ახევარფინალური მატჩის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დღეისთვის ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვან წყვილს (კერი უოლში/მისტი მეი-ტრენორი) ძალიან გაუჭირდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედ მოგება - ასაკი და ძველი ტრავმები მაინც თავისას შვრება. კერის ორი თვის შემდეგ 33 წელი შეუსრულდება, მისტი კი ერთი წლით უფროსია. წელს ამერიკელებს პარტნიორობის 10 წლისთავი აქვთ. საინტერესოა, რომ რომში ფინალი 47-ე იყო მათთვის FIVB-ის ეგიდით გამართულ 63 ტურნირში. თავიანთი ბოლო, რიგით 36-ე გამარჯვება
ფინალი სამსეტიანი გამოვიდა. პირველში ამერიკელებს არ გამოუვიდათ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ 7:5 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მათ ორჯერ ზედიზედ ოთხ-ოთხი ბურთი წააგეს და ბრაზილია წინ გავიდა - 13:8. მართალია, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა (15:16), მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს - 17:21. სამაგიეროდ, მეორე სეტში უოლშიმა და ტრენორმა გამოიყენეს მეტოქეთა ელემენტარული შეცდომები და უპრობლემოდ გაათანაბრეს ანგარიში - 21:13. მესამე სეტში ამერიკული დუეტი მუდმივად წინ იყო, მაგრამ 14:13-ზე მატჩბოლი ვერ გამოიყენა. მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა - ჟულიანას ორმა ბლოკის შემდეგ ანგარიში 16:14 გახადა და ოქროს მედალი ბრაზილიას დარჩა.
* * *
სავსებით ლოგიკური ჩანდა მამაკაცთა ფინალის შემადგენლობა. პლაჟის ფრენბურთში ოფიციალური ტურნირების 25-წლიან ისტორიაში ეს იყო 61-ე შემთხვევა, როცა ფინალში ურთიერთობას ბრაზილიური წყვილები არკვევდნენ. ამჯერად ოქრო მედლის გათამაშების პატივი ერგოთ ალისონი/ემანუელისა და მარსიო არაუჟო/რიკარდოს დეუტებს - ისინი შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს იკავებენ მსოფლიო რეიტინგში. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, კლასიფიკაციის ლიდერებმა, ამერიკელებმა ტოდ როჯერსმა და ფილ დალჰოსერმა მერვედფინალიდან შეწყვიტეს ბრძოლა.
პროგნოზი ემანუელისა და ალისონის მხარეს იყო. 38 წლის ემანუელი ქვიშაზე მოთამაშე ფრენბურთელებს შორის ყველაზე ტიტულოვანია: 209 ტურნირი, 1273 ჩატარებული მატჩი და 1027 მოგება. ეს უნიკალური შედეგია.
ემანუელი 36 წლის რიკარდოსთან ერთად 2004 წელს ათენის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ახლა ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ. ემანუელი ალისონთან ერთად მხოლოდ ორი წელია თამაშობს და შარშან მათ არც ერთი ტურნირი არ მოუგიათ. რაც შეეხება რიკარდოს, მას პარტნიორად 37 წლის მარსიო არაუჟო ჰყავს, რომელიც მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონია.
კაცების ფინალში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად პირველი სეტის ბოლოს გადაწყდა, როცა 16:16-ზე ალისონმა ზედიზედ 5 (!) ბლოკი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რიკარდომ და მისმა პარტნიორმა დროულად მოახერხეს გონს მოსვლა, მოედანზე კვლავინდებურად ალისონი დომინირებდა. 21:16, 21:15 - ალისონი და ემანუელი პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"