მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე

AutoSharing Option
ბარსელონაში, კატალონიის გრანპრი ტრაგედიით დაიწყო. Moto2-ის კლასში, თავისუფალი პრაქტიკის მეორე სესიისას ავარიაში დაიღუპა ესპანელი ლუის სალომი.

"ღრმა მწუხარებით ვიტყობინებით SAG Team-ის გუნდის წევრის ლუის სალომის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი მეორე თავისუფალი პრაქტიკის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მოხდა", - გამოაცხადეს ორგანიზატორებმა.

მომხდარის შემდეგ, სალომი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ექიმებმა ვერ შეძლეს 24 წლის პილოტის გადარჩენა.

სალომს Moto3-ის კლასში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და იქ ცხრა ეტაპი მოიგო და 25-ჯერ ავიდა პოდიუმზე. 2012 წელს, ესპანელმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა,
2013 წელს - მესამე. Moto2-ის კლასში სალომის ანგარიშზე 41 რბოლა და სამი პოდიუმი იყო.

* * *
რაც შეეხება მოტოგრანპრის კლასში რბოლას, იქ პოულიდან სტარტი აიღო მარკ მარკესმა, მაგრამ მას ხორხე ლორენსომ გაუსწრო. მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ვალენტინო როსიმ, რომელმაც შემდეგ, მეორე ადგილიც წაართვა მარკესს.

ამასობაში, ჩემპიონატის ლიდერმა ლორენსომ ტემპი დაკარგა და მას ერთმანეთის მიყოლებით გაუსწრეს - როსიმ, მარკესმა და პედროსამ. იგივეს გაკეთება სურდა ანდრეა იანონეს, მაგრამ არ გამოუვიდა და უკნიდან შეეჯახა ლორენსოს. რბოლა ორივესთვის ნაადრევად დასრულდა.

გამარჯვებისთვის ბრძოლა როსისა და მარკესს შორის გაიმართა. ფინიშამდე სამი წრით ადრე, მარკესმა შეძლო ლიდერობის დაბრუნება, მაგრამ შემდეგ წრეზე ისევ წააგო დუელი ლეგენდარულ იტალიელთან, რომელმაც, საბოლოოდ, სეზონში მეორე ეტაპი მოიგო.

ლორენსოს გამოვარდნის შემდეგ, ჩემპიონატის ახალი ლიდერი მარკესი გახდა. შემდეგი რბოლა 19 ივნისს, ჰოლანდიაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული