ყველაზე მეტად ხელი მოეცარათ ესპანელ კარლოს საინსსა და ამერიკელ რობი გორდონს. საინსი დისტანციის მსვლელობისას რამდენჯერმა გაჩერდა და ეს მას ეტაპის გამარჯვებულთან სამსაათიან ჩამორჩენად დაუჯდა.
რაც შეეხება გორდონს, ის ზედმეტად აქტიურობდა და მაქსიმალურად ცდილობდა წინა ეტაპებზე დაგროვილი ჩამორჩენის გაბათილებას, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალა და მისი "ჰამერი" ამოტრიალდა, რამაც გორდონს ბრძოლის გაგრძელების შანსი არ დაუტოვა.
ბოლო ეტაპებზე
გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა სამხრეთაფრიკელმა ჟინიელ დე ვილიერსმა, რომელმაც მეოთხე პოზიციაზე დაასრულა ეტაპი. დე ვილიერსი პეტერანსელთან საკმაოდ ბევრს - 33 წუთს აგებს.
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 9:04.29; 2. ნასელ ალ-ატიია (Buggy) - +5.16; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +33.22; 4. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +33.48; 5. ხოან რომა (Mini) - +39.06; 6. გერლენ შიშერი (SMG) - +42.32...
* * *
მოულოდნელად განვითარდა მოვლენები მოტოციკლების კლასში. მას შემდეგ, რაც მეორე ეტაპიდან მოყოლებული, საერთო ჩათვლაში მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი სირილ დეპრე დაწინაურდა, ყველას ეგონა, რომ გამოცდილი მრბოლელი აღარავის დაუთმობდა პირველობას, მაგრამ მეოთხე ეტაპზე დეპრეს ძალიან ცუდი გამოსვლა ჰქონდა.
ფრანგმა მხოლოდ მე-15 დრო აჩვენა, რის გამოც KTM-ის ლიდერს გენერალურ კლასიფიკაციაში "იამაჰას" ორმა პილოტმა - ოლივიე პენმა და დავიდ კასტომ გაუსწრეს.
პენმა მეორე ადგილი დაიკავა ეტაპზე და სათავეში ჩაუდგა საერთო ჩათვლას. ის ორწუთნახევარს უგებს კასტოს და სამ წუთზე ოდნავ მეტს - დეპრეს. საერთოდ, მოტოციკლებს შორის გენერალურ კლასიფიკაციაში დიდი სიმჭიდროვეა. ლიდერ პენსა და მეექვსე ადგილზე მყოფ რუბენ ფარიას შორის სხვაობა დაახლოებით ცხრა წუთს შეადგენს.
რაც შეეხება მეოთხე ეტაპის გამარჯვებულს, ეს გახლავთ ხოან ბარედა ბორტი, რომელიც ამ წარმატების წყალობით პირველ ექვსეულში დაბრუნდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.
საერთო ჩათვლა
1. ოლივიე პენი (Yamaha) - 10:10.38; 2. დავიდ კასტო (Yamaha) - +2.24; 3. სირილ დეპრე (KTM) - +3.09; 4. ხოან ბარედა ბორტი (Husqvarna) - +5.38; 5. ხორდი ვილადომსი (Husqvarna) - +7.22; 6. რუბენ ფარია (KTM) - +8.39...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარზე ფავორიტები გალიდერდნენ