დაკარის მეფე ლიდერია

AutoSharing Option
ორი დღეა, რაც სამხრეთ ამერიკაში მეექვსედ აიღო სტარტი ლეგენდარულმა ავტომარათონმა - დაკარმა.

მეორე ეტაპმა, რომლის სიგრძე 366 კილომეტრს შეადგენდა, ავტომობილების კლასში ორი ფავორიტის დომინირება მოიტანა. გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა "დაკარის მეფედ" აღიარებული სტეფან პეტერანსელი, რომელიც კარიერაში მე-12 ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას.

ლეგენდარულ ფრანგს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ცნობილმა რალისტმა, ესპანელმა კარლოს საინსმა. მათ შორის სხვაობა წუთზე ნაკლები იყო და ასევეა საერთო ჩათვლაში: ორი ეტაპის შემდეგ პეტერანსელი მხოლოდ 28 წამს უგებს საინსს. მესამეზეა კლასიკური რალის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ყატარელი ნასერ ალ-ატიია, თუმცა ის
უკვე ოთხ წუთზე მეტით ჩამორჩა ორ ფავორიტს.

* * *
მოტოციკლების კლასში შესანიშნავად გამოიყურებიან ის მოტომრბოლელები, რომლებმაც "ჰონდას" ტექნიკა აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ იაპონური მწარმოებელი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დაკარს.

მეორე ეტაპი "ჰონდას" მოტოციკლით მოიგო ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა, რითაც მესამე ადგილზე გადაინაცვლა საერთო ჩათვლაში. ლიდერი კი ასევე "ჰონდას" წევრი, ესპანელი ხოან ბარედაა. მას ორი წუთით ჩამორჩება ჩილელი ფრანსისკო ლოპესი KTM-ის მოტოციკლით.

მოტოჩათვლის მთავარ ფავორიტებს არც ისე წარმატებული დღე ჰქონდათ: მარკ კომამ და სირილ დეპრემ სანდერლენდთან, შესაბამისად, რვა და ცხრა წუთი წააგეს.

დაკარი 2014 ციფრებში
- მონაწილეებმა უნდა დაფარონ ორი მარათონული ეტაპი, რომელთა საერთო სიგრძეა 2702 კილომეტრი;
- რალი-რეიდის მონაწილეები გაითამაშებენ ოთხ საჩემპიონო ტიტულს: მოტოციკლების, კვადროციკლების, ავტომობილებისა და სატვირთო ავტომობილების კლასში.
- მარათონის სტარტზე გავიდა 9 ქალი;
- მოგებების რაოდენობით რეკორდსმენია სტეფან პეტერანსელი. ფრანგმა 11-ჯერ გაიმარჯვა მარათონში, აქედან ექვსჯერ მოტოციკლით და ხუთჯერ ავტომობილით;
- დაკარი 2014-ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 18 წლისაა. ეს არის არგენტინელი ფერიოლი, რომელიც კვადროციკლების კლასში გამოდის;
- თავის ისტორიაში მარათონს 28 ქვეყნის ტერიტორიაზე გაუვლია. წელს ამ სიაში მოხვდა ბოლივია, რომლის ტერიტორიაზე ორი ეტაპი გაიმართება;
- წელს სტარტზე გავიდა კვადროციკლების რეკორდული რაოდენობა - 41;
- მარათონის მონაწილეები 50 ქვეყანას წარმოადგენენ. ყველაზე მეტი - 124 სპორტსმენი ჰყავს საფრანგეთს;
- წლევანდელი რალი-რეიდის ყველაზე ასაკოვანი მონაწილეა 72 წლის იაპონელი იოშიმასა სუგარავა, რომელიც სატვირთო ავტომობილების კლასში გამოდის;
- 89 ეკიპაჟს (საერთო რაოდენობის 20 პროცენტი) დებიუტი აქვს დაკარზე;
- დაკარის მსვლელობას 190 ქვეყანაში აშუქებს 70 ტელეკომპანია;
- მონაწილეთა გარდა, მარათონში ჩაბმულია 210 თანმხლები მანქანა (მათ შორის, 55 სატვირთო და 11 ვერტმფრენი);
- რალი-რეიდის მსვლელობას აშუქებს 280 ჟურნალისტი;
- სულ სტარტზე ვიხილეთ 720 სპორტსმენი - ესენი არიან მძღოლები, შტურმანები და მექანიკოსები;
- დისტანციის საერთო სიგრძეა: 8739 კილომეტრი ავტომობილებისთვის, 9209 კილომეტრი სატვირთო მანქანებისთვის და 9395 კილომეტრი მოტოციკლებისთვისა და კვადროციკლებისთვის.
- მაყურებლებისა და მონაწილეების უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია 20 ათასი ადამიანი.
- ყველა ეტაპზე მაყურებელთა საერთო რიცხვი დაახლოებით 4.6 მილიონი ადამიანი იქნება, ტელევიზიით კი რბოლას თვალს მიადევნებს მილიარდზე მეტი ადამიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული