"ფოლკსვაგენი" ვარსკვლავებს კრებს

AutoSharing Option
გერმანული კონცერნი "ფოლკსვაგენი" სერიოზულად ემზადება კლასიკურ რალიში დებიუტისთვის. ამ გუნდის ხელმძღვანელებს მომავალი სეზონისთვის ვარსკვლავური შემადგენლობის შეკრება აქვთ გადაწყვეტილი.

ამისთვის ისინი "ფორდის" საქარხნო გუნდიდან ფინელი იარი-მატი ლატვალასა და "პროდრაივიდან" ესპანელი დანი სორდოს გადაბირებას აპირებენ.

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ გაისად "ფოლკსვაგენის" ღირსებას დაიცავს ფრანგი სებასტიან ოჟიე, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს Volkswagen Polo R WRC-ის საჭესთან. ლატვალასა და სორდოს კონტრაქტთან დაკავშირებით კი დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

როგორც წერენ, 2013 წლის ჩემპიონატს "ფოლკსვაგენი" ორი საქარხნო ავტომობილით დაიწყებს, მეოთხე ეტაპიდან კი სამი "პოლო" გავა
სტარტზე.

სავარაუდოდ, ლატვალასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გერმანიის რალის დროს გამოაცხადებენ, მესამე პილოტის ვინაობა კი ჯერ გაურკვეველია.

IRC-ის რალის ჩემპიონს ანდრეას მიკელსენს "ფოლკსვაგენის" სპორტული განყოფილების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ კონცერნის რამდენიმე გავლენიანი თანამშრომელი, მათ შორის, ტექნიკური დირექტორი ფრანსუა-ქსავიე დემასიონი სხვა ვარიანტს განიხილავს.

"მე ლატვალასა და სორდოს ავირჩევდი. ისინი ძალიან ძლიერ დუეტს შექმნიან. გარდა ამისა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კონკურენტებს არ ეყოლებათ ასეთი ძლიერი პილოტები", - ამბობს დემასიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული