი პირონიმ ჩააქრო, პალეტი გაჭირვებით ამოიყვანეს ბოლიდიდან, მაგრამ ის ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა - გულმკერდის არეში მიღებული ტრავმებით.
გერჰარდ ბერგერი, სან მარინოს გრანპრი, 1989 წელი, იმოლა
რბოლის დასაწყისში "ტამბურელოს" ლეგენდარულ მოსახვევში ბერგერის "ფერარიმ" დაკარგა მართვა და 320 კმ/სთ სიჩქარით ბეტონის კედელს შეეჯახა. პირთამდე ავსებული საწვავის ავზი მაშინვე აალდა, ხანძარი დაახლოებით ნახევარი წუთი მძვინძარებდა, სანამ ის ცეცხლმაქრობებით არ უვნებელყვეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ავსტრიელი ცეცხლმოდებულ ბოლიდში იმყოფებოდა. რაღაც სასწაულით ბერგერი მხოლოდ უმნიშვნელობა დამწვრობითა და ჭრილობებით გადარჩა.მარტინ დონელი, ესპანეთის გრანპრი, 1990 წელი, ხერესი
დონელმა გრძელ და ჩქაროსნულ მოსახვევში საათში 250 კილომეტრი სიჩქარით მოძრავ "ლოტუსზე" კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეეჯახა. ძარა მთლიანად დაიმსხვა, მანქანა ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო, პილოტი კი თავის სავარძლიანად ტრასაზე გადავარდა. ავარიის შედეგად მარტინს ორივე ფეხის მრავალრიცხოვანი მოტეხილობა ჰქონდა, დაუზიანდა ფილტვები და თავის ტვინი. უკვე საავადმყოფოში აღმოაჩინეს თირკმლის დაზიანება, რის გამოც პილოტი რამდენიმე კვირა შეერთებული იყო დიალიზის აპარატზე. ექიმების მონდომებით დონელი გადარჩა.სან მარინოს გრანპრი, 1994 წელი, იმოლა
ეს სამი ავარია, რომელმაც შეცვალა უსაფრთხოების სიტუაცია ფორმულა 1-ში, სამი დღის განმავლობაში მოხდა ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრასაზე. თავდაპირველად, პარასკევის ვარჯიშზე ერთ-ერთ მოსახვევში ჰაერში აიჭრა რუბენს ბარიკელოს "ჯორდანი", ამოტრიალდა და უკუღმა დაეცა ბარიერზე. როცა პილოტი ბოლიდიდან ამოიყვანეს, ის უგონო მდგომარეობაში იყო, მაგრამ გატეხილი ცხვირით, ხელითა და რამდენიმე ტრავმით გადარჩა.კვალიფიკაციაზე როლანდ რატცენბერგერის "სიმტეკს" "აკვა მინერალეს" მოსახვევში წინა ანტიფრთა დაუზიანდა. მომდევნო წრეზე 320 კმ/სთ სიჩქარისას ფრთა ბოლიდს მოძვრა და მანქანა ბარიერს შეეჯახა. რატცენბერგერი თავის მრავალრიცხოვანი ტრავმებითა და ფუძის მოტეხილობით რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
კვირას, პირველ მაისს კი რბოლის დროს "ტამბურელოს" მოსახვევში მოხვდა ავარია, რომელმაც მოგვიანებით ბევრი პილოტი გადაარჩინა დაღუპვას. "უილიამსის" პილოტი აირტონ სენა საათში 350 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, როცა მართვა დაკარგა და ბეტონის კედელს შეეჯახა. დიადი ბრაზილიელის ავარიისა და დაღუპვის მიზეზები დღემდე ბოლომდე არ არის გარკვეული. ოფიციალური ვერსიით, სენა იმის გამო დაიღუპა, რომ დაკიდების ბერკეტის ნაწილმა ჩახუტში გაიარა და თავის ტვინში შევიდა.
როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, 19 წლის წინ, იმოლაში მხოლოდ როლანდ რატცენბერგერი რომ დაღუპულიყო, ეს დიდად არ იმოქმედებდა ფორმულა 1-ში უსაფრთხოების საკითხზე. თავისი სიკვდილით ბრაზილიელმა ჯადოქარმა სამუდამოდ შეცვალა "დიდი ცირკის" სამყარო.
მიკა ჰაკინენი, ავსტრალიის გრანპრი, 1995 წელი, ადელაიდა
სწორედ სენას ავარიამ იხსნა მსოფლიოს მომავალი ორგზის ჩემპიონის სიცოცხლე. ჰაკინენის "მაკლარენი" საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო დიდი სიჩქარით შეეჯახა ბარიერს. მიკამ თავის ქალის მრავალრიცხოვანი დაზიანებები მიიღო, იყო ტვინში სისხლჩაქცევა და ფინელმა ენაც გადაყლაპა. და მხოლოდ პროფესორ სიდ უოტკინსის პროფესიულმა და რისკიანმა მოქმედებამ გადაარჩინა ჰაკინენი. მან პირდაპირ ბოლიდში ჩაატარა ტრაქეოკრიკოტომია, რათა პილოტს ჟანგბადი მიწოდებოდა. რამდენიმე დღე მიკამ კომაში გაატარა, შემდეგ რბოლებში დაბრუნდა და ორჯერ მოიგო ტიტული.როჯერ უილიამსონი, ჰოლანდიის გრანპრი, 1973 წელი, ზანდვორტი
მერვე წრეზე "მარჩის" მანქანაზე მწყობრიდან გამოვიდა საბურავი და ბოლიდი საათში 300 კილომეტრი სიჩქარით შეეჯახა ბარიერს, რომელმაც გადაბრუნებული მანქანა ტრასაზე დააბრუნა. "მარჩი" აალდა. უილიამსი ბოლიდში გაეჩხირა. ერთ-ერთი პილოტი დეივ პიორლი გაჩერდა და კოლეგისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა - ცდილობდა აალებული მანქანის გადაბრუნებას. ცეცხლმაქრობებით შეარაღებული მარშლები საწვავის ავზის აფეთქების შიშით, მოშორებით იდგნენ და არც კი ცდილობდნენ დახმარებას. პიორლის დასახმარებლად ტრიბუნებიდან მაყურებლები ჩამოვიდნენ, მაგრამ მარშლებმა მათი ტრასიდან განდევნა დაიწყეს.
მთელი ამ დროის განმავლობაში უილიამსონი ცოცხალი იყო და მარტო მებრძოლ პიორლს ესმოდა პილოტის განწირული ყვირილი. მაგრამ მალე უილიამსონის ხმა შეწყდა. ის დაიღუპა არა ტრავმებისგან ან დამწვრობისგან, არამედ ასფიქსიისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"