რეკორდსმენი თბილისის სპორტის სასახლე და სახელბურთო ამბები

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა 3 ნოემბერს ოთხწლიანი "შესვენების" შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა თბილისის სპორტის სასახლეში საკუთარი მაყურებლების თვალწინ.

როგორც გაუწყეთ, ჩვენმა ბიჭებმა აღმავლობით ითამაშეს და ფინეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს - 26:19.

სუომელები სხვა დროსაც ყოფილან თბილისში, მაგრამ მაშინ მათ ქართველებმა სასპორტო კომპლექს "არენაზე" უმასპინძლეს.

ასპარეზობის წინა დღეს სავარჯიშოდ მოსულ ფინელებზე სპორტის სასახლეს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია და უკითხავთ, რამდენი გულშემატკივარი ეტევა ტრიბუნებზე და რამდენი ქომაგის მოსვლას ვარაუდობთო.

ეს არ ყოფილა შემთხვევითი. თითქოს სტუმრებს ტანმა უგრძნოო - მართალია, იმ დღეს სპორტის
სასახლე, როგორც სჩვევია, პირთამდე არ გადაჭედილა, მაგრამ ტრიბუნებზე სამი ათასამდე კაცმა მოიყარა თავი და აქტიური ქომაგობით ჩვენს ბიჭებს მატჩის მეორე ნახევარში გარდატეხის შეტანასა და გამარჯვებაში დაეხმარა.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდმა 3 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის იმდღევანდელ 10 საკვალიფიკაციო შეხვედრაზე მაყურებელთა ოფიციალური რაოდენობა დააფიქსირა: თბილისი - 3000, ბუქარესტი - 1800, ციურიხი - 1300, დობელე (ლატვია) - 1150, რიშონ ლეზიონი (ისრაელი) - 1000, სარაევო - 100, ათენი - 1000, ზაპოროჟიე - 800, ანკარა - 600, ნიქოზია - 300.

გვჯერა, რომ ამ შესარჩევ ციკლში ეს არ დარჩება სარეკორდო მაჩვენებლად - საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა და კვალში უდგას ლიდერ ლიტვის გუნდს, რომელმაც მეორე ტურში თურქეთს სტუმრად სძლია - 23:20.

სერბი სპეციალისტის - ჯორჯე რასიჩის ქართველი შეგირდები პირველი ჯგუფიდან პლეი ოფის ერთადერთი საგზურის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებენ. თან, შინ ორი შეხვედრა (თურქებთან და ლიტველებთან) აქვთ გასამართავი იანვარში. გვწამს, რომ სპორტის სასახლის ტრიბუნები იმ დღეებში მართლაც გადაიჭედება.

ამჟამად 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: ლიტვა - 4 ქულა, საქართველო - 2, ფინეთი - 2, თურქეთი - 0 ქულა.

2 იანვარს ითამაშებენ: ფინეთი-ლიტვა, თურქეთი-საქართველო.

II ტური
II ჯგუფი
კვიპროსი-იტალია 29:36
რუმინეთი-სლოვაკეთი 32:24
რუმინეთი - 4, სლოვაკეთი - 2, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.

III ჯგუფი
შვეიცარია-ლუქსემბურგი 32:23
უკრაინა-სლოვენია 32:28
უკრაინა - 4, შვეიცარია - 2, სლოვენია - 2, ლუქსემბურგი - 0 ქულა.

IV ჯგუფი
ისრაელი-ჰოლანდია 28:26
საბერძნეთი-ბელგია 31:25
ჰოლანდია - 2, ისრაელი - 2, საბერძნეთი - 2, ბელგია - 2 ქულა.

V ჯგუფი
ლატვია-ესტონეთი 35:25
ბოსნია-პორტუგალია 31:29
ლატვია - 4. ბოსნია - 4, პორტუგალია - 0, ესტონეთი - 0 ქულა.

ზემოთაც გითხარით, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო პაექრობას მხოლოდ ნაახალწლევს გამართავს.

მანამდე კი საქართველოში სახელბურთო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიურად გაგრძელდება. ნოემბერში ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურები აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში ჩატარდება, სარბიელზე ვიხილავთ ასაკობრივ პირველობებში მონაწილე გუნდებს.

ამჟამად კი ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით არის ჩამოსული ორი ნორვეგიელი სპეციალისტი, საერთაშორისო ექსპერტები - ბენტ დალი და იგორ შესტაკოვი.

დალი დუშეთში 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრებთან საწვრთნელ სემინარ-შეკრებას მართავს. იგი წლეულს უკვე მეორედ მუშაობს ჭაბუკებთან.

საქმე ის არის, რომ სწორედ ამ გუნდს უწევს თამაში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალსა და 2017 წლის 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ორივე ეს შეჯიბრება საქართველოში გაიმართება.

სასპორტო კომპლექს "არენაში" კი შესტაკოვი ქართველი მწვრთნელებისთვის წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს, რომლებიც 12 ნოემბრამდე გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული