ავტომობილების კლასში მთავარი მოვლენა სებასტიან ლოების ავარია იყო. საერთო ჩათვლის ლიდერმა დამაჯერებლად დაიწყო პირველი ქვიშიანი სპეცმონაკვეთი, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და მანქანა წინა ბამპერზე ამოტრიალდა.
მართალია, ფრანგის "პეჟომ" სერიოზული დაზიანება მიიღო, მაგრამ ლოებმა მაინც მოახერხა ფინიშამდე მისვლა ერთსაათიანი ჩამორჩენით. მიუხედავად ამისა, კლასიკური რალის ცხრაგზის ჩემპიონისთვის წარმოუდგენლად მოსჩანს წლევანდელი
ამასობაში, გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა "პეჟოს" ორ მრბოლელს - კარლოს საინსსა და სტეფან პეტერანსელს, აგრეთვე MINI-ით მოასპარეზე ნასერ ალ-ატიიას შორის. საბოლოოდ, გამარჯვება ალ-ატიიამ მოიპოვა და ეს იყო წელს, პირველი მოგება MINI-ის გუნდისთვის.
საინსმა ყატარელთან მხოლოდ 12 წამი წააგო, პეტერანსელმა - 31 წამი. მეოთხე დრო აჩვენა "პეჟოს" კიდევ ერთმა წევრმა სირილ დეპრემ, თუმცა მისი ჩამორჩენა გამარჯვებულთან თითქმის ხუთი წუთი იყო.
ლოების წარუმატებლობის შემდეგ, გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა "დაკარის" 11-გზის ჩემპიონი სტეფან პეტერანსელი, რომელიც ორ წუთს უგებს საინსს. ალ-ატიია მესამეა, თუმცა ჯერაც ძალიან ბევრს - 15 წუთს აგებს ლიდერთან. ლოები მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
* * *
მოტოციკლების კლასში საუკეთესო იყო გამოცდილი ტობი პრაისი KTM-ის მოტოციკლით. მან დამაჯერებლად მოიგო მერვე ეტაპი - ხუთი წუთი მოუგო "ჰონდას" ლიდერს პაულუ გონკალვეშს. მესამე დრო აჩვენა Husqvarna-ს მოტოციკლით მოასპარეზე ჩილელმა პაბლო კვინტანილამ.
პრაისი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადავიდა და ორი წუთით უსწრებს წინა ლიდერს პაულუ გონკალვეშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"