მაისის ბოლოს, ინდიანაპოლისში ასი ათასობით გულშემატკივარი იკრიბება იმისთვის, რომ გაარკვიოს - ვინ არის უსწრაფესი 33 პილოტს შორის. წელს, "ინდიანაპოლისი 500 მილის" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო:
იქ ევროპიდან ჩავიდა ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო. კვალიფიკაციაში ბრწყინვალე გამოსვლის (მე-5 ადგილი) შემდეგ, ყველას აინტერესებდა, როგორ გაუმკლავდებოდა ესპანელი 800-კილომეტრიან დისტანციას.
ალონსოს რთული დებიუტი გამოუვიდა:
ფავორიტები საჯინიბო "ანდრეტის" წევრები იყვნენ, რომელთა შორისაც იყო ფერნანდო ალონსო. ნახევარი დისტანციის გავლის შემდეგ, ესპანელს თავის პარტნიორებთან - რაიან ჰანტერ-რეისთან, ტაკუმა სატოსთან და "ინდი-500"-ის შარშანდელ გამარჯვებულთან ალექსანდერ როსისთან ერთად, რიგრიგობით მიჰყავდათ პელოტონი. მათი მთავარი მდევრები გახდნენ "განასის" წევრი ტონი კანაანი და "პენსკეს" პილოტები ელიო კასტრონევეშის ხელმძღვანელობით.
ალონსო დიდი ხანი ებრძოდა უფრო გამოცდილ პილოტებს და დამაჯერებლად გრძნობდა თავს ტრასაზე. მაგრამ, მორიგი ყვითელი დროშების შემდეგ, როცა ესპანელი ღრმა ტრეფიკში აღმოჩნდა, ის უკვე ვეღარ ბრწყინავდა, მაგრამ შეცდომებსაც არ უშვებდა, არ ჩქარობდა და რბოლის ბოლოს იმედოვნებდა დაკარგულის ანაზღაურებას.
მაგრამ, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა. 179-ე წრეზე, ფინიშამდე 20 წრით ადრე, ალონსოს მანქანაზე ძალისმიერი აგრეგატი აფეთქდა. აქაც, ესპანელი "ჰონდას" ძრავამ დააღალატა.
თუმცა, "ანდერტიმ" მაინც შეძლო ზედიზედ მეორედ "ინდიანაპოლისის 500 მილის" მოგება. პირველმა ფინიშის ხაზი ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა სატომ გადაკვეთა. ის არის ამ პრესტიჟული და ლეგენდარული რბოლის რიგით 70-ე გამარჯვებული და პირველი იაპონელი ტრიუმფატორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"