DTM და NASCAR ერთად?

AutoSharing Option
საინტერესო პროექტს ამზადებენ გერმანული სარბოლო სერიის - DTM-ის ორგანიზატორები. ისინი ამერიკულ NASCAR-თან ერთად 2013 წლისთვის ახალი სერიის ჩამოყალიბებას აპირებენ. სავარაუდოდ, სერიაში DTM-ის წესები იმოქმედებს, თუმცა რბოლები ამერიკულ ტრასებზე გაიმართება.

"NASCAR-თან ერთად ვაპირებთ 12-ეტაპიანი სარბოლო სერიის ჩამოყალიბებას, რომელიც 2013 წელს ამოქმედდება, - განაცხადა DTM-ის ხელმძღვანელმა ჰანს ვერნერ აუფრეხტმა. - ეტაპები ამერიკული სერიების უქმეების დროს გაიმართება - ექვსი Grand-Am-თან და ექვსი - NASCAR-თან ერთად, თუმცა სრულიად დამოუკიდებელი ჩემპიონატი იქნება. ჩემი აზრით, ეს ამერიკული ავტოსპორტის მომავლისთვის ძალიან საჭირო პროექტია".

აუფრეხტმა დაადასტურა, რომ ახალ
ჩემპიონატში მხოლოდ ის მანქანები დაიშვებიან, რომლებიც DTM-ის რეგლამენტს შეესაბამებიან. ამავდროულად, მან ისიც დაამატა, რომ ამერიკა - ერთადერთი რეგიონი არ არის, სადაც DTM-ის გერმანული სერიის ორგანიზებას აპირებენ.

"ინტერნაციონალიზაცია - ჩვენი მთავარი მიზანია, - აგრძელებს აუფრეხტი. - გვინდა DTM-ის წესებით შექმნილი მანქანები რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში გამოიყენონ. თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას იაპონიის საავტომობილო ფედერაციასთან და წესით, კონტრაქტი ნოემბერში გაფორმდება. ამ ხელშეკრულების თანახმად, 2013 წელს Super GT-ის რბოლები DTM-ის რეგლამენტით გაიმართება".

დღეისთვის DTM-ის სერიაში მხოლოდ ორი გუნდი - "მერსედეს-ბენცი" და "აუდი" გამოდის. თუმცა ოქტომბრის შუაში BMW-მ ოფიციალურად დადასტურა, რომ 2012 წლიდან დაბრუნდება ჩემპიონატში.


კუბიცა რალიშიც მაგარია
ფორმულა 1-ის ფრანგული საჯინიბოს - "რენოს" პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ მესამე ადგილი დაიკავა ანტიბის რალის აბსოლუტურ ჩათვლაში. ეტაპი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჩათვლაში შედის, საფრანგეთის სამხრეთით გაიმართა.

რალიში გამარჯვება იტალიელმა ლუკა ბეტიმ მოიპოვა, რომელიც Peugeot 207-ით გამოდიოდა. მეორეზე გავიდა კიდევ ერთი პოლონელი მიხალ სოლოვოვი Ford Fiesta-თი. კუბიცა რალიში Renault Clio-თი გამოდიოდა და თავის კლასში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

"ეს ძალიან კარგი რალია, - განაცხადა კუბიცამ ფინიშის შემდეგ. - შაბათს ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ კარგ ტემპში წავედით და მესამე ადგილი დავიკავეთ ავტომობილით, რომელიც უკვე ხუთი წლისაა".

ეს კუბიცასთვის რალიში პირველი გამოცდილება არ არის. წლის დასაწყისში პოლონელი Intercontinental Rally Challenge (IRC)-ის სერიაში მონტე კარლოს ეტაპზე გამოდიოდა, მაგრამ იმავე Renault Clio-თი ძრავის გაუმართაობის გამო პროლოგიდან გამოეთიშა ბრძოლას.

2009 წლის ბოლოს კუბიცა ამავე ავტომობილით ასპარეზობდა IRC-ის სერიაში. ნოემბერში სიცილიის რალიში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ავარიაში მოხვდა და ფინიშამდე ვერ მიაღწია, საფრანგეთში კი 29-ე ადგილი დაიკავა.

ფინიშის შემდეგ კუბიცამ განაცხადა, რომ არ აპირებს კიმი რაიკონენის მიბაძვას და რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გადასვლას: "ფორმულა 1 - ჩემი მთავარი სამუშაოა, რალი კი ჰობი და გართობაა. ახლა კორეაში მივემგზავრები, სადაც მორიგი გრან-პრი უნდა გაიმართოს. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატოროებს და ვიმედოვნებ, აქ მომავალ წელსაც ჩამოვალ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული