როგორც იტყობინებიან, "სამეფო რბოლების" ახალი მფლობელები გუნდებს სარბოლო უქმეების ახალ სქემას შესთავაზებენ. ვარაუდობენ, რომ პარასკევობით არანაირი სარბოლო ღონისძიება არ იქნება, შაბათს კი დაემატება სპრინტერული რბოლა.
ადრე, ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი ცდილობდა უქმეების ფორმატის ცვლილებას, მაგრამ გუნდები არ დაინტერესდნენ ამით.
სხვათა შორის, ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებაც არსებობს. კერძოდ, "მერსედესის" პილოტს ლუის ჰემილტონს მიაჩნია, რომ ფორმულა 1-მა მაგალითი უნდა აიღოს ამერიკული
"ის, რასაც დღეს ფორმულა 1 წარმოადგენს, არასაკმარისად კარგია. სუპერბოული და სხვა ამერიკული სპორტული ღონისძიებები - ეს გაცილებით უკეთესი შოუა. ვფიქრობ, უნდა გადმოვიღოთ მათი გამოცდილება და ამ შემთხვევაში, რბოლები უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება გულშემატკივრებისთვის", - განაცხადა ჰემილტონმა.
ამასთან, ლუისი გაკვირვებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რამდენად დაბალია ფორმულა 1-ის პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"ამერიკაში საკმაოდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხვდები, რომლებმაც არაფერი იციან ფორმულა 1-ზე. არ მესმის, ისინი ფეხსაცმლის ყუთებში ცხოვრობენ? ნუთუ აქამდე არაფერი გაუგიათ ამ რბოლებზე", - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.
ფეტელი - ყველაზე ცუდი
"ფერარის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი 2016 წლის სეზონის მთავარ იმედგაცრუებად გამოცხადდა - ასეთია ტელეკომპანია BBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ხმა მისცა გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა. უარესებს შორის მეორე ადგილი დაიკავა რუსმა დანიილ კვიატმა, რომელმაც სეზონი "რედ ბულში" დაიწყო, მაგრამ შემდეგ "ტორო როსოში" დააქვეითეს. სამეულში მოხვდა ესტებან გუტიერესი "ჰაასიდან". მან მთელი სეზონის განმავლობაში ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.საუკეთესო პილოტის გამოკითხვაში გაიმარჯვა ლუის ჰემილტონმა "მერსედესიდან". ბრიტანელმა, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ერთი პროცენტით აჯობა (38 37-ის წინააღმდეგ) მაქს ფერსტაპენს. სწორედ ამ ჰოლანდიელმა შეცვალა "რედ ბულში" რუსი კვიატი.
ჰემილტონის თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, რომელიც კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მხოლოდ 14 პროცენტი მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ BBC-ის გამოკითხვაში, ძირითადად, ბრიტანელი პილოტები იღებდნენ მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"