თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!

AutoSharing Option
არაბები თავიანთ ეროვნულ სიამაყეს, არაბულ ცხენს, დოჰაში ძეგლს არ უდგამენ, ემირის სასახლის წინ ცოცხლად ჰყავთ წარმოდგენილი, თანაც მთელი რემა...

შაბათს პირველად გავედი ქალაქის ცენტრში. დოჰა - ყატარის დედაქალაქი, დიდი ხნის არ არის. ერთ პატარა, იმავე სახელწოდების პროვინციის ადგილზე 1963 წლიდან შენდება, მაგრამ მსოფლიოში თუ რაიმე არქიტექტურული სიახლე შექმნილა დღემდე, აქაც შეხვდებით - ცათამბჯენების, გნებავთ, "ტყუპების" ჩათვლით.

ქვეყნის და ხალხის ისტორია, ყოფა და ტრადიციები გადაიშლება თქვენ თვალწინ, როგორც კი ცენტრში ეგზოტიკურობით სახელგანთქმულ ბაზრობის სივრცეში მოხვდებით.

დაწყებით კი აქ ყველაფერი იწყება არაბეთის
ნახევარკუნძულზე ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში ხალხური სელექციით გამოყვანილი, ისტორიულად არაბი ხალხის სიამაყის, არაბული ჯიშის ცხენების დემონსტრირებით.

არა, სპეციალური სალონი ან გამოფენა არ იგულისხმება - ემირის სასახლის მოპირდაპირედ, ქუჩის მეორე მხარეს, მავთულით მსუბუქად შემოღობილ ვეებერთელა ღია მანეჟში, გამვლელთა თვალგასახარად, დასეირნობს ლურჯა, ქურანა, თაფლა, მაგრამ ჭარბობს ძირითადად ყველაზე უფრო თვალმისაზიდი, თუმცა - შედარებით იშვიათი - თეთრონი. იქვე ახლოს კი, ბაზრობაზე ნახავთ ნაირ-ნაირ ფრინველს და ცხოველს, რომლებსაც ადამიანები თავიანთ ჭერქვეშ ამყოფებენ.

ხალიჩები, ძველებური ნივთები და ტრადიციული სუვენირებიც რამდენიც გინდა. და კიდევ, კაფეები ღია ცისქვეშ, აქა-იქ სხედან გრძელ ყალიონს დაწაფებულნი, მათ შორის, ქალებიც.

შუადღეა... სპარსეთის ყურის სანაპირო, კამკამა წყალი, მგზავრების მეორე ნაპირზე გადაყვანის მსურველთა მომლოდინე კატერები. ადამიანები უმშვენიერეს სანაპიროზე დარბიან ან, უბრალოდ, მიაბიჯებენ რიტმში - ჯანმრთელობისთვის. დროდადრო ისინი პირდაპირ ქვაფენილზე ამოტვიფრულ (ჩვენში რომ საღებავითაა წარწერილი) ერთმანეთისგან ყოველი 100 მეტრით დაშორებული მანძილის მაჩვენებელს თვალს შეავლებენ, ტემპს და დისტანციას არეგულირებენ.

ველოსიპედით იშვიათად დადიან. არც არანაირი ტრენაჟორი თუ სხვა სავარჯიშო ინვენტარი, რითაც ასე განებივრებულები ვართ, ვთქვათ, კუს ტბაზე და ბევრგან თბილისის საცხოვრებელ უბნებშიც.

საღამოს სპორტულ დარბაზს ვუბრუნდებით. ვაჟ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა. დაძაბულობა თანდათან იმატებს, რაც უფრო მოკლდება გზა ფინალისკენ. ეს შეხვედრების შედეგებზეც აისახება,ზოგიერთ მატჩებში განსაკუთრებით.

მს. ჩემპიონატი
კაცები
ავსტრია-ყატარი 27:29
სლოვენია-მაკედონია 30:28
ხორვატია-ბრაზილია 26:25
ესპანეთი-ტუნისი 28:20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორი რობაქიძეს ცდილობს. რაც უდავოდ კარგია გოჩა მანველიძეს ჯობია ბევრით
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული