საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი უთავკაცებს

AutoSharing Option
2015 წლის იანვარში ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ყატარში გაიმართება.

მედლებისთვის პლანეტის 24 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. გადამწყვეტ რაუნდში მონაწილეობა განაღდებული აქვთ მასპინძლებსა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელებს.

შეჯიბრებაზე ევროპას 12 ადგილი აქვს გამოყოფილი (ესპანეთის გარდა). ჩემპიონატის სამ საგზურს 2014 წლის ევროპის პირველობის მედალოსნები მიიღებენ.

ამ შეჯიბრების დანარჩენი 12 მონაწილე და გერმანია, როგორც საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები, შესარჩევ ჯგუფებში 5 გამარჯვებულთან ერთად პლეი ოფში გავლენ. იქ კი ორმატჩიან სერიაში (შინ და გარეთ) გამოვლინდება ის 9 ნაკრები, რომელიც ყატარში გაემგზავრება.

2014 წლის
იანვარში კი, ევროპის ჩემპიონატში (დანია) ითამაშებენ: დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელორუსი, ჩერნოგორია და ესპანეთი.

ბებერი კონტინენტის დანარჩენი წარმომადგენლები ხუთ შესარჩევ ჯგუფში გაერთიანდნენ. I ჯგუფში, საქართველოსთან ერთად, პლეი ოფის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ ლიტვა, თურქეთი და ფინეთი.

II ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია;
III ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი;
IV ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია;
V ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი;

შესარჩევი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები კარგა ხანია შეუდგა მზადებას, ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე) გუნდის უკეთ გასაწვრთნელად სერბი სპეციალისტი ჯორჯე რასიჩი (მას ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე დაეხმარებიან) მოიწვია.

55 წლის რასიჩი მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია. 12 წლის განმავლობაში "მეტალოპლასტიკის" შემადგენლობაში შვიდჯერ იუგოსლავიის ჩემპიონი გახდა და ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი (1985, 1986 წწ.) მოიგო, სხვადასხვა დროს ფრანგულ "ლილსა" და ესპანურ კლუბებში ("ტეკა", "ავილესი", "პონტევედრა", "კანგასი") თამაშობდა.

- ჯორჯე რასიჩი იუგოსლავიის ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელი იყო. მერე სახელი გაითქვა, როგორც წარმატებულმა მწვრთნელმა, - გვითხრა ზურაბ კაკაბაძემ. - სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ "მეტალოპლასტიკა" (სერბეთი), "ბუდუჩნოსტი" (ჩერნოგორია), "ტატრანი" (სლოვაკეთი). ლიბანის "ალ სადთან" ერთად, 2010 წელს ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო და აზიის ჩემპიონთა ლიგაც. 1999 წელს მისი ხელმძღვანელობით სერბულმა "ნაპრედაკმა" ევროპულ "ჩელენჯ კაპში" გაიმარჯვა.

რასიჩმა წარმატებით იმუშავა რუმინულ, უნგრულ და ესპანურ კლუბებში. სულ მის ანგარიშზე 22 საკლუბო ჯილდოა.

- ნაკრებში მუშაობის გამოცდილება თუ აქვს?
- წლების განმავლობაში იუგოსლავიის გოგონათა ნაკრებს წვრთნიდა და მისმა შეგირდებმა 2001 წელს ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე მე-4 ადგილი დაიკავეს, სერბეთ-ჩერნოგორიის ჭაბუკთა ნაკრებმა კი მსგავს წარმატებას 2006 წელს ევროპის პირველობაზე მიაღწია.

- რასიჩმა საქართველოს ნაკრებთან პირველი ვარჯიშები უკვე ჩაატარა. კმაყოფილი ხართ?
- ნაყოფიერი წვრთნა იყო, ბიჭები კმაყოფილნი დარჩნენ, თუმცა გადაჭრით ჯერჯერობით რამის თქმა ნაადრევია. იგი 18 ოქტომბერს კვლავ ჩამოვა საქართველოში და უშუალოდ შესარჩევი ტურნირისთვის დაიწყებს მზადებას.

ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების კანდიდატებს (გიგა ტორონჯაძე, ილია გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი, ოთარ ამირანაშვილი, რატი მსხვილიძე, ლევან ბერძენიშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია, ზურაბ სიმონია, უჩა მაისურაძე, გიორგი გვაზავა) ლეგიონერები - შოთა თევზაძე, რევაზ ჭანტურია, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანიც დაემატებიან.

მართალია, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ წარმატების იმედიც გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის ის ერთადერთი საგზური მოვიპოვოთ. იქ კი ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული