მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო

AutoSharing Option
მოტოგრანპრის დებიუტანტმა, "იამაჰას" პილოტმა მავერიკ ვინიალესმა 2017 წლის სეზონში მესამე გამარჯვებას მიაღწია - მან ლე მანში საფრანგეთის გრანპრიზე სანახაობრივ დუელში აჯობა იტალიელ ლეგენდას ვალენტინო როსის.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, სტარტი მოიგო იოჰან ზარკომ. "სამეფო კლასის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა, რომელიც სასტარტო ბილიკზე მესამე იყო, პირველ მოსახვევში უკან ჩამოიტოვა "იამაჰას" ორი პილოტი - მავერიკ ვინიალესი და ვალენტინო როსი. მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი მეოთხეზე გადავიდა - გაუსწრო კელ კრატჩლოუს.

ზარკო რამდენიმე წრე ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ ვერ გაძლო და ვინიალესი გაუშვა წინ. თანაგუნდელისგან განსხვავებით, როსი
ზარკოს ვერაფერს უხერხებდა, თან იტალიელს მარკესი ავიწროებდა.

ასეთი თანმიმდევრობით ეს ოთხეული დისტანციის შუამდე მივიდა და მალე, ბრძოლას გამოეთიშა მარკესი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვერ დაასრულა საფრანგეთის გრანპრი.

როსიმ თავისუფლება იგრძნო და შეძლო ზარკოსთან ბრძოლისთვის კონცენტრაცია. რამდენიმე წრე იტალიელი ავიწროებდა დებიუტანტს და ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, გატეხა ფრანგის წინააღმდეგობა.

იმ მომენტისთვის ვინიალესი წამს უგებდა როსის, რაც დაძაბული დასასრულის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. ზედიზედ რამდენიმე საუკეთესო წრის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი გაუთანაბრდა ვინიალესს და ფინიშამდე სამი წრით ადრე, პირველ მოსახვევში შეტევაზე წავიდა. ახალგაზრდა ესპანელმა სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ გამოცდილ თანაგუნდელს ვერაფერი დაუპირისპირა.

თითქოს როსი აღარ გაუშვებდა ხელიდან სეზონში პირველ გამარჯვებას, მაგრამ ვინიალესმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და ბოლო წრის წინ, ორ ლიდერს შორის სხვაობა 0.4 წამი იყო.

როსისთვის მთავარი იყო - შეცდომა არ დაეშვა, მაგრამ სწორედ ეს დაემართა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. მერვე მოსახვევში იტალიელი ტრასის მიღმა გადავიდა და წინ გაუშვა ვინიალესი, მე-11 მოსახვევში კი კიდევ უფრო სერიოზული შეცდომა დაუშვა და საერთოდ ქულების გარეშე დარჩა.

ვინიალესი კი მშვიდად მივიდა ფინიშთან და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ზარკო კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე, დანი პედროსა კი, მისთვის მოულოდნელად, მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

პირად ჩათვლაში ლიდერი ვინიალესი გახდა - მას 85 ქულა აქვს. 68 ქულით პედროსა მეორე ადგილზე გადავიდა, წინა ლიდერი როსი კი მესამეზე ჩამოქვეითდა - 62 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული